რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენრესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება – ექიმები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

ისინი კლინიკის რეორგანიზაციისა და შენობის დანგრევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. მედიკოსები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ საავადმყოფოს თანამშრომლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ექიმებს სურვილი აქვთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ, რათა პროტესტის მიზეზი დეტალურად გააცნონ.

„შეხვედრა მამუკა მდინარაძესთან გვქონდა. წარმოვადგინეთ არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული ბრძანება და 15 მარტს კლინიკა აღარ დაიკეტოს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და მზაობა, რომ ისევ გვექნება შეხვედრა ბატონ მამუკასთან და ასევე, სურვილი გვაქვს, შევხვდეთ ბატონ ირაკლი კობახიძეს. მაგრამ პარალელურად, ვინაიდან, ეს ბრძანება შეჩერებული არ არის, ჩვენი პროტესტი გრძელდება.

ამ კვირაში, ადამიანების გარკვეული ჯგუფი გეგმავს უკიდურეს პროტესტს, კერძოდ, შიმშილობის დაწყებას. ჩვენ ამ კლინიკისთვის ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. აქ ვიქნებით და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ“, – განაცხადა მედიასთან, ექიმმა გივი პისარევმა.
ინფორმაციისთვის, 11 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყეს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი: რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს საკომპენსაციო პაკეტები და მოცულობა გავაცანით – არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე აქვთ

მათივე ცნობით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად, გრძელდება კლინიკის შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკნის თანახმად, ავარიულია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება.