თეირანის ქუჩებში აუცილებლად ნახავთ შენობებზე დახატულ გიგანტურ გამოსახულებებს, რომლებიც მრავალსართულიანი შენობების ფასადებს ფარავს. ეს არ არის უბრალო გრაფიტი — ეს არის ირანული მურალიზმი, ხელოვნებისა და იდეოლოგიის უნიკალური სინთეზი, რომელმაც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ქალაქი “ღია ცის ქვეშა გალერეად” აქცია.
ბევრისთვის მოულოდნელია ისლამურ ქვეყანაში ადამიანების პორტრეტების ასეთი მასშტაბით ნახვა, თუმცა აქ მთავარი გასაღები შიიტურ ტრადიციაშია. სუნიტური ისლამისგან განსხვავებით, რომელიც მკაცრად კრძალავს ცოცხალი არსებების გამოსახვას (კერპთაყვანისმცემლობის შიშით), შიიტურ ირანში პორტრეტი პატივისცემის გამოხატულებაა. “წითელი ხაზი” მხოლოდ ღვთაებისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის სახის ჩვენებაზე გადის, სხვა სასულიერო ლიდერების ხატვა კი სულიერი ავტორიტეტის ხაზგასმაა.
ახლა, როდესაც ახალი აიათოლას არჩევამ დონალდ ტრამპის მძაფრი რეაქცია და მიუღებლობა გამოიწვია, თეირანის შენობების კედლებზე გაჩნდა ახალი ტიპის გამოსახულებები. თუ ადრე მურალები ისტორიულ წარსულს ეძღვნებოდა, დღეს ისინი მომავალზე აკეთებენ აქცენტს. ერთ-ერთ ასეთ გამოსახულებაზე რევოლუციის პირველი ლიდერი ხომეინი და ხამენეი სიმბოლურად გზას ულოცავენ და ირანის დროშას გადასცემენ მოჯთაბა ხამენეის. ეს არ არის უბრალო მხატვრული ფანტაზია — ეს არის ვიზუალური დასტური იმისა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის პოსტი მემკვიდრეობითობით გადადის. მურალი, სადაც გარდაცვლილი ლიდერები ცოცხალ მემკვიდრეს ლოცავენ, ხალხისთვის მკაცრი მესიჯია – ისინი უნდა შეეგუონ აზრს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხაზი უცვლელი დარჩება.
ირანული მურალები მართლაც გამორჩეული ფენომენია, მაგრამ საწყისი 20-იანი წლებიდან, მექსიკის რევოლუციის გამარჯვებიდან იწყება. მაშინ რევოლუციურმა მთავრობამ დიეგო რივერას და მის კოლეგებს (ოროსკო, სიკეიროსი) დაუკვეთა გიგანტური ნახატები საზოგადოებრივ შენობებზე. მათი მიზანი იყო წერა-კითხვის უცოდინარ მოსახლეობას გაეგო, ვინ მოკეთე იყო და ვინ მტერი. მურალებზე მეტწილად გამოხატავდნენ მუშებისა და გლეხების ერთობას.
ირანში მურალიზმის დამკვიდრება რამდენიმე ეტაპად მოხდა და ის პირდაპირ კავშირშია იდეოლოგიურ ექსპორტთან. 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე ირანში ძალიან ძლიერი იყო მემარცხენე და კომუნისტური მოძრაობები. ირანელი ინტელექტუალები კარგად იცნობდნენ მექსიკელი მურალისტების შემოქმედებას, როგორც ჩაგრული ხალხის ხმას.
როდესაც 1979 წელს აიათოლა ხომეინი მოვიდა ხელისუფლებაში, ახალ რეჟიმს დასჭირდა საკუთარი იდეოლოგიის “დაღეჭვა” და ხალხამდე მიტანა. მათ დაინახეს, რომ მექსიკური მოდელი (დიდი პორტრეტები, მკაფიო გზავნილები) იდეალურად მუშაობდა. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, თეირანის კედლები გადაიქცა “ღია ცის ქვეშა გალერეად”, სადაც ხელოვნება და პოლიტიკური იდეოლოგია ერთმანეთს შეერწყა. აქაც, როგორც მექსიკაში, რევოლუციის შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი წერა-კითხვის უცოდინარი იყო და ამგვარ ინფორმაციას ვიზუალურად უკეთ აღიქვამდა. აიათოლების უზარმაზარი პორტრეტები შენობებზე ასრულებდა “მუდმივი მეთვალყურის” როლს. ისინი ხალხს შეახსენებდნენ რევოლუციის იდეალებსა და ლიდერების ავტორიტეტს.
ირან-ერაყის ომის დროს (1980-1988) მურალიზმი ირანში საბოლოოდ დამკვიდრდა. ქალაქი აივსო დაღუპული ჯარისკაცების გიგანტური პორტრეტებით. ხელისუფლებამ გამოიყენა რივერასეული მასშტაბი, ოღონდ მასში შიიტური მისტიციზმი და რელიგიური შინაარსი ჩადო.
ირანში არსებობს სპეციალური სახელმწიფო უწყება “ვიზუალური ეკოლოგიის” დეპარტამენტი, რომელიც წყვეტს, რომელი მურალი სად დაიხატოს და ვინ იქნება ავტორი. თეირანის მერიაში კი ფუნქციონირებს “ქალაქის გალამაზების ორგანიზაცია”, რომელიც სამუშაოების შესრულებაზეა პასუხისმგებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ისლამი კრძალავს კერპთაყვანისმცემლობას, შიიტურ ირანში ყოველთვის არსებობდა იმამების კულტი. აიათოლების პორტრეტები ამ ტრადიციის გაგრძელებაა. მხატვრები მათ ხშირად ხატავენ ნათელი შარავანდედით (ან შუქით ზურგს უკან) მშვიდი, ბრძნული გამომეტყველებით, ბუნების ფონზე (ყვავილები, მთები), რაც სულიერ სიწმინდეს განასახიერებს.
საინტერესოა, რომ ყველა მურალი ერთნაირი არ არის: არის რეალისტური, ზუსტი პორტრეტები, რომლებიც ფოტოს ჰგავს. არის აიათოლების სიმბოლური გამოსახულებები დროშების, მტრედების ან ომში დაღუპული “შაჰიდების” (მოწამეების) ფონზე. ბოლო წლებში თეირანში გამოჩნდა უფრო აბსტრაქტული და მხატვრული ნამუშევრებიც, რომლებიც ქალაქის დეკორაციად უფრო აღიქმება, ვიდრე მკაცრ პროპაგანდად.
რა თქმა უნდა, სპარსული ტრადიციისამებრ, ირანულ მურალებზე ყოველი დეტალი სიმბოლურია და გარკვეულ მესიჯს ატარებს. აიათოლების პორტრეტების გვერდით ხშირად შეხვდებით შემდეგ სიმბოლოებს: ხშირია, წითელი ტიტა – მოწამეობის სიმბოლო, რომელიც ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა სპარსულ იკონოგრაფიაში. ძველი სპარსული ლეგენდის თანახმად, იქ, სადაც სამშობლოსთვის დაღუპული გმირის სისხლი დაიღვრება, წითელი ტიტა ამოდის. მურალებზე ტიტები ხშირად გამოსახულია აიათოლების ან ომში დაღუპული ჯარისკაცების (შაჰიდების) გარშემო. ირანის სახელმწიფო გერბიც კი სტილიზებულ ტიტას წააგავს.
მეორე სიმბოლოა იერუსალიმი და ალ-აქსას ოქროს გუმბათოვანი მეჩეთი, როგორც ისლამის ერთობისა და “განთავისუფლების” სიმბოლო. რადგან ირანის საგარეო პოლიტიკაში იერუსალიმის დაჩემების საკითხი ცენტრალურია, ამიტომ ლიდერების პორტრეტების ფონზე მეჩეთის ხატვა ხაზს უსვამს ირანის, როგორც მუსლიმური სამყაროს დამცველის როლს.
მესამე, ხშირი სიმბოლოა თეთრი მტრედი. ისევე როგორც დასავლეთში, აქაც მტრედი მშვიდობის სიმბოლოა, მაგრამ ირანულ მურალებზე მას მეორე დატვირთვაც აქვს. ითვლება, რომ დაღუპული მებრძოლების სულები მტრედებად იქცევიან. როდესაც აიათოლა ჰომეინის პორტრეტის გვერდით მტრედებს ხატავენ, ეს მის სულიერ სიმშვიდესა და “ზეციურ” კავშირზე მიანიშნებს.
ასევე გამოსახავენ გატეხილ ჯაჭვებს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო რევოლუციის პირველ წლებში და შაჰის რეჟიმისგან განთავისუფლებას დასავლური გავლენისგან (იმპერიალიზმისგან) თავის დაღწევას მიანიშნებდა.
ირანელი მხატვრები ვირტუოზულად იყენებენ შენობების ფასადებს. ხშირად ნახატი არ არის უბრალოდ კვადრატული პორტრეტი; ის მიჰყვება შენობის ფორმას, ფანჯრებსა და აივნებს. ზოგიერთი მურალი 10-15 სართულის სიმაღლისაა. თეირანში ძალიან პოპულარულია ოპტიკური ილუზიის სტილი, როდესაც ერთი გამოსახულება ცვლის მეორეს და ატყუებს მნახველის თვალს. მაგალითად, სხვადასხვა რაკურსიდან ერთი აიათოლა ცვლის მეორეს, ან გამოსახულია ბუნება ისე, რომ შენობა აღარ აღიქმება.
ტრადიციულად, აიათოლების პორტრეტებში დომინირებს მწვანე ფონი ან მწვანის ელემენტები, რაც მათ სულიერ ავტორიტეტზე მიანიშნებს. მეჩეთების გუმბათების ხატვისას უფრო ცისფერი გამოიყენება, როგორც ზეციური სიმშვიდის სიმბოლო.
პორტრეტების გვერდით თითქმის ყოველთვის ნახავთ სპარსულ ან არაბულ კალიგრაფიის ნიმუშებს. ეს შეიძლება იყოს ციტატა ყურანიდან ან თავად ლიდერის გამონათქვამი. კალიგრაფია ნახატს “წმინდა” სახეს სძენს და მას უბრალო გრაფიტიდან რელიგიურ არტეფაქტად გადაქცევს.
აიათოლების გარდა, თეირანი სავსეა ომში დაღუპული ახალგაზრდების პორტრეტებით. მათ ხშირად ხატავენ ძალიან რბილ, თბილ ფერებში, რაც ხაზს უსვამს მათ “სამოთხისებურ” მდგომარეობას. დაღუპული ახალგაზრდა ჯარისკაცების რეალისტური პორტრეტები ქალაქს სევდიან, თუმცა ძალიან ადამიანურ იერსახეს აძლევს— კედლებიდან მოსახლეობას საკუთარი შვილები და გმირები უყურებენ, ქუჩები აღიქმება როგორც გრანდიოზული ოჯახური ფოტოალბომი.
თეირანის ვიზუალური ტრანსფორმაცია ისეთი მხატვრების დამსახურებაა, როგორებიცაა ირაჯ ესკანდარი, რომელმაც შექმნა აიათოლების კანონიკური, მონუმენტური პორტრეტები. მეჰდი ღადიანლომ კი ქალაქის უსულო ბეტონის კედლები ოპტიკურ ილუზიებად, სიურეალისტურ სივრცეებად აქცია. მხატვარი აჰმად ნადალიანის ნამუშევრები ძველ სპარსულ სიმბოლოებსა და თანამედროვე ხელოვნებას აერთიანებს. მათი შემოქმედებაა ის ხიდი, რომელიც ტრადიციულ ისლამურ იკონოგრაფიასა და თანამედროვე ქალაქგეგმარებას შორის გადის. თეირანში მუდმივად ახლდება ძველი, გახუნებული მურალები, რაც ნიშნავს, რომ ისინი წარმოადგენენ ირანული სახელმწიფოს პროპაგანდისტულ “ვიზუალურ ხმას”.
დღევანდელი გადასახედიდან ერთი კითხვა ჩნდება, რატომ არ იყენებს ირანის ოპოზიცია მურალებს, ბრძოლის ამ ქმედით საშუალებას? ძირითადი მიზეზები, რის გამოც ოპოზიციურ მურალებს თეირანის ქუჩებში დიდხანს ვერ ნახავთ ალბათ სახელმწიფო მკაცრი კონტროლია. ოპოზიცია უფრო გრაფიტებს მიმართავს, რომელსაც ღამით, ტრაფარეტით, გადააქვთ შენობის მცირე მონაკვეთზე. რომლებსაც სახელმწიფო დასუფთავების სამსახური დილით შლის. ბოლო წლებში მაინც გამოჩნდა რამდენიმე “პარტიზანული გრაფიტი”: ახალგაზრდა გარდაცვლილი ქალის მაჰსა ამინის პორტრეტები, მოჭრილი თმების სიმბოლო. ასევე, სახელმწიფო მურალების “მოდიფიკაცია” — მაგალითად, აიათოლების პორტრეტებისთვის წითელი საღებავის შესხმა, რაც სისხლის სიმბოლოა.
ირანში სახელმწიფო საკუთრების (კედლების) “შებღალვა” პოლიტიკური შინაარსის წარწერებით აღიქმება როგორც “ომი ღვთის წინააღმდეგ” ან სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფა, რაც ხშირად სიკვდილით დასჯას ან ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს. ამიტომ, ოპოზიციური “მურალი” და გრაფიტი უფრო გმირობის აქტია, ვიდრე უბრალოდ მხატვრობა. ამიტომ ოპოზიციამ ინტერნეტში გადაინაცვლა, სადაც აქვეყნებენ მაღალი ხარისხის ნამუშევრებს, მაგრამ მათზე წვდომა ჩვეულებრივი ირანელებისთვის შეუძლებელია.
მაგრამ მაინც, თეირანის მურალები არ არის მხოლოდ პროპაგანდა. ეს არის ისტორიის, რელიგიური ტრადიციისა და თანამედროვე ხელოვნების ნაზავი, რომელიც ქალაქის ფასადებს ცოცხალ ორგანიზმად აქცევს. თეირანი მნახველისთვის ყოველთვის დარჩება საოცარ, გამორჩეულ ქალაქად, რომლის კედლებიც თავის დიდებულ და სევდიან ისტორიას ღიად გვიზიარებს.
მანანა იაშვილი

