პროფესორი გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„12 წლის ვიყავი, როცა სამმა 16-17 წლის ბიჭმა დანები მომადეს და 161-ე სკოლის ეზოში შემიყვანეს და შარვალი გამხადეს. მაშინ მამაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. 1 წელიწადში მომიკლეს აფხაზეთში და დავრჩი მარტო ქუჩის პირისპირ.
13 წლის ვიყავი, როცა სკოლაში ვიჩხუბე და ხელი ისე გადამიჭრეს დანით, რომ 3 თითზე 5-5 ნაკერი დამადეს მე-9 საავადმყოფოში. ქირურგმა დამაწყებინა სიგარეტის მოწევა – თითებში ნოვოკაინი დამარჭო, მერე ღრმა ნაფასი დაარტყა მაგნას და ჩამიდო პირში, მოწიე, დაგაწყნარებსო! მას შემდეგ ვეწეოდი – მაწყნარებდა.
14 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან მომავალს რუსთაველზე, ახლა რომ ლობიანებს ყიდიან მეტრომდე არმისული, სადარბაზოში “აბრეზი” მომიშვირეს და ჯინსის ქურთუკი გამხადეს. მივეცი, რა თქმა უნდა. აბრეზი სერიოზული არგუმენტია.
15 წლის ვიყავი, როცა “პლეხანოვზე”, მარჯანიშვილის მეტროსთან დამიჭირეს ოპერებმა და განყოფილებაში სკამზე მიბმულს სიგარეტი ჩამაწვეს რამდენჯერმე ლოყაზე.
16 წლის ვიყავი, როდესაც ანაგის ქუჩაზე ორ უცნობს ვეჩხუბე და ერთ-ერთმა დანა დამისვა სახეზე. თვალი ვერ დამიზიანა, მაგრამ ლოყაზე წვრილი იარა დამიტოვა სამახსოვროდ.
16 წლის ვიყავი, როდესაც ვეძისში ვეჩხუბე დაახლოებით ათამდე ადამიანს და ფეხში, არტერიაში დამჭრეს დანით. 15 სანტიმეტრიანი ჭრილობა მქონდა და დაახლოებით 2 ლიტრამდე სისხლი დავკარგე, დედაჩემს რომ ქამრით არ შემოეჭირა ფეხი და არ წავეყვანე მიხაილოვის საავადმყოფოში.
სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ცხოვრებამ დამაბერა.
სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, მანამდე უკვე სრულწლოვნებმა მაიძულეს მეთქვა უარი ბავშვობაზე.
სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ვიყავი ბავშვი, რომელსაც ვერ იცავდნენ.
მაშინ არ იყო სახელმწიფო.
მაშინ არ იყო კანონი.
მაშინ მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობდნენ და არავის ეცალა სხვისი გადარჩენისთვის.
დღეს?
ხომ იწონებთ თავს, შემდგარი სახელმწიფო ვართო! დღეს რატომ ვერ იცავთ ბავშვებს თქვენ მიერ სასათბურე პირობებში გაზრდილი მოძალადეებისგან?! ვერ იცავთ კი არა, თქვენი წახალისებულია ეს ძალადობა და დაუსჯელობის სინდრომი! დღეს ყველა ამ ბავშვის და მოზარდის სახით ისევ მე მირტყამენ დანას და მაწვავენ სიგარეტს, რადგან თქვენი დიდი მეცადინეობით დააბრუნეთ ველური და ბნელი 90-იანი წლები! ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია!” | წერს

