„2023 წლიდან იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების გასაცემელი, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, საჯარო მოხელეების ხელფასები…”

„2023 წლიდან იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების გასაცემელი, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, საჯარო მოხელეების ხელფასები..."სოციალურად დაუცველი ბავშვების გასაცემლის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამისა და დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების გაზრდის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ სიახლეებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია საუბრობს.
– როგორც პრემიერმა დააანონსა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების გასაცემელი 150 ლარიდან 200 ლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები 2022 წლის ივნისიდან უკვე გაზრდილ, 150-ლარიან გასაცემელს იღებენ. მაშინ, ბავშვებისათვის გასაცემი თანხის გარდა, ასევე გაიზარდა ის ქულა, რომლითაც კრიტერიუმები შეიცვალა და მეტ ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, მიიღოს მეტი დახმარება. ეს არის ის დანამატი, სტანდარტულ-სოციალურ დახმარებასთან ერთად, რაც ამ ბავშვებისა და მათი ოჯახის სხვა წევრებისთვის გაიცემა.
ზოგადად, მიგვაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის ამ გასაცემელს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს თანხა კონკრეტულად ბავშვის საჭიროებებისკენ არის მიმართული. როდესაც სიღარიბის დაძლევაზეა საუბარი, ბავშვთა სიღარიბე ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სტანდარტული სიღარიბის მაჩვენებელი, რადგან ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. შესაბამისად, სოციალური დახმარების სამიზნეები სწორედ ბავშვები და ბავშვიანი ოჯახები არიან, – აღნიშნა ბარკალაიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ზრდა არის მნიშვნელოვანი.
– დეკრეტული შვებულება, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ქალს შესთავაზოს ანაზღაურებადი დეკრეტი ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის პერიოდში. შრომის კოდექსით, დეკრეტული შვებულება, 6 თვის განმავლობაში იყო ანაზღაურებადი, ოდენობა კი გახლდათ – არაუმეტეს 1.000 ლარისა. ახლა თანხა გაორმაგდა და 2.000 ლარამდე გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უფლებრივი თვალსაზრისით – ქალს, რომელიც მშობიარობს, სჭირდება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა.
აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი სიახლე – მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგებს საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვთ, მათი დეკრეტული ანაზღაურება, 6 თვის განმავლობაში, 100 %-იანი ხელფასის ოდენობით განისაზღვრა. ესეც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა – განათლების სექტორის განვითარება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ პროფესიაში წახალისება, ვფიქრობთ, აუცილებელია” – აცხადებს თამილა ბარკალაია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პრემიერის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, 30 ათასამდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა. როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით 70.000 ადამიანი დაინტერესდა.
რას ითვალისწინებს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და რა მიმართულებებია პრიორიტეტული ქვეყნისთვის.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ ბიუჯეტი წლის დასაწყისში არსებულ მოლოდინებთან შედარებით გაზრდილია, რაც მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.
– უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ 2023 წლის ბიუჯეტი, წლის დასაწყისის მოლოდინებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ მაღალ ზრდასა და დამატებით შემოსავლებთან, რაც ბიუჯეტმა მიიღო. დაკორექტირებული ბიუჯეტი უკვე შევა პარლამენტში განსახილველად და გვეცოდინება დეტალურად ყველა დაფინანსება, რაც პრემიერმა დააანონსა მთავრობის სხდომაზე.
მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის ბიუჯეტში თავიდანვე იყო განსაზღვრული საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა, რასაც ასევე ემატება პედაგოგების და ბაგა-ბაღების მასწავლებლების ხელფასების ზრდაც, ძალოვანი უწყებების დაფინანსების ზრდაც მნიშვნელოვანია ამ კუთხით და ამ ყველაფერს დაემატა ახალი მიმართულებები, რისი საშუალებაც გაზრდილმა, დაკორექტირებულმა ბიუჯეტმა მოგვცა. ეს არის ბოლო ორ წელიწადში სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ოთხმაგი ზრდა, იყო 50 ლარი და 200 ლარი ხდება. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია დეკრეტული შვებულების დაფინანსების გაზრდა ბიუჯეტიდან, ესეც ორმაგდება – 1000 ლარი იყო და 2000 ხდება. ეს დემოგრაფიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც არ იყო გაწერილი თავდაპირველ ბიუჯეტის პროექტში, ეს არის წამლები და მათი რეფერენტული ფასები. რეალურად ეს დაიწყო მაშინ, როდესაც თურქეთიდან შემოვიდა მედიკამენტები, რამაც მნიშვნელოვნად დასწია ფასები 60%-ით, ზოგ შემთხვევაში 80%-ით. საუბარია ქრონიკული დაავადებების წამლებზე, რაც ძალიან ძვირი იყო და ადამიანებს მათი ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რადგან საკუთარი ჯიბიდან უწევდათ გადახდა. რეფერენტული ფასების რეფორმა კი კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ამ ფასებს. რეფერენტული ფასების რეფორმას გარკვეული კრიტიკა გამოუჩნდა, რომ თითქოს ეს ზედმეტი ხარჯია ბიუჯეტისთვის და რომ სახელმწიფო არ უნდა აკეთებდეს ამას. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრმა თითქმის ყველა სახელმწიფომ დანერგა ეს რეფორმა, რაც გულისხმობს, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულ ერთსა და იმავე მედიკამენტზე საშუალო ფასის განსაზღვრას, ანუ იმ ზღვარს, რომლის ზემოთაც წამლის ფასი არ ავა. – თქვა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომისტი ხაზგასმით აღნიშნავს დასაქმების პროგრამის მნიშვნელობასაც, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
– არანაკლებ საყურადღებოა დასაქმების პროგრამაც.
ის ყველა პროექტი, რაც არის გაწერილი ბიუჯეტში, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით – ახალი სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა, გზების და ა.შ. მოითხოვს შესაბამის მუშახელს. პრობლემა არის ის, რომ, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ადამიანების ნაწილი, ვინც პოტენციურ სამუშაო ძალას წარმოადგენს, გადის ქვეყნიდან. გადიან პირობითად უფრო მაღალი ანაზღაურების იმედად, რაც ხშირად არის ცოტა ილუზორული, რადგანაც ხშირად ეს ადამიანები იმედგაცრუებულები უკან ბრუნდებიან. ქვეყანაში გვაქვს პოზიტიური ტრენდი, რომ უმუშევრობაც შემცირებულია ისტორიულ მინიმუმამდე, გაზრდილია დასაქმება, მიუხედავად ადამიანების გადინებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამუშაო ძალაა გაზრდილი, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა არის გაზრდილი, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს. ამის მიუხედავად, აუცილებელია, რომ ის გადინება, რაც დღეს ხდება, ვგულისხმობ სამუშაო ძალის თვალსაზრისით, შეჩერდეს, შენელდეს, განსაკუთრებით – იმ ფონზე, რომ მათ დღეს ექნებათ გაცილებით მაღალი და მეტი შეთავაზება, ვიდრე ეს ჰქონდათ გუშინ და გუშინწინ. ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდის ბუნებრივი თანმდევი პროცესი, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომისტ სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
– საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, იმედია წელსაც ასე იქნება, ინფლაცია, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ ინფლაციის ტემპთან შედარებით, რეალური შემოსავლების ზრდა უფრო თვალსაჩინო და მაღალია. მაგალითისთვის ერთს გეტყვით, ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე, იზრდება დასაქმების მაჩვენებელი და იზრდება საშუალო ხელფასი.
– ბატონო სოსო, ყველაზე მეტად რა სფეროში გაიზარდა დასაქმება?
– დასაქმება მეტ-ნაკლებად ყველა სფეროშია გაზრდილი. იმიტომ, რომ ეკონომიკური აქტიურობა პირდაპირ უკავშირდება დასაქმების ზრდას. არსებობს კორელაცია ეკონომიკის ზრდის რამდენ პროცენტს უკავშირდება დასაქმების ან უმუშევრობის 1%-ით შემცირება. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, თანაც ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში, ეს თვალსაჩინოა. იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდმა სერიოზული დარტყმა მიაყენა მომსახურების სფეროს, სატრანსპორტო, სარესტორნო ბიზნესს, სასტუმროებს და ტურიზმს ზოგადად, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სფეროში აღდგენითი პროცესები უფრო დინამიურად ხორციელდება. ასევე გაუმჯობესების სტადიაშია სამშენებლო სექტორი. ასევე ტექნოლოგიური მიმართულება. ფაქტიურად ყველა დარგში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მეშინია, რომელიმე არ გამომრჩეს.
– მედიკამენტების გაიაფებამ სერიოზული შვება მისცა მოსახლეობასო. საუბარია თურქულ მედიკამენტებზე. ხარისხთან დაკავშირებით ზოგ შემთხვევაში არის უკმაყოფილება, თუმცა ფასში სხვაობა საკმაოდ სერიოზულია.
– აქ ორი მომენტია, ერთი, გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები, რომელიც გაზრდილ ეკონომიკას ეფუძნება. ეს ორ ასპექტში ვლინდება, ერთია წმინდა მონეტარული სახით, როდესაც ვუზრდით პენსიას, ხელფასს, დახმარებას, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს და მეორეა არამონეტარული ფორმით, როდესაც ჩვენ გარკვეულ პირობებს ვქმნით, რომელსაც სარგებლობის მასშტაბი გაცილებით მეტი აქვს. ადამიანს სჭირდება თუ არ სჭირდება დახმარება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ როდესაც წამალი იაფდება, ამით მთელი საზოგადოება მოგებული რჩება. მე მეტსაც გეტყვით, თუ მაკროეკონომიკას დავუბრუნდებით, ბიუჯეტის ზრდის ყოველი ერთი ლარიდან, სოციალური დანიშნულების ხაზით უკვე დაახლოებით 70 თეთრი იხარჯება. მაშინ როცა, 2012 წლამდე, ეს პროცენტი მხოლოდ 32%-ს შეადგენდა. წინსვლა აშკარად გვაქვს და შედეგებზეც აისახება.