ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში.
ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს იყო – „კარგად ისწავლეთ“.
„ჩვენ სასტუმროში ვიყავით, დედა კი – საავადმყოფოში. ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: ხომ კარგად იქნები დედა? ცერა თითით მიგვანიშნა, კარგად ვარო. საუბარი უჭირდა, ვერც კი დაგველაპარაკა,“- ჰყვებიან ბიჭები.
ცივ, პატარა ქოხში ახლა მხოლოდ გარდაცვლილი მშობლების ფოტოები ხვდებათ. მარტოდ დარჩენილი ბავშვები დროებით დედის ძმამ შეიფარა.
ახლა სოფელ ახალშენში, „ოცნების ქალაქიდან“ საკმაოდ შორს ცხოვრობენ, ამიტომ სკოლაში მისასვლელად ერთი კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით, შემდეგ კი ავტობუსით მგზავრობენ.
დედის გარდაცვალების გამო ბავშვებს სოციალური შემწეობაც შეუჩერდათ. ასეთია კანონი, როცა ოჯახში რაიმე ცვლილებაა, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას აჩერებს. მინიმუმ სამი თვეა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებმა მიზერული სახელმწიფო დახმარება – 100 ლარი ისევ მიიღონ.
კახა და ანრი ბერიძეებს „ოცნების ქალაქში“ აქვთ ქოხი, რომელშიც წვიმა ჩადის.
„100 ლარი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა, არაფერში გყოფნის, მაგრამ რას ვიზამთ. საკვები სასადილოდან მოგვაქვს, ბიძაც გვეხმარება.
როცა მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო, ბიჭებს და დედას იმედი გაუჩნდათ.
„ბავშვივით უხაროდა დედას ეს ამბავი, ამბობდა, გავთბებით მაინცო. ცდილობდა რაღაც ახალი ნივთებიც შეეძინა, ახალ ბინაში გადავიტანთო… მაგრამ ვეღარ მოასწრო,“ – გვეუბნება კახა.
მოზარდები იმედოვნებენ, რომ კორპუსების დასრულების შემდეგ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს და ბინის გარეშე არ დარჩებიან. „თუ ბინის გარეშე დაგვტოვებენ, ეს არ იქნება სამართლიანი,“ – გვეუბნებიან ბიჭები.
„როცა შეშა არ გვაქვს, საწოლებში ვწვებით და ისე ვთბებით“, – ამბობენ მოზარდები.
ბიჭები ამბობენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ თითქმის აღარ თამაშობენ: „ზოგჯერ ტელეფონში ვთამაშობთ და ასე გაგვყავს დრო.“
დანარჩენ დროს კი გაკვეთილების მომზადებას უთმობენ, რადგან დედის ბოლო სურვილის ასრულებაზე ფიქრობენ.
________________________
მკითხველთა თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს.
კახა და ანრი ბერიძეების დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
სს საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598
მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
დანიშნულება: ქველმოქმედება – კახა და ანრის მხარდაჭერა
ბათუმელები

