“ქმარს ღალატი ვაპატიე”

"ქმარს ღალატი ვაპატიე"ჩვენმა რესპონდენტმა თავის მეუღლეს 3 წელი საყვარელთან ცხოვრება და ამ წლებში მიყენებული ტკივილი აპატია. თუ რატომ და როგორ აპატია, ამას ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ.

მარინა დ., 38 წლის:

– ოჯახი ცოტა გვიან შევქმენი, 28 წლის ასაკში. ჩემი მეუღლე ჩემზე 2 წლით უფროსია. დიდი სიყვარული გვაკავშირებდა. გაგიკვირდებათ და თემურს ჯერ კიდევ პირველი კლასიდან ვიცნობდი. ჩვენ კლასელები ვიყავით, 11 კლასი ერთად დავამთავრეთ. კარგი მეგობრები ვიყავით. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენი გზები გაიყარა. რატომღაც ამის მერე კლასელები არასდროს შევკრებილვართ. თავი ვერ მოვაბით. შესაბამისად, ზოგიერთ კლასელთან კონტაქტიც არ მქონია. მხოლოდ მათ ვხედავდი, რომლებიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ.

26 წლის ვიყავი, როდესაც თემურს ისევ შემახვედრა ცხოვრებამ. მაშინ ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ერთ დღესაც ჩვენს ოფისში ახალი თანამშრომელი მოვიდა. თემურს რომ შევხედე, მანაც შემომხედა და ორივე გაოცებულები დავრჩით. ერთმანეთი მაშინვე ვიცანით, მაგრამ სკოლის დამთავრებიდან თითქმის 10 წელი იყო გასული და ძალიან შეცვლილები ვიყავით. იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ, გავიხსენეთ ჩვენი ძველი მეგობრობა, სკოლის ამბები. ბევრი ვიმხიარულეთ, ბოლოს კი ტელეფონის ნომერი გამომართვა. სამსახურთან დაკავშირებით რამე კითხვა თუ გამიჩნდა, დაგირეკავო. მართლაც, იმავე საღამოს დამირეკა სახლის ტელეფონზე. ამის შემდეგ ჩვენ ცალ-ცალკე არასდროს ვყოფილვართ. დაახლოებით 2 წლის თავზე ოჯახი შევქმენით. ყველაფერი კარგად იყო, სანამ თემურს ძველმა ურთიერთობამ თავი არ შეახსენა.

– რა ურთიერთობას გულისხმობთ, ძველ სიყვარულს?

– რას და მის საყვარელს. როცა ჩვენ შევხვდით, უკვე 28 წლის იყო. ამ ასაკის უცოლო მამაკაცს პარტნიორი ქალი ყოველთვის ჰყავს. თემურსაც ჰყავდა თავისზე 10 წლით უფროსი საყვარელი. როცა ჩვენი ურთიერთობა გასერიოზულდა, თურმე იმ ქალს თავი დაანება. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ვუყვარდი და ჩემთვის ღალატის კადრება არ უნდოდა. ეს ქალი მიავიწყდა. ჩვენ ვიქორწინეთ, გოგონა შეგვეძინა, მალევე ბიჭიც გავაჩინე და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ჩვენი დაქორწინებიდან 6 წლის შემდეგ ის ქალი თემურის ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა. მანაც ცდუნებას ვეღარ გაუძლო.

– თქვენ ეს ყველაფერი ვინ გიამბოთ?

– რა თქმა უნდა, თემურმა, თორემ ასე დეტალებს საიდან გავიგებდი. იმ ქალის შესახებ ადრეც მომიყვა და ისიც მითხრა, რომ მასთან ურთიერთობა არასდროს ექნებოდა და რაც იყო, ჩვენ შეხვედრამდე იყო. მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მერე რა, თუ უცოლო კაცს საყვარელი ეყოლებოდა, მთავარია, რომ ცოლის შერთვის მერე ეს აღარ მოხდებოდა. ჩემი მეუღლე ისეთი ტიპია, არაფერს მიმალავდა და თუ რამე იყო, ყველაფერს გულახდილად მეუბნებოდა. ამიტომ ერთმანეთში ძალიან ღია ურთიერთობა გვქონდა. სწორედ ამიტომ მისი საყვარლის გამოჩენის ამბავი პირველმა მე შევიტყვე. თემურმა მითხრა, რომ იმ ქალის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს, მაგრამ მას ჩემთან ურთიერთობა უნდა, ამბობს, რომ ვერ დამივიწყაო. ჩემმა ქმარმა მითხრა, არაფრის შეგეშინდეს, მე მისგან თავს შორს დავიჭერო. თუმცა, გარკვეული შიში მაინც გამიჩნდა. მით უმეტეს, ვიცი, რომ ბევრი ქალი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდაც კაცი დაითრიოს.

– თქვენი ქმრის ყოფილმა საყვარელმა ეს შეძლო?

– კი და თან ისე, რომ გარკვეული ხნით ქმარი წამართვა. თემურის იმედი მქონდა, მასში დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მიღალატებდა, მაგრამ იმ ქალმა ყველაფერი გააკეთა. ერთი-ორჯერ სახლშიც კი დაურეკა. მითხრა, მისი ძველი ახლობელი ვარ, ტელეფონზე არ მპასუხობს და დაუძახეო. თემო ძალიან გაბრაზდა, რით ვერ შეიგნო, მასთან ურთიერთობა რომ არ მსურსო. ტელეფონზე არ პასუხობდა, გაურბოდა. მან კი თავისი მაინც გაიტანა. ჩემი ქმრის ასეთმა უარმა, როგორც ჩანს, უფრო გაამწარა და გააქტიურდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ თემური სახლში მიიტყუა, მერე კი რაღაცით გააბრუა. ჩემი ქმარი ოჯახიდან წავიდა და 3 წელი იმ ქალთან ცხოვრობდა. საშინელი დღეები გამოვიარე, ბავშვებიც განიცდიდნენ მამის სახლიდან წასვლას. თან ყველაზე მტკივნეული ის იყო, ვიცოდი, რომ თემური იმ ქალმა რაღაცებით გააბრუა. ახლა კი ისევ ოჯახისკენ მობრუნდა. გონება გაეხსნა და მიხვდა, რომ ოჯახს გული ატკინა. 1 წლის წინ სახლში მოგვადგა. რომ დავინახე, გული წამივიდა. ამ 3 წლის განმავლობაში ის არასდროს მინახავს. ბოდიშები მიხადა და მიხსნიდა, რომ იმ ქალმა რაღაც გაუკეთა. მეზიზღება ის ქალი, ეს 3 წელი ოჯახს რომ მომაცილაო. მაშინვე შევატყვე, როგორი გულწრფელი იყო, მე ხომ თემურს საკუთარი თავივით ვიცნობ.

– თქვენ რა უთხარით? ქმარს ღალატი აპატიეთ?

– კი, ვაპატიე, იმიტომ, რომ მე ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და მასაც ასევე ვუყვარვარ. კი ეცადა ის ქალი, რომ საბოლოოდ დავეშორებინეთ, მაგრამ ვერ შეძლო. დღეს მე და თემური ისევ ერთად ვცხოვრობთ და ჩვენს შვილებს ვზრდით. ვცდილობ, ის 3 წელი არ გავახსენო, რადგან როცა ამ ყველაფერს იხსენებს, ძალიან რცხვენია და ნერვიულობს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქმარი ღალატს გამიზნულად არასდროს იკადრებდა, იმ ქალს რაღაცებით რომ არ გაებრუებინა. მადლობა ღმერთს, რომ გონს დროულად მოეგო და ოჯახს დაუბრუნდა.

თქვენთან საუბარი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბევრ ქალს მივმართო. ღალატი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ უპატიებელი არაფერია, როცა დიდ სიყვარულს ეხება საქმე. თანაც, ჩემი ქმრის შემთხვევაში, იმ ქალმა იაქტიურა და იმდენი ქნა, რომ თავისთან წაიყვანა. მთავარი ის არის, ბოლოს მაინც მოვიდა ჭკუაზე და მიხვდა, რომ მისთვის ცოლი და შვილები უფრო ძვირფასი იყო. თუ ქმარი მართლა გიყვარს, მაშინ ერთხელ ღალატსაც აპატიებ. მეც ასე ვამბობდი ხოლმე, ქმარს ღალატი როგორ უნდა ვაპატიო-თქო, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა, რომ ღალატის პატიება შემძლებია.