კლუბები კვლავ იხურება

კლუბები კვლავ იხურება„კლუბებთან ერთად მივიღეთ უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება“, –  – ამის შესახებ განცხადებას კლუბი “ხიდი“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საკლუბო სექტორმა დახურვის გადაწყვეტილება გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღეს.

„ამაღამ კლუბში KHIDI ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას.

22 თვიანი უმძიმესი პაუზის შემდეგ, მხოლოდ სამი კვირის მანძილზე შევძელით მუშაობა, ისიც უდიდესი წნეხის ფონზე.

ამ სამი კვირის განმავლობაში ვიჩენდით მაღალ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით ვიცავდით გამკაცრებულ კარის პოლიტიკას, კლუბის სტუმრებისთვის უსაფრთხო სივრცეში მოსახვედრად.

ყველაფრის მიუხედავად, დანარჩენ კლუბებთან ერთად მივიღეთ უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება. კლუბების დახურვით გამოწვეული სიმძიმე პირველივე დღეებში იჩენს თავს და მძიმედ დააწვება ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტებს, სფეროს პროფესიონალებსა და რიგით თანამშრომლებს, რომელთაც კვლავ გაურკვეველი დროით წაერთმევათ შემოსავალი და განვითარების საშუალება.

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს კვირებში პიკს მიღწეული ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად დაიწყებს უკუსვლას და ჩვენ არაუგვიანეს მარტის დასაწყისისა კვლავ გავხსნით კლუბის კარს და აღარ დავკეტავთ“, – წერია განცხადებაში.