გავრცელებული ვიდეოკადრები ერთი წლის წინ თბილისში მომხდარ ჯგუფურ თავდასხმას ასახავს. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უსწორდება არასრულწლოვანთა ჯგუფი ახალგაზრდა მამაკაცს ქუჩაში. სასტიკი ცემის შემდეგ თავდამსხმელები მსხვერპლის სისხლით დასვრილ ფეხსაცმელებს იღებენ ვიდეოზე და ჩანაწერს ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ჯგუფი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა და სამართალდამცველებისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა, ვიდრე გიგა ავალიანი არ მოკლეს. მკვლელობის შემდეგ მისი დედის მიერ დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა საქმეს ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანები ბანდის პრინციპით მოქმედებდნენ. გამოძიების ვერსიით, ისინი წინასწარ არჩევდნენ მსხვერპლს, გოგონების ყალბი ანგარიშებიდან უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე იბარებდნენ და შემდეგ ჯგუფურად უსწორდებოდნენ.
გავრცელებული ვიდეო ერთ-ერთ ასეთ თავდასხმას ასახავს. პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანთა ჯგუფი მსხვერპლებს თავს ესხმოდა არა მხოლოდ კონსპირაციულ ადგილებში. აღნიშნული კადრები დიღომში, ხალხმრავალ პარკში განხორციელებულ თავდასხმას ასახავს.
წყარო: ტვ. პირველი

