ტრამპი – „ძალის გამოყენება არ მსურს, მაგრამ ხანდახან გიწევს… ირანში რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არა”

ტრამპი - „ძალის გამოყენება არ მსურს, მაგრამ ხანდახან გიწევს... ირანში რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არა"აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანთან მოლაპარაკებებით უმკაყოფილოა. მისივე განცხადებით, ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

“ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი იმით, ისინი მოლაპარაკებებს როგორც აწარმოებენ. არ შეიძლება, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ამ საკითხს დღეს კიდევ განვიხილავთ. მე მათთან შეთანხმება მინდა […]

კარგი იქნება, თუ შედეგს სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე მივაღწევთ, მაგრამ ზოგჯერ სამხედრო ძალის გამოყენება გიწევს. ძალის გამოყენება არ მსურს, მაგრამ ხანდახან გიწევს […] ირანში რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არა”. – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპის თქმით, ირანი კვლავ არ ამბობს უარს ბირთვულ იარაღზე, როგორც ამას აშშ ითხოვს.

“ჩვენ არ გვინდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და ისინი ამ ოქროს სიტყვებს არ ამბობენ”. – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპს ჰკითხეს რისკების შესახებ, თუ აშშ ირანს თავს დაესხმება.

“ვფიქრობ, რისკი ყოველთვის არსებობს. იცით, როცა ომია, ყველაფრის რისკი არსებობს, როგორც კარგის, ასევე ცუდის”. – უპასუხა ტრამპმა.

ცნობისთვის, მსოფლიოში აშშ-ს უდიდესი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford ისრაელის სანაპიროს მიუახლოვდა.

26 თებერვალს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ს წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ხამენეის რეჟიმს “მკაცრი მოთხოვნები’ წაუყენეს.

აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, არსებული მოლოდინით, ჟენევაში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს ირანისთვის უნდა მოეთხოვა, რომ სამივე ბირთვული ობიექტი – ფორდო, ნათანზი და ისპაანი – უნდა დაიშალოს და რეჟიმის ხელთ დარჩენილი ყოველგვარი გამდიდრებული ურანი აშშ-ს უნდა გადაეცეს.

ამასთან, წყაროების მიხედვით, აშშ-ს დელეგაციის კიდევ ერთ მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს, რომ ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება სამუდამო უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს ვადა. ცნობისთვის, ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღწეული 2015 წლის ბირთვული შეთანხმება (JCPOA), რომელსაც რესპუბლიკელები ზედმეტად სუსტ დოკუმენტად თვლიდნენ და რომელი შეთანხმებიდანაც ტრამპმა აშშ პირველი ვადის დროს გამოიყვანა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ირანზე შეზღუდვების მოხსნას გულისხმობდა.