თეა გოდოლაძე – “საქართველოში დღეში რამდენიმე მიწისძვრა ხდება”

თეა გოდოლაძე - "საქართველოში დღეში რამდენიმე მიწისძვრა ხდება"გახშირდა, თუ არა მიწისძვრები საქართველოში –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი ბუნებრივ მოვლენებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.

როგორც თეა გოდოლაძე “რუსთავი 2”-თან საუბრისას განმარტა, მიწისძვრები საქართველოში ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია, რისი მიზეზიც საქართველოს მდებარეობაა – ქვეყანა ტექტონიკურად აქტიურ ზონაშია მოქცეული.

როგორც გოდოლაძე აღნიშნავს, საქართველოში არათუ ბოლო პერიოდში, არამედ დღის მანძილზე რამდენიმე მიწისძვრა ხდება, რაც ნორმალურია, რადგან სტიქიის ბიძგები დაბალი მაგნიტუდის სიმძლავრისაა და ამაში საგანგაშო არაფერია.

ხოლო რაც შეეხება ბოლო დროს მიწისძვრების შესახებ ინფორმაციის აქტიურ გავრცელებას, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ დღევანდელისგან განსხვავებით, ადრე მიწისძვრების აღრიცხვა არ ხდებოდა.

“არანაირად არ არის გახშირებული, ჩვეულებრივი პროცესია, გახშირებული რომ იყოს, ვიტყოდით. თქვენ იგებთ ძალიან ცოტას მომხდარი მიწისძვრების შესახებ. დაბალი მაგნიტუდის მიწისძვრები დღეში ხდება რამდენიმე საქართველოში, ანუ, ჩვენ არ ვუყურებთ ამ საკითხს ასე, რომ – გახშირდა მიწისძვრები. სულ რომ არ ხდება და მერე დიდი მოხდება, ეს უფრო პრობლემაა, ვიდრე რომ იყოს ფონური მიწისძვრები.

მიწისძვრები ამ ქვეყანაში მოხდება, რადგან ტექტონიკურად აქტიურ ზონაში ვართ. როგორც წვიმა მოდის ხოლმე, როგორც ქარია, ისე იქნება მიწისძვრები.

ეს არის გუნდური მიწისძვრების კლასი, რომელიც ხდება ხოლმე, ძირითადად ჯავახეთის რეგიონში. ახლა აღრიცხვა მიდის ამ პროცესის, ადრე არ ხდებოდა.

ეს მცირე მიწისძვრები მეწყერსაშიშ ზონებზე გავლენას არ ახდენს. დიდი მიწისძვრა მეწყრულ ტერიტორიაზე რა თქმა უნდა, დაძრავ მეწყრულ პროცესს,” – ამბობს თეა გოდოლაძე.

რუსთავი 2