მანანა ბოლქვაძე – “4 წელია, იტალიაში ვარ, ერთად ვცხოვრობთ მე და ერთი ბებო…”

მანანა ბოლქვაძე - "4 წელია, იტალიაში ვარ, ერთად ვცხოვრობთ მე და ერთი ბებო..."ქობულეთელი მანანა ბოლქვაძე 2018 წელს წავიდა ემიგრაციაში. უკვე 4 წელია, იტალიაში ცხოვრობს.

„კვირა დღეს ვხვდებით ერთმანეთს ემიგრანტები“ 
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი დავამთავრე, საბაჟო-საგადასახადო, ბიზნესის მართვის მიმართულება. ვმუშაობდი ბათუმის მერიაში, ვეტერანთა დეპარტამენტში.

გაუქმდა ჩემი სამსახური, შემცირებაში მოვყევი და წამოვედი იტალიაში, ემიგრაციაში.

2018 წლის ივნისში წამოვედი, მალე 4 წელი გახდება, რაც ემიგრაციაში ვარ.

ვარ ძალიან კარგ ოჯახში, ერთად ვცხოვრობთ მე და ერთი ბებო, რომელიც ძალიან მიყვარს. როგორც ოჯახის წევრს, ისე მაფასებენ. ერთი შვილი ჰყავს ამ ქალს, ექიმი, ძალიან კარგი ადამიანია.

კვირაში ორ დღეს ვისვენებ, ხუთშაბათს – ორ საათს და მთელი კვირა დღე.

კვირა დღეს ფლორენციაში მყოფი ქართველები ერთმანეთს ძირითადად ერთ ადგილას  ვხვდებით. ვიკრიბებით, ყავას ვსვამთ, ამბებს ვუზიარებთ ერთმანეთს, წარსულზე ვსაუბრობთ, აწმყოსა და მომავალზე – ვინ რის გაკეთებას ვგეგმავთ.

„იტალიის ულამაზეს ქალაქში ვარ, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნა მაინც ძნელია“ 
ვარ იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ფლორენციაში. საუკეთესო გარემოა, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი არ არის. ემიგრაციაში ყოფნა მაინც რთულია.

საკუთარი ოჯახი არა მყავს. ოჯახში დავტოვე ჩემი და, დისშვილები და ნათესავები.

ჩემს ნათესავებს ჩემი დახმარება არ სჭირდებათ, არც არასდროს უთხოვიათ, ჩემი სურვილია, თუ მათ გავახარებ.

ყველაზე ძნელი ის იყო, როცა ემიგრაციაში წამოვედი, რომ ენა არ ვიცოდი. გესაუბრებიან და არ გესმის, მაგრამ ისე თუ ასე, ეს დავძლიე.

ემიგრაციაში პირველ რიგში უკეთ გავიცანი ადამიანები, ვისწავლე ვისთან როგორ უნდა ვიყო, რა გავაკეთო…

საქართველოდან იტალიას სხვაგვარად ვხედავდი, მეგონა უფრო თბილი ადამიანები იქნებოდნენ, კარგი ადამიანები არიან, მაგრამ საკმაოდ ცივი ხალხია, ჩემი აზრით.

ბათუმელები