„ყველაზე რთული იყო, რომ ჩემი შვილები დავტოვე და სხვის ბავშვებს ვუვლიდი“ – ზაირა წულუკიძე 

„ყველაზე რთული იყო, რომ ჩემი შვილები დავტოვე და სხვის ბავშვებს ვუვლიდი“ - ზაირა წულუკიძე „წამოსვლამდე დოლარი ვიყიდე, 100 დოლარში გადავიხადე 1500 ლირა. აღარაფერი არ რჩება. თურქეთში დარჩენა აღარ ღირს,“ – სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტი ზაირა წულუკიძე გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციიდან ისევ ემიგრაციაში მიდის – თურქეთიდან გერმანიაში.

ზაირა წულუკიძე 14 წელია სტამბოლში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ შემცირებულა მისი ხელფასი, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რყევების გამო, მაგრამ წელს ამ შემცირებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

„პირველად სამი თვით წავედით თურქეთში მე და ჩემი მეუღლე სამუშაოდ. გვეგონა სამ თვეში დავბრუნდებოდით. 14 წელი გავიდა. ისევ ემიგრანტები ვართ.

შვილებს აქ ტოვებ და შენ სხვის ოჯახში შედიხარ, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. პირველად როცა შვილები დავტოვე და წავედი, არ ვიცი ის რა იყო. სულ ვტიროდი. მე სხვის ბავშვებს ვუვლიდი, ჩემები, იმ ასაკის აქ მყავდა დატოვებული. როცა შვილებს დედა სჭირდებოდათ მე ემიგრანტად წავედი, გამოუვალი მდგომარეობის გამო. შვილებს მოწყვეტილი ვიყავი,“ – იხსენებს ზაირა.

ბათუმელები