„ახალი თაობის’’ კითხვებს უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო ანდრო, 9 მაისის მოახლოებულ აღლუმთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმის დამარცხებაში. მან ასევე თქვა, რომ 8 მაისი არის ნაციზმზე გამარჯვების თარიღი, რაზეც პრორუსულმა სპექტრმა, მათ შორის ქართულმა ფრთამ, ნეგატიურად შეაფასა და ტრამპი ისტორიის გადაწერის მცდელობაში დაადანაშაულა. თქვენ როგორ შეაფასებდით დონალდ ტრამპის ამ განცხადებებს.
– მეორე მსოფლიო ომს ვთვლიდით, რომ იყო დიდი სამამულო ომი, რომელშიც საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის წვლილი მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასა და ნაციზმის დამარცხებაში, მაგრამ არანაკლები წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში მოკავშირეებმა. აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი – ამ ქვეყნებმა არანაკლები დახმარება გაუწიეს საბჭოთა კავშირს, თუნდაც არასაბრძოლო თვალსაზრისით. ვგულისხმობ, ლენდ ლიზის პროგრამები, ტექნიკური გადაადგილება, ეკონომიკური დახმარება, ამიტომ შეიძლება ყურს გვჭრიდეს, როდესაც ამერიკელები და ბრიტანელები ამბობენ, რომ მათი წვლილი არსებობს მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში, მაგრამ ეს რეალურად ასეა.
ტრამპის პოლიტიკა ემსახურება ამერიკის როლის წამოწევას. დეკლარირებულად ასეა. ამიტომ ტრამპი ცდილობს, მეორე მსოფლიო ომის საკითხში ამერიკული ზეიმიც შემოიღოს. ეს პრინციპში სამართლიანია. ჩვენ ამ ნაწილს ვიცნობთ, როგორც დიდ სამამულო ომს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო. რეალობა კი ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა კავშირი, იგივე რუსული იმპერია, ნაცისტურ გერმანიასთან კარგად თანამშრომლობდა. 30-ანი წლების ბოლოს ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთთან თანამშრომლობდა და ეს პროცესი ზოგი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ანექსიითაც დასრულდა, ბალტიის ქვეყნები, უკრაინის გარკვეული ტერიტორია.
– ნაცისტური გერმანიის დამარცხება ისტორიული მოვლენა იყო, არამარტო იმის გამო, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება შეჩერდა, არამედ ნიუნბერგის პროცესის დროს ერთ მაგიდასთან ისხდნენ ამერიკა და საბჭოთა კავშირი.
– მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკა და საბჭოთა კავშირი მოკავშირეები იყვნენ, მაგრამ ჩვენ, როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, ბუნებრივია, ამ პერსპექტივით ვუყურებდით. დღეს, რუსეთი მეორე მსოფლიო ომსა და “დიდ სამამულო ომს” საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს. რუსეთი ამ გამარჯვების ისტორიას იყენებს, რომ ამ ერებს ისევ საბჭოთა კავშირის ქვეშ მოუყაროს თავი.
– რუსული პროპაგანდის მიხედვით, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომს შეეწირნენ, ისინი რუს ჯარისკაცებად არიან მოხსენიებულნი.
– კი, რუსეთი ცდილობს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ძველი საბჭოთა სენტიმენტები გაუღვიძოს.
– ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება მედიაში, რომ მიხეილ ყაველაშვილი შესაძლოა, 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში ჩავიდეს. არის ეს ვარიანტი რეალური?
– ამ საკითხებზე სპეკულაციები არ ღირს. საქართველოს ხელისუფლებამ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომ წარმოუდგენელია იქ ჩასვლა, სადაც რუსეთს აღიარებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი ტერიტორია. ამაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა და ამიტომ ამ საკითხთან მიმართებით სპეკულაცია ზედმეტია.
– “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა. ეს ჩანს იმ მოცემულობაში, როდესაც საუბარი მიდის მტრის ხატის შექმნაზე. რამდენიმე დღის წინ მედვედევმა დიფ სთეითის გავლენებზე დაიწყო საუბარი და თქვა, რომ ტრამპს დიფ სთეითი დასამარცხებელი ყავს. იგივე გზავნილები გვესმოდა საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტებისგანაც. რატომ ემთხვევა “ქართული ოცნებისა” და კრემლის გზავნილები ერთმანეთს?
– საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა, ხშირ შემთხვევაში ემთხვევა კრემლის გზავნილებს. ეს პროპაგანდა გამოიყენება ძირითადად შიდა მომხმარებლისთვის, მაგრამ ამას ძალიან ცუდი შედეგი აქვს საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ანტიდასავლური რიტორიკის გამო გაჩერებულია ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პროცედურა ევროკავშირში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობა შეჩერებულია. სჯობს, გქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა და მინიმუმს იღებდე, ვიდრე საერთოდ არაფერს. ჩვენ რასაც იქიდან ვიღებდით, მინიმუმი არ იყო. ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდია და საქართველოს ვნებს საერთაშორისო ასპარეზზე. უფრო მეტიც, ეს მოცემულობა საქართველოს რუსეთის წინაშე მარტო ტოვებს. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ პარტნიორობის დროს ვერ ვიღებდით შესაბამის სამხედრო ან ეკონომიკურ დახმარებას, ის, რასაც ვიღებდით, ჯობდა იმას, რასაც ახლა ვიღებთ. ახლა არაფერს ვიღებთ. როდესაც ოპოზიცია იდენტიფიკაციაზე საუბრობს, რთულია, საერთო მესიჯბოქსი არ დაინახო. იმიტომ, რომ დიფ სთეითი საქართველოში წარმოშობილი ტერმინი არ არის. ეს ტერმინი რუსეთში წარმოიშვა. რუსი ლობისტები მიიჩნევენ, რომ დიფ სთეითი არის სიღრმისეული სახელმწიფო, რომელიც დასავლეთს მართავს. მსგავსი განცხადებები კრემლის ლიდერშიპმაც არაერთხელ გააჟღერა. მედვედევიც ამაზე რომ საუბრობს, არაა შემთხვევითი.
– რატომ შეაფასა “ქართულმა ოცნებამ” ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და მისი შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან პოზიტიურად?
– ხელისუფლება და დიპლომატიური კორპუსი ასეთ შეხვედრებს ამხელა ყურადღებას უთმობს. ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა მათთაც აწუხებთ. ისინი აცნობიერებენ იმ პრობლემას, რომ დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან უმაღლესი დონის შეხვედრები მინიმუმამდე დაიყვანა. მაღალი რანგის შეხვედრები შეწყვეტილია. საქართველო არ არის ამ დასავლური ქვეყნების დღის წესრიგში. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებასთან პოზიტიური მოლაპარაკებები არ არსებობს. ეს ყველაფერი მარტო ხელისუფლებაზე კი არა, მთელ ქვეყანაზე აისახება. როდესაც მსოფლიოში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, საქართველოს საკითხი უნდა განიხილებოდეს არა დემოკრატიის უკუსვლაში, არამედ უნდა განიხილებოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის სხვადახვა საკითხი. როდესაც ჩვენ მხოლოდ კონფრონტაციული რიტორიკა გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, თავისთავად ცხადია, ასეთი თემები არ განიხილება. ასევე ალბათ არ განიხილება ინვესტიციის საკითხი. როდესაც სანქციების რეჟიმშია ურთიერთობა და კონფრონტაციულ რეჟიმშია ურთიერთობა, ბუნებრივია, ევროპელი მსხვილი ინვესტორებისთვის აქაურობა დაკეტილია. ასეთი მდგომარეობა გვაზიანებს დაპირისპირებულ ქვეყნებთან. მაგალითად, რუსეთთან. რუსეთთან გვაქვს ტერიტორიული პრობლემები. თუ ჩვენ არ გვექნება დასავლელი პარტნიორებისგან სამხედრო, ეკონომიკური თუ დიპლომატიური მხარდაჭერა, მაშინ რუსეთის მუქარების პირისპირ საქართველო მოწყვლადი დარჩება. ძალიან რთულია წინ აღუდგე რუსულ მუქარას. მაშინაც კი, როდესაც მეგობრებთან ერთად ხარ წარმოდგენილი.
– დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის “ოცნება” საუბრობს, თითქოს ევროპას სურს, საქართველოს ტერიტორია საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს და მეორე ფრონტი გახსნას, რათა რუსული აგრესია გაანეიტრალოს. ქართულმა საზოგადოებამ ამ დეზინფორმაციული პროპაგანდის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა?
– შიდა მოხმარების ის ნარატივები, რომლის მიხედვით, თითქოს დასავლეთს უნდა საქართველოში ომის გაჩაღება, ან საქართველოში ხელისუფლების ცვლილება იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ ჩაერთო ომში, ეს გზავნილები რუსული ეფესბეს სახელმძღვანელოდან არის გადმოკოპირებული. რუსეთი 2014-15 წლიდან თავის პროპაგანდას სხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებს. მსგავს პრაქტიკას ადრე საბჭოთა კავშირიც მიმართავდა, ახლა უბრალოდ აქტორები შეიცვალა. თორემ ეს კლიშე და ფონი ერთი და იგივეა.
ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ უნდა დასავლეთს აქ ომი, მაშინ, როცა ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველო 2-3 დღე თუ გაუწევს წინააღმდეგობას. ეს რიტორიკა აბსურდია და ეს იმ დონემდე დაიყვანება, რომ დასავლეთს უნდა ქართველი ხალხის განადგურება. ეს არის შეთქმულების თეორია. რატომ უნდა სურდეს დასავლეთს საქართველოში გაანადგუროს ის, რასაც 30 წელი აშენებდა? ამ კითხვაზე პასუხი არ არის. საქართველოს ხელისუფლებამ ერთი ადამიანის გვარიც კი ვერ დაასახელა, რომელმაც კონკრეტულად ეს მოწოდება გააჟღერა. სახელდება უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს ჩინოვნიკი, შეიძლება ვიღაც დიპლომატიური კორპუსიდან ამას გვეუბნებოდა, მაგრამ კონკრეტული პიროვნების დასახელება არ ყოფილა. ეს პროპაგანდა ადამიანთა გარკვეულ სეგმენტზე მოქმედებს, რადგან ომი არავის სურს. ქართველმა ხალხმა კარგად უნდა გააანალიზოს, რომ მშვიდობის უზრუნველყოფა რუსეთის დაშოშმინებაზე კი არ გადის, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა დამოკიდებულია დასავლეთთან პარტნიორობის გაზრდაზე. ჩვენი ერთადერთი ხსნა არის დასავლური ინტეგრაცია. მესმის, რომ ეს პროცესი გართულებულია, ამას სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ჩვენ საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ და გარე ფაქტორებს უნდა დაველოდოთ. ბოლო გამოკითხვების შედეგად, დასავლური ინტეგრაციის მსურველთა რაოდენობა დიდია.
– დასავლელ კოლეგებზე მმართველი პარტია ამბობს, რომ მათ უკრაინაში მშვიდობა არ უნდათ და განსაკუთრებით ევროკავშირის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელის კაია კალასის ფრაზები მოაქვთ, რომელიც მათი გადმოსახედიდან, ერთ-ერთი “სპონსორია” ამ სისხლისღვირს.
– ევროპა ომის არდასრულებაზე როცა საუბრობს, ისინი გულისხმობენ ომის ისეთ დასასრულს, როდესაც რუსეთი თავის იმპერიულ ზრახვებს დაიკმაყოფილებს. აქ საუბარია 4-5 რეგიონის აღიარებასა და უკრაინის დემილიტარიზაციაზე. ეს არ არის ომის დასრულება. ეს არის კაპიტულაცია და უკრაინის მარცხის აღიარება. ევროპა ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, იქნება. თუ მსოფლიომ რუსეთის გამარჯვება აღიარა, მაშინ გამოდის, რომ შემდეგ რიგში არის საქართველო, მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი. რუსეთს თუ უნდა ომის შეწყვეტა, მას ამის გაკეთება შეუძლია. ტრამპის ადმინისტრაციას ომის მალე დასრულება უნდოდა და გარკვეული დიპლომატიური სვლები გააკეთა, მაგრამ ამერიკელების პოლიტიკაც დაკორექტირდა. არავის სურს კაპიტულაციის ხარჯზე ომი შეაჩეროს.
– ევროპაში იდეოლოგიური დაპირისპირებების სერია ცხელ ფაზაში შევიდა. დღეს ევროპულ პოლიტიკურ ველზე მემარჯვენე და მემარცხენე ძალების პაექრობას ვხედავთ. მემარჯვენე დაჯგუფებები მოიაზრებიან, როგორც პრორუსული იდეოლოგიის მატარებელი ელემენტები, რომლებიც გაძლიერდნენ და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამის ნათელი მაგალითია გერმანია. გერმანიის კონსტიტუციამ პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადა. ეს არის ამ პარტიის აკრძალვის წინაპირობა?
– გერმანიის კონსტიტუცია საფრთხედ აცხადებს მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემიზმს. აკრძალვას წინ უძღვის ობსერვაციის ხანა, როდესაც მოქმედებებს აკვირდებიან. თუ ამ პარტიამ სამართლებრივი დარღვევები გამოიწვია, მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. გერმანია საკმაოდ მგრძნობიარეა მემარჯვენე ექსტრემიზმის მიმართ. ნაცისტური წარსული მას მძიმე ტვირთად აწევს. რუსეთი მემარჯვენე ძალებით ყველგან სარგებლობს. ერთ-ერთი პოსტულატი, თუ რატომ მოქმედებს ეს პროპაგანდა, არის ის, რომ რუსეთი ყველგან იცავს “ჭეშმარიტ’’ ღირებულებებს (სარწმუნოება, ეკლესია), ამიტომ მას ეს იდეოლოგია და ექსტრემიზმი აწყობს. ექსტრემიზმი პოლარიზაციას ხელს უწყობს, ხოლო პოლარიზაცია რუსეთისთვის საუკეთესო სათამაშო მოედანია.
კოტიკო გოგინაშვილი