5 მოსამართლე სასამართლოების კანონში ცვლილებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

5 მოსამართლე სასამართლოების კანონში ცვლილებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს5 მოქმედი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს პარლამენტის მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში მიღებულ ცვლილებებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია, მისი ავტორები – ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია არიან.

საჩივრის ავტორები წერენ, რომ მიღებული ცვლილებები აჩენს განცდას, რომ მიზანი არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, “ურჩ” მოსამართლეებზე გავლენის მოხდენაა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მათი კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებები არ არის უზრუნველყოფილი და შესაძლებელია დაირღვეს ნებისმიერ დროს, რადგან გასაჩივრებული ნორმები საერთოდ არ ითვალისწინებს მოსამართლის ნებას და ეფექტურ ჩართულობას მის მიმართ გადაწყვეტილები მიღების პროცესში.

მოსამართლეები ამბობენ, რომ გასაჩივრებული ნორმებით საერთოდ არ არის გათვალისწინებული მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები, პირობები და წესი, რაც შესაძლებელს ხდის, ნების გარეშე მივლინებას დაექვემდებაროს ნებისმიერი მოსამართლე პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთაგან.

სადავოა დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები და მათი კონსტიტუციურობა – მოსამართლეები ამბობენ, რომ არსებობს კონსტიტუციით დაცულ უფლებებში ჩარევის შესაძლებლობა.

“მოსარჩელეები მიიჩნევენ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის საკანონმდებლო განუსაზღვრელობის პირობებში მოსამართლის გამოხატვის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევით. გასაჩივრებული ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა, თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდე ან ფოტო გამოხატვა, ასევე მოწყვლადი, თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა. გასაჩივრებული ნორმები უკვე მოქმედებს, შესაბამისად, მოსარჩელეთა გამოხატვის უფლება უკვე შეზღუდულია. ის გარემოება, რომ გამოხატვის უფლების დარღვევის საფუძვლით არ არის დაწყებული დისციპლინური ან სხვა პროცედურები, არ ნიშნავს, რომ თავად უფლება არ არის შეზღუდული”, – წერია სარჩელში.
მოსამართლეები მანამდე პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში იყვნენ. მათ განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე შეექმნებოდა.

აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოუწოდებდნენ, თუმცა ზურაბიშვილმა მას ხელი მოაწერა.

მთავარი