დიდი დიღმის მოსახლეობა სტადიონის წინააღმდეგ – “სასამართლოში 3 სარჩელი შევიტანეთ”

დიდი დიღმის მოსახლეობა სტადიონის წინააღმდეგ - "სასამართლოში 3 სარჩელი შევიტანეთ"თბილისში, დიდ დიღომში, “ასი ათასი მოწამის სახელობის პარკის გადასარჩენად” მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხბურთის ფედერაცია სტადიონის გაკეთებას გეგმავს, რასაც აქციაზე შეკრებილები ეწინააღმდეგებიან.

შეკრებილები ითხოვენ, რომ მოსახლეობას დაუტოვონ მწვანე სივრცე და მერიისგან არ დამტკიცდეს სტადიონის პროექტი.

“აქ შევიკრიბეთ უკვე რამდენჯერმე, რადგან ამ სარეკრეაციო ტერიტორიის გადარჩენას ვითხოვთ მთავრობისგან. როგორც კი დაიგეგმა ამ ტერიტორიის პროექტი ეს ტერიტორია იყო კოლექტიურ სარგებლობაში მოსახლეობის მხრიდან. ეს არის ერთადერთი ბუნებრივი გამწვანება, რომელსაც მოსახლეობა ვიყენებთ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ამ ტერიტორიაზე ვითხოვთ მწვანე სივრცეს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ფეხბურთის ფედერაციისთვის ამ ტერიტორიის გადაცემას. ჩვენ პროექტს არ ვეწინააღმდეგებით, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ადგილმდებარეობას. მოსახლეობას უნდა დაუტოვონ სარეკრეაციო სივრცეები, რომელიც უკვე ნელ-ნელა მცირდება.

სამი სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, რომლის განხილვაც არ დაწყებულა. მერიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ გვქონია. შეხვედრას ვითხოვდით მერთან. ჩვენ აქცია მერიასთანაც გვქონდა. ჩვენ ფიზიკურად აღუდგებით ყველა იმ მძიმე ტექნიკას, რომელიც აქ შემოვა”, – განაცხადა აქციის მონაწილემ ელენე მეჩიქოვამ.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ სტადიონის პროექტი არ შეჩერდება, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა.

იპნ