ეთო ხაბურზანია – “დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არავითარი სარგებელი არ მოუტანია”

ეთო ხაბურზანია - "დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არავითარი სარგებელი არ მოუტანია"სტუდენტი ეთო ხაბურზანია, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ფეისბუქზე განმარტავს, თუ რატომ არ უხარია ოქროს მედლის მიღება, რომელიც სკოლის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ გადასცეს:

“2.5 წლის წინ დავამთავრე სკოლა, მაგრამ დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არათუ ახლა, არამედ მაშინაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია.

ეს მედალი ამბობს, რომ ყველა საგანში თანაბრად “ნიჭიერი” ვარ და ყველაფერი “ათიანზე” ვიცი.  ეს ასე არ არის. რამდენიმე საგანში ჩემზე ბევრად კომპეტენტური და ნიჭიერი კლასელი მყავდა, მაგრამ იმათ ექვსიანი ჰქონდათ, მე ათიანი. ამ მემკვიდრეობითმა კარგმა მოსწავლეობამ ისე გამაზარმაცა, რომ აღარ მეკითხებოდნენ, აღარც ვსწავლობდი და ეს რამდენიმე მასწავლებელმა ვერც გაიგო, ან შეამჩნია და გაუგებარი მიზეზის გამო თვალი დახუჭა.
მე ჩემს სკოლას დღემდე ვერ ვპატიობ, ჩემ კლასელებს როგორც ექცეოდა, ზოგ მათგანს თავისუფლება რომ წაართვა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ მისცა.
ძალიან უნდა გაგიმართლოს მასწავლებელში, ადამიანი რომ უყვარდეს და ინდივიდის განვითარებისკენ იყოს მიმართული. კი, იმედის ნაპერწკალებიც არსებობენ, ასეთი სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მყავს და თითოეულმა იცის, როგორ ვაფასებ და რამხელა წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში.
ეს მედალი კი დღეს იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვება განათლების სისტემა ადამიანს, სად არ მინდა ჩემი შვილის მიყვანა, და რისი შეცვლა მინდა. ამაში მოსალოცი საერთოდ არაფერი მგონია.”
მშობლები