კომპანია „მოდერნა“ აცხადებს, რომ ლაბორატორიული ტესტირების შედეგები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მისი ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ომიკრონი ვარიანტისგან დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ვაქცინის ამჟამინდელი ვერსია კვლავაც იქნება ომიკრონის წინააღმდეგ თავდაცვის პირველ ხაზზე. მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ გეგმავს ომიკრონისგან დასაცავად ვაქცინის შექმნას და იმედოვნებს, რომ მომავალი წლის დასაწყისში კლინიკურ კვლევებს დაიწყებს.
„მოდერნაში“ აღნიშნავენ, რომ მისი ვაქცინის ორდოზიანმა კურსმა ომიკრონი ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელი ანტისხეულების დაბალი დონე გამოიმუშავა, თუმცა 50 მიკროგრამის გამაძლიერებელმა დოზამ 37-ჯერ გაზარდა ანტისხეულების დონე, ხოლო 100 მიკროგრამის გამაძლიერებელი დოზის შემთხვევაში, ანტისხეულების დონე 80 – ჯერ გაიზარდა.

