სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად სომხურ მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის”, – დასძინა პრემიერმა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით კი სომხეთის არმიის დანაკარგები 150-200 ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა მიმართულებით – სოტკში, ვარდენისში, გორისში, კაპანში, არტანიშში და იშხანასარში.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმები ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც. სომხეთის მთავრობამ უკვე მიმართა რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს უშიშროების საბჭოს.