„მოკითხვა გადაეცით ჩემს საქართველოს” – დაგვაბარა ნიუ იორკში სამრეცხაოში გაცნობილმა ქართველმა ქალმა“ – ნანა აკობიძე

„მოკითხვა გადაეცით ჩემს საქართველოს" - დაგვაბარა ნიუ იორკში სამრეცხაოში გაცნობილმა ქართველმა ქალმა“ - ნანა აკობიძე„მოკითხვა გადაეცით ჩემს საქართველოს” – დაგვაბარა ნიუ იორკში სამრეცხაოში გაცნობილმა ქართველმა ქალმა.
„ტირის”- მეგობარმა მიჩურჩულა. დავეწიე და ჩავეხუტე – მეტი ვერაფერი. ტიროდა, სარეცხის ჩანთა იატაკზე დადო და ცხვირსახოცი ამოიღო, გახამებული, ბოლოებმოქარგული ნამდვილი ცხვირსახოცი. ცრემლები მოიწმინდა და წავიდა – წითელკაბიანი, ცისფერთვალება, მოტეხილი, ოდესღაც ლამაზი ქართველი ქალი.
მანამდე, სარეცხის მოლოდინში, ჩვენი საუბარი გაიგონა და მოვიდა, გამოგველაპარაკა.
“მალე მივდივართ, მერე ისევ ჩამოვალთ”- მეთქი და ამოიოხრა: “რა ბედნიერები ხართ, რომ შეგიძლიათ წასვლა-წამოსვლა. 29 წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ. 22 წელი რუსეთში ვიცხოვრე, 7-იც აქ, შვილი მოსკოვში დარჩა. საქართველოში აღარავინ მყავს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ დავბრუნდე და სიბერე იქ გავატაროო”.
“მეტი რაღა სიბერე, ქალბატონო, რაღა სიბერე”,- გავიფიქრე ჩემთვის. 70 წლამდე იყო, შესაძლოა, მეტისაც. აშკარად აფხაზეთიდან იყო – ასეთი ფერის თვალები და სახის კანი აფხაზეთის ქართველებს აქვთ – აქცენტიც და ხელით შეკერილ სარაფნებსაც ასეთებს იცვამდნენ იქაური ქალები. მოერიდა საუბრის გაბმა – ხელი რომ არ შეეშალა და მიუბრუნდა თავის სარეცხს- დაძარღვული, თხელი ხელებით ალაგებდა კალათიდან სიძველისგან გახუნებულ, მაგრამ ლამაზ, ფრიალა სარაფნებს, მოჩითულ თეთრეულს, მაგიდის მოქარგულ გადასაფარებლებს – ისეთ პეწიანებს, აშკარად რომ საქართველოდან გაიყოლა ოდესღაც.
წავიდა და დაგვიტოვა ცრემლით ნათქვამი “მოკითხვა გადაეცით ჩემს საქართველოს” (ძველი და ახალი ემიგრაციის უცვლელი ფრაზა).
მოვდივარ და ვფიქრობ: ნეტა რომელ საქართველოს გულისხმობდა, რომელია მისი საქართველო, 29 წლის წინ რომ დატოვა, ნაომარ-ნაგვემი, მაგრამ მაინც სამშობლოსსუნიანი, თუ ახლანდელი: დაპირისპირებული, ერთი საერთო იდეის ირგვლივ ვერგაერთიანებული, ნაც-ქოცებად და ალტინფო-ცრუინფოებად დაქუცმაცებული.. როგორია მის წარმოსახვაში მისი უკვე დამდგარი, მაგრამ ჯიუტად შორსგადაწეული სიბერის გასატარებელი სამოთხე?
და მაინც – როგორიც არ უნდა იყო, მოკითხვას გადმოგცემ, საქართველო, წითელსარაფნიანი, ზღვისფერთვალა ლამაზი ქალისგან, რომელსაც შენს გაგონებაზე ეტირება და არ იცის, ან არ უნდა, დაიჯეროს, რომ მისი დანატრული საქართველოდან ესღა დარჩი: ერთი დიდი, მწარე კურცხალი…“