„ჩინეთში საავადმყოფო 9 დღეში აშენდა და ეს მელიქიშვილის გამზირი რა გახდა“ – თეა გვასალია

„ჩინეთში საავადმყოფო 9 დღეში აშენდა და ეს მელიქიშვილის გამზირი რა გახდა“ – თეა გვასალიათეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:

„2020 წელს ჩინეთში 1.000 საწოლიანი, 25.000 კვ.მეტრის საავადმყოფო 9 დღეში აშენდა და ეს მელიქიშვილის გამზირი, თავისი ია-ვარდით და ბზით, რა გახდა ასეთი, ზაფხულის სამი თვე რომ არ ეყოთ და თან გვპირდებიან, ცალ მხარეს რომ გავხსნით, ბარემ მეორე მხარეს, კოსტავაზე ჩასასვლელს გადავკეტავთ და გადავთხრითო.

ოთხ საათზე გავედი დოლიძიდან, იმდენი ხანი ვიდექი ვარაზისხევის მისადგომებთან, რომ ზემოთ, შუქნიშანთან მისულს უკვე აღარ მახსოვდა სად მივდიოდი, მანქანამ თავისით ამიყვანა ბარნოვზე, სადაც ბავშვი მიცდიდა და ოთხზე სახლიდან გასული, შვიდის 15 წუთზე დავბრუნდი სმოგით სავსე ფილტვებით, დაგლეჯილი ნერვებით და მშობლიური ენის უცენზურო სიტყვათა მარაგი რომ ამოვწურე და მეცოტავა, კიდევ ორ ენაზე გავუგზავნე მოკითხვა ყველას, ვინც ასეთი ჯოჯოხეთი მოგვიწყო.

გზა რომ ჩვენთვის კეთდება და უნდა მოვითმინოთ მე კი ვიცი და მაქსიმალურად ვცდილობ ცხვირი არ გავყო გარეთ, მაგრამ გმირთა მოედნის ესტაკადაზე გაჩხერილი სასწრაფო დახმარების მანქანა რომ ამაოდ იხვეწებოდა სირენის კივილით გზის დათმობას და მანქანები ერთი სანტიმეტრით ვერ იწეოდნენ ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ, აი იმ ავადმყოფის ცოდვამ უნდა გიწიოთ ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ქალაქში ასეთი კოლაფსის მოწყობას გაგებით უნდა მოვეკიდოთ…”