ეკა კვესიტაძე – “ჩემი ქეთინო 1 კვირის წინ გარდაიცვალა კოვიდით. საშინელი ტანჯვა გამოიარა, აცრილი არ იყო”

ეკა კვესიტაძე - "ჩემი ქეთინო 1 კვირის წინ გარდაიცვალა კოვიდით. საშინელი ტანჯვა გამოიარა, აცრილი არ იყო"ეკა კვესიტაძემ ფეისბუქში დაწერა:

“არსებობს ისტორიები, რომლებიც ჩვენ საყვარელ ადამინებთან გვაკავშირებს. მაგრამ, ამ ისტორიებს შორის ყოველთვის არსებობს ერთი – ყველაზე გამორჩეული, რომელიც არასდროს ხუნდება, არც ფერს კარგავს, არც სუნს და არც სევდას. მეც მაქვს ერთი ასეთი ისტორია, ჩემს საყვარელ მამიდაშვილთან – ქეთინოსთან.
1997 წლის დეკემბრის მიწურული იყო, გერმანიაში ვარ – ჰანოვერის მატარებლების სადგურზე. მანჰაიმიდან ჰანოვერში სწრაფი მატარებლით ჩავედი. 20 წლის ვიყავი და ერთ წელზე მეტი მქონდა გატარებული გერმანიაში – ჩემს მომავალ გეგმებსაც გერმანიას ვუკავშირებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი. რადგან თვითმფრინავის ბილეთის ფული აღარ დამრჩა, მატარებლით ჰანოვერიდან მოსკოვში ჩასვლა გადავწვიტე – ვიცოდი, რომ ჩემი მამიდაშვილები იქ იყვნენ.

არ მახსოვს როგორ, მაგრამ რაღაცნაირად მივაწვდინე ხმა, რომ დეკემბრის რომელიღაც დღეს, რომელიღაც საათზე ჰანოვერიდან წამოსული მატარებელი მოსკოვის ბელარუსის ვაგზალზე ჩამოდგებოდა. იმ ბჟუტავი იმედით, რომ რუსეთის გაყინულ დედაქალაქში, სადაც წინა დღეების ინფორმაციით ყინვამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ვიღაც მაინც დამხვდებოდა, მატარებელში ავედი.

როგორც იქნა, მოსკოვში ჩავაღწიეთ. არასდროს დამავიწყებდა ის მომენტი, რომელიც ჩემს მოგონებაში შავ-თეთრ სურათად ჩაიბეჭდა – ბაქანზე ვდგავარ, უზარმაზარი ფიფქებით თოვს და ჩემი ჩემოდნის ნახევარი უკვე დაფარა.

მახსოვს, როგორ დავინახე ფიფქების ფარდის იქეთ ქალის სილუეტი, ქეთინო იყო. ხელში 4 მიხაკი ეჭირა, ერთი მიხაკი ყუნწში გადატეხილიყო და საცოდავად დაკონწიალებდა ჩქარი ნაბიჯით მომავალი ქალის ხელში. ამ, შავთეთრ სურათში ფერები მხოლოდ ამ მიხაკებს ჰქონდათ. ვიგრძენი, როგორ გამილღვა ძარღვებში სისხლი და ხელ-ფეხი როგორ ამიმოძრავდა. გავიქეცი, მთელი ძალით მოვეხვიე და საშინელი ხმით ავტირდი.
ქეთინო ზუსტად ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. კოვიდით. აცრილი არ იყო. ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ სიკვდილამდე საშინელი ტანჯვა გაიარა. არაფრის მოწოდებას არ ვაპირებ, რადგან უახლოეს ნათესავებთანაც კი დავმარცხდი.
Ketevan Goderdzishvili Bregvadze”