„რძე მარკეტებში 120%-იანი ფასნამატით იყიდება”

„რძე მარკეტებში 120%-იანი ფასნამატით იყიდება"тшлф Ыутпудфшნიკა შენგელია: „ფასებთან ბრძოლა“ ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, თუ ის ეფუძნება სისტემურ ეკონომიკურ პოლიტიკას და არა მხოლოდ შეხვედრებსა და მოწოდებებს”

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ნიკა შენგელიასთან.

– ბატონო ნიკა, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მთავრობის „ფასებთან ბრძოლა“?
– ფასებზე პირდაპირი ადმინისტრაციული ზეწოლა, როგორც წესი, მოკლევადიან ეფექტს იძლევა. გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების სტაბილურობა დამოკიდებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე, ინფლაციაზე, ეროვნული ვალუტის კურსზე, იმპორტის წილზე და საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ტენდენციებზე. შესაბამისად, „ფასებთან ბრძოლა“ ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, თუ ის ეფუძნება სისტემურ ეკონომიკურ პოლიტიკას და არა მხოლოდ შეხვედრებსა და მოწოდებებს.
საქართველოში, სამწუხაროდ, ფასებთან მიმართებაში არსებობს კარტელური გარიგებები და დაინტერესება, თუნდაც სუპერმარკეტებში. მაგალითად, რძე რა ფასებში შედის, მასზე ფასნამატი მინიმუმ 120%-ია. ასეა სხვა პროდუქტებზეც. სამწუხაროა, რომ მთავრობის მიერ შექმნილ კომისიაში ვერ ვხედავთ დამოუკიდებელ ექსპერტებს, მხოლოდ ჩინოვნიკები არიან.
ფასების ზრდა, როგორც წესი, კორელაციაშია:
საწვავის ფასებთან (ტრანსპორტირების ხარჯი თითქმის ყველა პროდუქტში შედის);
ელექტროენერგიის ტარიფებთან (წარმოებისა და მომსახურების თვითღირებულება);
ეროვნული ვალუტის კურსთან (იმპორტდამოკიდებულ ეკონომიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია);
საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის ფასებთან.
საწვავი და ენერგია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გავლენის მქონე კომპონენტებია.
– ბიზნესმენებთან შეხვედრისას, უმეტესობა აცხადებს, რომ, ფაქტობრივად, მოგებაზე არ მუშაობენ, აქვთ მილიონობით ვალი, ასეთ დროს, ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად რა უნდა გაკეთდეს?
– მხოლოდ შეხვედრები შეიძლება სასარგებლო იყოს ინფორმაციის გაცვლისა და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, თუმცა შედეგი ფასებში მხოლოდ მაშინ აისახება, თუ მოჰყვება კონკრეტული ეკონომიკური გადაწყვეტილებები და რეგულაციები.
– ასევე აღნიშნავდნენ, რომ უცხოური პროდუქცია უფრო წახალისებულია, მაღაზიებშიც ზედა თაროებზე დევს, არავისთვის უცხო არ არის, რომ ყველა შემოტანილ პროდუქციას გავლენიანი „კრიშა“ ჰყავს, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ შეხვედრებს.
– თუ არსებობს ეჭვი ბაზრის კონცენტრაციაზე ან არაკონკურენტულ გარემოზე, ეს საკითხი შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების შესწავლის საგანია. თუმცა, საკუთრების ცვლილება ეკონომიკური პროცესია და ის უნდა ხდებოდეს კანონის და არა პოლიტიკური ჩარევის საფუძველზე.
ბოლოს ვიტყვი იმასაც, რომ ეკონომიკური პერსპექტივა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, ინფლაციის ტემპზე, საინვესტიციო აქტივობაზე, საგარეო ვაჭრობის დინამიკასა და რეგიონალურ სტაბილურობაზე.
თუ ინფლაცია კონტროლქვეშ დარჩება და ინვესტიციები გაიზრდება, შესაძლებელია, ზომიერი სტაბილიზაცია. თუმცა, გლობალური ეკონომიკური ფონი კვლავაც მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია.