კახაბერ ადამია – „შევარდნაძესაც არ უკადრია ის სილაჩრე, რასაც ესენი კადრულობენ…“

კახაბერ ადამია - „შევარდნაძესაც არ უკადრია ის სილაჩრე, რასაც ესენი კადრულობენ...“ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან კონტექსტში, საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებს:

„დღსე გავიგე, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – 58 კილოგრამს იწონის…
წარმოვიდგინე რა შემზარავი სანახავია მისი ასეთი მდგომარეობა და ეროვნულ გვარდიაში, ჩვენი ერთი თანამებრძოლის ისტორია გამახსენდა… ამბავი რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიის ბევრ მოვლენას უკავშირდება და რომლის უშუალო მოწმე და მონაწილეც ვარ…
დავიწყებ ცოტა შორიდან…
1992 წელს, თბილისში კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ,,მხედრიონი“ და შევარდნაძის მიერ მართული პუტჩისტური ბანდფორმირებები სამეგრელოს შემოესია. მათი მიზანი, ამ რეგიონში კანონიერი, ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერთა განეიტრალება და გამსახურდიას ერთგულებისათვის, რეგიონის მოსახლეობის სასტიკად დასჯა გახლდათ…
აპატიმრებდნენ და კლავდნენ გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ და ყაჩაღური თავდასხმების დროს ხოცავდნენ უბრალო მოსახლეობასაც…
გამსახურდიას ერთგული ეროვნული გვარდიის მებრძოლები, რომლებსაც საქართველოდან გამსახურდიას განდევნის შემდეგაც იარაღი არ დაუყრიათ, საქართველოს ყველა კუთხიდან სამეგრელოში ჩამოვიდნენ და პარტიზანულად მოქმედ, ეროვნული გვარდიის ადგილობრივ დანაყოფებს შეუერთდნენ…
1992-93 წლებში, ძალიან ბევრი ბრძოლა და შეტაკება მოხდა სამეგრელოს, იმერეთის და გურიის ტერიტორიაზე, ეროვნული ხელისუფლების მომხრე გვარდიასა და პუტჩისტურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც თავს ,,სახელმწიფო ჯარებს,“ უწოდებდნენ. 1992 წლის აგვისტოში, შევარდნაძის რეჟიმმა, პარალელურად აფხაზეთში სპეცოპერაცია დაიწყო, რომლის რეალური მიზანიც, ასევე აფხაზეთში მოკალათებული და შევარდნაძის რეჟიმისთვის იმ დროისათვის ხელმიუწვდომელი გამსახურდიას მომხრეების განეიტრალება იყო… და რომელიც რუსეთის იმპერიალუსტურმა ძალებმა საქართველოს ტერიტორიის მიტაცებისათვის გამოიყენეს და ეთნოკონფლიქტში გადაზარდეს… ამ მოვლენების მერე, გამსახურდიას მხარდამჭერი გვარდია იძულებული გახდა, რომ ხშირ შემთხვევაში ორ ფრონტზე ერთდროულად ებრძოლა… იძულებული ვიყავით ხან სამეგრელოში დაგვეცვა თავი შევარდნაძის ბანდებისაგან და მათ წინააღმდეგ გვეომა… და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ზოგჯერ მათთან ერთადაც გვიწევდა ბრძოლა რუსულ-აფხაზური ფორმირებების წინააღმდეგ, როგორც მაგალითად, ტამიშის ოპერაციის დროს მოხდა… და ვინც დღეს იძახის, რომ ზვიადისტებს აფხაზეთში არ უომიათ და მათ აფხაზეთში გამარჯვება არ აინტერესებდათ, ის იმ მოღალატეთა ჯგუფს განეკუთვნება, ვინც ეროვნული ხელისუფლებაც გაყიდა და აფხაზეთიც… ყველაზე კარგად სოხუმელმა მეომრებმა (რომელთა უმეტესიბაც თავად უჭერდა გამსახურდიას მხარს) იციან, იბრძოდნენ თუ არა ეროვნული ხელისუფლების მომხრეები შრომაში, ცუგუროვკაში და სოხუმთან განლაგებულ სხვა სტრატეგიულ ადგილებზე… შევარდნაძის რეჟიმი კი, თან ჩვენს ოჯახებს აწიოკებდა, გვესროდა, გვკლავდა, გვძარცვავდა… და თან აფხაზეთში მისივე გამყიდველური პოლიტიკისა კრახზე და წაგებულ ომზე გვაკისრებდა პასუხისმეგბლობას…
ეს რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ შეფასებებს იმ დროინდელი მოვლენების… ახლა კი იმ ისტორიას დავუბრუნდეთ, რომლის მოყოლასაც ვაპირებ…
1992 წელს, ეროვნული ხელისუფლების მომხრეების მიერ, შევარდნაძის ბანდების წინააღმდეგ გამართული ერთერთი ოპერაციის ფარგლებში, ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა, სენაკი ჩხოროწყუს გზაზე ტყვედ აიყვანეს ,,სახელმწიფო რწმუნებულად“, წოდებული, ედუარდ შევარდნაძის პირადი წარმომადგენელი – სანდრო კავსაძე… ოპერაციის ჩატარების დროს დაიღუპა კავსაძის თანმხლები ერთერთი პირი, ჩხოროწყუში შევარდნაძის რწმუნებული, თუ სწორად მახსოვს გვარად – გოგუა… თავად სანდრო კავსაძე, გამსახურდიას მხარდამჭერებმა, მოლაპარაკებების შედეგად, მოკლე ხანში უვნებლად გაანთავისუფლეს…
ამ ფაქტიდან რამდენიმე თვეში, შევარდნაძის ბანდფორმირებებზე სენაკში მოხდა კიდევ ერთი თავდასხმა, ქალაქიდან მათი განდევნის მიზნით… ეს ოპერაცია განახორციელა ეროვნული გვარდიის სენაკის ბატალიონ ,,ეგრისმა,, , რომლის მეთაური აკაკი ელიავა იყო და რომლის წევრი მეც ვიყავი… ამ ოპერაციის დროს, რომელიც სენაკის ცენტრში მიმდინარეობდა, დაიღუპა ჩვენი ბატალიონის ერთი მებრძოლი – კობა ბოხუა (,,კობრა,,) და დაგვეჭრა რამდენიმე, რომელთა შორის იყო ჩვენი ბატალიონის შტაბის უფროსი ნემო ჭამნტურია, რომელმაც ფეხის სერიოზული დაზიანების გამო, გადაადგილება ვერ შეძლო… დჭრილი ნემო, მოწინააღმდეგემ ალყაში მოაქცია და ტყვედ აიყვანა…
ნემო ჭანტურია, იყო გალელი კაცი, რომელიც ეროვნული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ახალდაარსებულ ეროვნულ გვარდიაში მოვიდა… ის, ძალიან წესიერი და ჭკვიანი კაცი იყო, რომლის აზრები და გონიერება, ძალიან ბევრ ადამიანის ყურადღებას იქცევდა. მიუხედავად იმისა, რომ ტანად პატარა იყო, საოცრად მოქნილი, უშიშარი ადამიანი იყო და კარგი მეომარი. ბატალიონში ყველა პატივს სცემდა ნემოს… ჩვენს მეთაურს, აკაკი ელიავას კი – ის თავის მარჯვენა ხელად მიაჩნდა…
ნემოს დატყვევებიდან ერთი კვირის შემდეგ, ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია, რომ ის სასტიკად აწამეს… შევარდნახის ჯალათები, სატუსაღოში მისი მკურნალობის უფლებას, მთელი კვირა არ აძლევდნე ექიმებს და მორიგეობით შედიოდნენ მასთან, რომ დაჭრილ ფეხზე ერტყათ და გასაძლისი ტკივილები მიეყენებინათ მისთვის, რათა მას თანამებრძოლებზე ინფორმაცია გაეცა… თუმცა სიტყვაც ვერ დააცდევინეს…
გავიდა კიდევ რამდენიმე კვირა და გავიგეთ, რომ ნემო ჭანტურია თბილისში ჰყავდათ საპატიმროში და მას, შევარდნაძის პუტჩისტური რეჟიმი, რამდენიმე მუხლით უყენებდა ბრალდებას…
ნემოს ჭანტურიას, რომელიც კანონიერი ხელისუფლების ეროვნული გვარდიის მაიორი იყო, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი შეიარაღებული ფორმირების წევრობას, ტერორისტული აქტის მოწყობას და მკვლელობას უყენებდნენ ბრალდებად…
პირადად მე არ ვყოფილვარ სანდრო კავსაძის აყვანის ოპერაციის მონაწილე და მართალი გითხრათ დღემდე არ ვფლობ ზუსტ ინფორმაციას, იყო თუ არა ნემო ჭანტურია ამ ოპერაციის ხელმძღვანელი ან მონაწილე, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო… ამ და მომდევნო პერიოდში ეროვნული გვარდიის მიერ ჩატარებულ ყველა ოპერაციას, მეც და ალბათ გამსახურდიას ხელისუფლების ყველა მხარდამჭერი, განვიხილავდით როგორც კანონიერი ხელისუფლების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვით განპირობებულ ქმედებას, რომელსაც ამავე ხელისუფლების კანონიერი წარმომადგენლები ანხორციელებდნენ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებლობით… და ეს შეფასება გვექნება მანამ, სანამ ცოცხლები ვართ.
ნემოს დაპატიმრებიდან გავიდა თითქმის ერთი წელი და ის პერიოდია, როდესაც სამეგრელოს მთლიანდ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერები აკონტროლებენ, მაგრამ აფხაზეთში გართულდა სიტუაცია… შევარდნაძის მოღალატურმა პოლიტიკამ, რუსეთიის მიერ შემოთავაზებულ სოჭის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ, რომლის მიხედვითაც სოხუმის დამცველთა სამხედრო ბრიგადები, მსხვილი საბრძოლო ტექნიკისგან განაიარაღეს, თავისი შედეგი გამოიღო და რუსების მიერ გაძლიერებული მტრის შეჩერება შეუძლებელი ხდება…
ყველას გექნებათ ის კადრები ნანახი, რომელსაც შევარდნაძის პროპაგანდა და მისი მიმდევრები, დღემდე ხშირად იყენებდნე იმის დასამტკიცებლად, რომ თითქოსდა გამსახურდიას მხარდამჭერებს სოხუმის დასაცავად წასვლა და აფხაზეთის დაცვა არ უნდოდათ… ეს არის კადრები, სადაც ჟიული შარტავა შევარდნაძის თანხლებით, სოხუმიდან ურეკავს აკაკი ელიავას და დასახმარებლად წამოსვლას სთხოვს…
საჯაროდ პირველად ვყვები ამას…
ჟიული შარტავამ სენაკის კომენდატურაში ორჯერ დარეკა… ბევრმა იცის, რომ მე მაშინ სენაკის კომენდატურაში ვიყავი და სატელეფონი ზარებსაც უმეტესად მე ვპასუხობდი, პრესა და საზოგადოებასთანაც ურთიერთობაც მე მევალა…
ჟიული შარტავამ პირველად რამდენიმე საათით ადრე დარეკა და აკაკი ელიავასთან დაკავშირება მოითხოვა… მე მას ვუპასუხე, რომ ელიავა ადგილზე არ იყო და ვეცდებოდი, რომ დროულად მოგვეძებნა და გადაგვეცა მისი თხოვნა…
განმეორებითი დარეკვის დროსაც იქ ვიყავი მეც და კიდევ რამდენიმე ადამიანი, როდესაც ელიავა მას ელაპარაკა… მე მაშინ არ მესმოდა ყურმილის მეორე მხარეს რას ამბობდა ჟიული შარტავა, მაგრამ კარგად მესმოდა რას პასუხობდა აკაკი ელიავა… შარტავას სიტყვები დიდი ხნის მერე გავიგე ტელევიზიით… თუმცა არავის დღემდე არ უკითხავს და არ დაინტერესებულა, რას პასუხობდნენ შარტავას ყურმილის აქეთა მხრიდან…
ელიავა ამბობდა, რომ გამსახურდიას მომხრე გვარდიის და ბატალიონ ,,ეგრისის“ ნაწილი, უკვე წასული იყო და ოჩამჩირეში იყვნენ… მაგრამ იმისთვის, რომ ბატალიონის და გვარდიის დანარჩენი ნაწილი მთლიანად გადასულიყვნენ აფხაზეთში, ამისთვის შევარდნაძეს სულ ორი მოთხოვნა უნდა შეესრულებინა…
ერთი: პატიმრობიდან უნდა გაენთავისუფლებინათ ბატალიონ ,,ეგრისის,, შტაბის უფროსი – ნემო ჭანტურია და ბატალიონის სხვა მეომრები, რომლებიც მანამდე ცოტა ხნით ადრე, სამტრედიაში ჯერ მოსალაპარაკებების დროს მუხანათურად დაატყვევეს… კახა წულეისკირი, ლაშქარავა და სხვები…
და მეორე: სამეგრელო თუ გამსხურდიას მეომრებისაგან დაიცლებოდა და ყველანი აფხაზეთში გადავიდოდნენ, შევარდნაძის იმ ფორმირებებს, რომლებიც ცხენისწყლის მეორე მხრიდან ჩვენს პოზიციებს ბომბავდნენ, სროლა უნდა შეეწყვიტათ და სამეგრელოს ტერიტორიაზე არ უნდა შესულიყვნენ… მე ახლაც ვთვლი, რომ ელიავას არც ერთი მოთხოვნა, იმ დროისთვის არც უადგილო იყო და არც უსამართლო.
,,თუ ამბობთ, რომ დახმარებაა საჭირო და ერთმანეთის თანადგომა, ჩვენი საუკეთესო მეომრები ციხეში რომ გყავთ – გამოუშვით ისნი და ერთად ვიომოთ… უთხარით შევარდნაძეს გაუშვან ჩვენი მეომრები,, დღემდე ზუსტად მახსოვს ელიავას ეს სიტყვები….
და რომ ამ ყველაფერს სიმართლეს ვამბობ – შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა და ამის მოწმეებიც არსებობენ…
ელიავას უთხრეს, რომ ორივე მოთხოვნის შესასრულებლად, შევარდნაძე მზად იყო და ცოტა დრო სჭირდებოდა… როგორც გამოჩნდა, შევარდნაძემ ნაწილობრივ შეასრულა კიდევაც ეს მოთხოვნები და ალბათ მთლიანადაც შეასრულებდა, თუმცა დრო აღარ დარჩა…რადგან თავად ფაქტი შარტავას დარეკვის, სოხუმის დაცემამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე მოხდა, მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა და ამ მიღწეულმა შეთანმხმებამ ვერაფერი შეცვალა… შევარდნაძემ კი, როგორც კი შეატყო სოხუმი ეცემა, იქედან მოკურცხლა და ყველაფერი ადგილობრივებს შეატოვა… ხოლო ელიავასთვის მიცემული ყველა პირობა, შემდგომში დაარღვია…
დავიწყოთ იქიდან, რომ ელიავას მოთხოვნის საფუძველზე, შევარდნაძის ბრძანებით, ჩვენი ბატალიონის დაპატიმრებული მეომრები, წულეისკირი და კიდევ 3 კაცი, მოკლე ხანში გაანთავისუფლეს… ცოტათი მეტი დრო დასჭირდა ნემო ჭანტურიას განთავისუფლებას, რადგან მას მძიმე მუხლები ჰქონდა მიყენებული და გარკვეულ ფორმალობებს საჭიროებდა… მიუხედავად ამისა, ის მაინც გაანთავისუფლეს… სულ ცოტა ხნით… მისდა საუბედუროდ, მას შევარდნაძის სოხუმიდან გამოქცევამ თბილისში მოუსწრო და ახლაგამოშვებული ნემო, კვლავ დაიჭერეს და შეაბრუნეს ციხეში…
ამ ამბებმა უფრო დაამძიმა ნემოს მდგომარეობა. ის, სასწრაფო წესით, 20 დღეში გაასამართლეს ზემოთხსენებული მუხლებით და სასჯელის მაშინდელი უმაღლესი ზომა, 15 წლით პატიმრობა მოუსაჯეს.
პარალელურად კი, შევარდნაძის ის დაჯგუფებები, რომელთაც აფხაზეთზე მეტად სამეგრელოში ერჩივნათ ბრძოლა, კვლავ გააქტიურდნენ ჩვენს წინააღმდეგ… თან გვბომბავდნენ და თან იმას აცხადებდნენ, რომ ჩვენ აფხაზეთში გვინდოდა საომრად წასვლა და ზვიადისტები გზას გვიღობავდნენო… მე ვარ პირადად ის ადამიანი, ვინც სენაკის კომენდატურაში, 1993 წლის სექტემბერს, კობა კობალაძეს შეხვდა, როდესაც ის მოვიდა ჩვენთან პირადად, ვაჟკაცურად და თავისი მეომრების აფხაზეთში გადასაყვანად აეროპორტი და კორიდორი ითხოვა… არავის კობალაძისთვის ერთი ზედმეტი სიტყვა არ უკადრებია და ცუდი თვალით არ შეუხადავს… მას თუ შეეძლო გამსახურდიას მომხრებთან მოსვლა და აფხაზეთში გადასვლაზე საუბარი… სხვები რატომ ვერ მოვიდოდნენ, აფხაზეთში წასვლა მართლა რომ ნდომებოდათ….?!
არა, მათი ამოცანა აფხაზეთში ომში წასვლა და გამარჯვება კი არ იყო… მათი ამოცანა იყო, ჩვენ, სამეგრელოში მყოფ ეროვნული ხელისუფლების მომხრეებს არ მოგვცემოდა აფხაზეთის პრობლემაზე გადართვის საშუალება და მუდმივად თავდაცვაზე გვეფიქრა, რაც შეასრულეს კიდევაც… და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ რუსეთის ,,დახმარებით,, აფხაზეთიც დაგვაკარგგვინეს და ეროვნული ხელისუფლებაც გაანადგურეს საბოლოოდ… საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობა კი, ქართველების ხელით გაკეთებული რუსული სამქის ,,გვირგვინი,, იყო.
ამ მძიმე პერიოდის შემდეგ გავიდა კიდევ რამდენიმე წელი, რომელსაც დღეს შევარდნახის უძრაობის და სიბნელის წლებს ეძახიან… ამ წლების განმავლობაში კი, ეროვნული ხელისუფლების ასეულობით მომხრე იდევნებოდა და ათეულობით მათგანი ციხეში იტანჯებოდა… თუმცა ერთმანეთთან კონტაქტი, ერთმანეთის მოკითხვა და ერთმანეთზე ზრუნვა არ შეგვიწყვეტია იმ პერიოდშიც, ეროვნული ხელისუფლების მომხრეებს… არც ჩვენი პატიმრები გვავიწყდებოდა და მათ შორის ნემო ჭანტურიაც, რომელსაც 1997 წელს, ციხეში ტუპერკულიოზი შეეყარა…
მძიმე სენმა თანდათან დაასუსტა ნემო… როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნემო პატარა ტანის გამხდარი კაცი იყო და მან 1999 წლის დასაწყისისთვის, დაკარგა თავისი წონის ნახევარი… ჩონჩხად ქცეული მისი სხეული, იწონიდა 30 კილოგრმზე ნაკლებს…
გამსახურდიას მომხრეებმა მოახერხეს მისი გაძვალტყავებული სხეულის ფოტოს გადაღება და ციხიდან გამოტანა… შემდეგ მოვახერხეთ ამ ფოტოს გავრცელება მედიაში… მე მაშინ, როგორც ჟურნალისტი, გაზეთ ,,ახალ თაობასთან,, ვთანამშრომლობდი და მახსოვს ჩვენს გაზეთშიც იყო ჩონჩხად ქცეული პატიმრის შემზარავი ფოტო გამოქვეყნებული…
ასევე მოვახერხეთ, რომ იმ დროისათვის ახალფეხადგმული არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც ჩარეულიყვნენ ამ საქმეში, რათა ნემოს სიცოცხლე გადაერჩინათ…
მინდა ავღნიშნო, რომ ამ ამბის გახმაურების შემდგომ, სეროზული გაჭიანურების და ზედმეტი ხმაურის გაერეშე, შევარდნაძის ხელისუფლება დათანხმდა, რომ ნემო ჭანტურია, უპირობოდ გაენთავისუფლებინა სასჯელისაგან და გადაეყვანათ სამკურნალო დაწესებულებაში…
აი რატომ გამახსენა სააკაშვილის წონამ ეს ამბავი…
პირსისხლიანი შევარდნაძის ხელისუფლებამაც არ იკადრა ის სილაჩრე, ავადმყოფი პატიმრის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი კადრულობს ახლა – ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში…!
მე არ მიკვირს იმ ხალხის, ვინც სააკაშვილს პირად მტრად მიიჩნევს და მის სიკვდილს ელოდება… ჩვენთან მრავლად არიან ასეთი გულის ადამიანები… მაგრამ ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც თითქოსდა ობიექტური მსაჯულია და იმას ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას შეგნებულად აყენებს გამოუსწორებელ ზიანს, რათა ციხეს თავი დააღწიოს… განა შეიძლება ადამიანს თავისუფლება იმისთვის უნდოდეს, რომ მოკვდეს…?!
რაც შეეხება ნემო ჭანტურიას, რომელსაც ეხება ჩემი ეს მოგინებები… მე ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველად და ცხოვრებაში უკანასკნელად, 2000 წლის ივლისში, შევარდნაძის რეჟიმის მიერ მოკლული, გამსახურდიას გვარდიის ბოლო მეთაურის – აკაკი ელიავას გასვენებაზე ვნახე… როგორც შემდგომში გავიგე, ის ცოტა ხანში ეკლესიაში წასულა, რომ ღმერთმისთვის მიეძღვნა დარჩენილი ცხოვრება…
10 წლიანი მორჩილების შემდგომ ნემო ბერად აღიკვეცა და ხევში, სნოს 12 მოციქულის მონასტერში მსახურობდა…
განვლილი ცხოვრების რთულმა გზამ და ციხეში გადატანილმა ავადმყოფობამ, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი დაღი დაასვა და ცხოვრება შეუმოკლა… 2015 წლის 14 სექტემბერს, მამა გაბრიელი (გვარდიის მაიორი ნემო ჭანტურია) იმავე მონასტერში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხანმოკლე მაგრმა მართალი კაცის ცხოვრებით იცხოვრა ნემომ… ისე, რომ ეს ცხოვრება, ერსაც და ბერსაც თანაბრად გაუნაწილა.
ამ ქვეყნად ყველა ადამიანი, თავის ნამოქმედარს, საკუთარი ზურგით ატარებს, ცოდვა-მადლის სახით… დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მდიდარი ადამიანებიც კი, დროს, როგორც ღმერთს, ვერსად გაექცევიან… დროს კი, ყველასთვის თავისი განაჩენი გამოაქვს და ყველას თავის ადგილს უჩენს.“