
ჩემგან პასუხად მიიღეთ გმირების პრეზენტაცია,
არა რაიმე მიგნება, არცა რა ინოვაცია,
სამამაცომა საქმემა პასკვილი ფუჭად აქცია,
ვიცი მე, ისა გამიგებს, ვინც სულით ერისკაცია.
ეს მოკლედ.
ახლა კი: გასული წლის 14 დეკემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა კრიტიკული წერილი „36-საფეხურიანი კურიოზი”, სადაც მისი ავტორი იოსებ ჭუმბურიძე ბრალს მდებს, ვითომ მე ვითხოვ, დიღომში ცხენზე მჯდარი აღმაშენებლის ძეგლს მიემატოს 36-საფეხურიანი კიბე და გადმოვიტანოთ ზოოპარკში, რაც სიცრუეა.
ჩემი იდეაა, გმირთა მოედანზე ან ზოოპარკის გადატანის შემთხვევაში, ზოოპარკის ტერიტორიაზე აღიმართოს ფეხზე მდგარი მეფეთმეფის 36-საფეხურიანი კიბის მემორიალი (ძეგლსა და მემორიალს შორის რომ დიდი განსხვავებაა, ცნობილია და პროფესორს არ უნდა ეშლებოდეს).
36-ვე საფეხური კი დამშვენდეს აღმაშენებლის ისტორიული მოღვაწეობის წარწერებით, მაგ.: 1-ლი საფეხური: 1089 წ. დავითის გამეფება – თავის თავს უკრძალავს, დატკბეს მეფური ცხოვრებით;
მე-2-ზე: 1090 წ. დაამკვიდრა სტილი “ღირსეულთა ამაღლებისა და უღირსთა დამდაბლებისა”;
32-ზე: 1121 წ. – დიდგორი – ძლევაი საკვირველი;
33-ზე: 1122 წ. – 400 წლის განმავლობაში მტრის ხელში მყოფი თბილისის განთავისუფლება და ა.შ.
ეს შთამბეჭდავი, გულგასახარი სიტყვები მემორიალის კიბეებზე რომ იყოს წარწერილი და ყველა ქართველმა კიბეზე ასვლით ფეხი დაადგას, თან ამოიკითხოს და შეძრას კიდეც, სასაცილოა?
ან თუნდაც ის, რომ ახლადარჩეულმა საქართველოს პრეზიდენტებმა ერთგულების ფიცი სწორედ აქ, გმირებთან, მემორიალზე დადონ.
ბატონ იოსებს აღიზიანებს ისიც, რომ წერილის ხელმომწერები არ არიან არქიტექტორები. რა შუაშია არქიტექტორი, როცა ჟღერდება იდეა, რომელსაც განხილვა სჭირდება და მოწონების შემთხვევაში არქიტექტორიც ეყოლება, მოქანდაკეც და დამფინანსებელიც.
ე.ი. ლადო ასათიანს რომ ავუსრულოთ თავის ლექსში ნანატრი:
„გთხოვთ, არ გაიგოთ სხვანაირი სახით
ეს გახუმრება და ეს ბარათი,
მე მინდა, თქვენთან დავიდგა ბინა
და მთაწმინდაზე დავრჩე მარადის”
და გადავასვენოთ მთაწმინდაზე, მესაფლავემ უნდა დააყენოს საკითხი?
მიზეზი თუ ესაა, საქვეყნოდ ვდებ პირობას, ლადოს გულისთვის მესაფლავეც გავხდები და ჩემი მარჯვენით, მარტოკა გავუჭრი საფლავს მთაწმინდაზე, ხარჯებსაც პირადად გავიღებ.
დიდი ლადოს მთაწმინდაზე გადასვენების საკითხი არაერთხელ მეც დამიყენებია (იხილეთ 2016 წ. 24 იანვრის “ასავალ-დასავალი”).
ბატონ ჭუმბურიძეს აღელვებს ისიც, რომ მერაბ ბერძენიშვილის ოჯახს არ შევუთანხმდი. როგორც მთელი ქვეყანა, ასევე მეც უდიდეს პატივს ვცემ ბატონ მერაბს არა იმიტომ, რომ მას ჩემზე საქებარი წერილი გამოუქვეყნებია (იხილეთ 2013 წლის 31 მაისის გაზ. “საქ. რესპ.”), არამედ იმიტომ, რომ დიდი მამულიშვილია; მაგრამ, რა შუაშია, ბატონო იოსებ, ეს ციტატა, როცა მე ვაჟღერებ სრულიად განსხვავებულ იდეას.
850 წლის რუსთაველს 850-სტრიქონიანი ლექსი მივუძღვენი – “ვაზის და 850 წლის რუსთაველის საუბარი”, ასევე “წუთისოფლის წიგნი” (იხ. ბიბლუსის მაღაზიებში) და ნებართვა პოეტების ოჯახებიდან უნდა მიმეღო?
დავძენ იმასაც, რასაც პატივცემული პროფესორი ირონიით აღნიშნავს, კახა კალაძე გაზეთებში გამოქვეყნებულ წერილებს ყურადღებას არ აქცევსო, მაშინ, როცა ბატონი კახას გამოსვლებს ტელევიზიით სიამაყით ვისმენთ, ყოველ კარგ იდეას თბილისის მერია მხარს უჭერსო.
მაგალითად, მისი ინიციატივით თბილისში 9 ახალი პარკი რომ შენდება და ერთ-ერთი რუსთაველის აფორიზმებით, სტრიქონებით, “ვეფხისტყაოსნის” გმირების სურათებითა და იმდროინდელი ეპიზოდები ორიგინალური ოსტატობით რომ დამშვენდეს (ვგულისხმობ ოქროს ხანის თვალმარგალიტიან ფაქტებსაც) (შემიძლია წარმოგიდგინოთ ესკიზი/მაკეტი) და მას „ვეფხისტყაოსნის” პარკი (ბაღი) ეწოდოს, სასაცილოა?? სადაც ეროვნული სულის ისეთი სამყარო შეიქმნება, რომ შეიძლება, ღია ცის ქვეშ “ვეფხისტყაოსნის” მუზეუმადაც იქცეს. და ეს პრესით რომ გაიგოს ბუნებით რეფორმატორმა დედაქალაქის თავკაცმა და საზოგადოებამ, კურიოზია??
შეუპოვარო პროფესორო, ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, ინიციატივის გამოჩენისას სიბოროტით ვის რა შარი მოვდოთ, არამედ დევიზად უნდა ვაქციოთ: ტკბილი სამშობლო ამქვეყნად სიყვარულითა შენდება.
ენერგიის მთელი მარაგი უნდა დავხარჯოთ სამშობლოს აყვავებაში, პირიქით კი ხშირად იმიტომ ხდება, რომ ცილისწამებისთვის არავინ ისჯება.
იდეა თუ დახვეწას მოითხოვს, მისი ასპარეზისთვის დამატებითი გზები უნდა მოვნახოთ და არა გესლიანი დაცინვის ფანდები.
პატივცემულო მკითხველო, თუ ვიმსახურებ ნდობას და მეთანხმებით, დედაქალაქში უნდა იდგეს იმ დიდი, ბრწყინვალე კაცის მემორიალი იმდენივე კიბის საფეხურით (სიმბოლურად), რამდენი წელიც მან საქართველოს შესწირა და თბილისი გადაგვარებისგან გადაარჩინა. უმორჩილესად გთხოვთ, გემუდარებით, გამოხატეთ თქვენი აზრი.
თამაზ ქვლივიძე
საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი, ღირსებისა და არაერთი ოქროს მედლის მფლობელი, 38 გამოგონების, 8 წიგნის, მრავალი გამოქვეყნებული სტატიისა და იდეის ავტორი
ტელ. 599 104 318
p.s. მასალაში წარმოდგენილი აღმაშენებლის მემორიალის ფოტო იდეის დონეზეა

