ტორესა მოსი – „მამაჩემი მღვდელი იყო… რომ შეეძლოს იქიდან რამე მითხრას, მეტყოდა, შვილო, გარუსებენ…“

ტორესა მოსი - „მამაჩემი მღვდელი იყო... რომ შეეძლოს იქიდან რამე მითხრას, მეტყოდა, შვილო, გარუსებენ...“ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს:

„მოკლედ რა გათვალა ოცნებამ. ოცნებამ გათვალა, რომ ვაჯანჯღარებთ, გათვალა, რომ შეუძლია გაუძლოს გარკვეული დრო, მაგრამ არავის შეუძლია გაუძლოს ამ დაჭიმულობას განუსაზღვრელი დროით. ამიტომ მათ კვირანახევარი სააღდგომო დასვენებად გამოაცხადეს. ამავდროულად იციან, რომ მთელი ქვეყანა გადის აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე და ვინაიდან მილიონნახევრიან თბილისში ერთ მილიონ ადამიანს მაინც მშობლების თუ არა პაპა-ბებიის საფლავები მაინც რეგიონებში აქვს, ყველა გადის ქალაქიდან.
რაც ვერ გათვალეს, არის ჩვენი ურყევი და მტკიცე ნება, რომ ეს ქვეყანა არ გარუსდება და რომ საქართველო თავისი არსით არის ევროპული ქვეყანა და ამ გზას არ ეღალატება.
მამაჩემის, ბებიის, დეიდის და მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი წინა 9 თაობის საფლავები თელავშია და როგორც ყოველთვის ახლაც დავპირდი დედაჩემს, რომ აღდგომას ჩავიდოდი, მაგრამ ქრისტიანი იმიტომ ვარ, რომ მწამს ქრისტეს აღდგომა უნივერსალური და ბრწყინვალეა დედამიწის ყველა წერტილში.
მამაჩემი მღვდელი იყო და თელავში, მისივე აღდგენილი ეკლესიის ეზოშია მისი საფლავი და ვინაიდან მამაჩემს ყველაზე კარგად ვიცნობდი, ზუსტად ვიცი ახლა იქ რომ ჩავიდე მის საფლავთან და რომ შეეძლოს იქიდან რამე მითხრას, მეტყოდა „შვილო სულ მთლად ხომ არ გაგიჟებულხარ, გარუსებენ და აქ ვის რა ჩემ ფეხებად უნდა კვერცხების გაგორება, წადი და შენი ვალი მოიხადე ღმერთის და ქვეყნის წინაშეო”. და არც ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ იგივეს მეტყოდა ჩემი ორივე პაპა, ორივე ბებია, მათი მშობლები და კიდევ მათი მშობლები და დეიდაჩემი, რომელსაც ოცნება ერქვა და რომელიც ყველაზე ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ.
მე არ მიყვარს საკუთარი სარწმუნოებით პოზიორობა, რადგან არ მინდა ვიყო ფარისეველი, რწმენა შინაგანი და ყველაზე პირადი რამეა ამ ქვეყნად, მაგრამ ამ ფარისევლებისგან და გარუსებულებისგან, მათ შორის ჩვენი სარწმუნოებაც დასაცავი და გადასარჩენია.
ამიტომ ჩემი ინიციატივაა, წელს, პირველად, მთელმა ქვეყანამ შაბათს საღამოდან კვირის დადგომისთანავე, აღდგომა ვიდღესასწაულოთ ერთად რუსთაველის გამზირზე. იმიტომ კი არა რომ ყველას ერთნაირად გვწამს ან გვჯერა, თუნდაც იმიტომ რომ ვისაც გვჯერა, იმათ რწმენას ვცეთ ყველამ ერთად პატივი და ამავდროულად ხაზი გავუსვათ, რომ ჰო, ზუსტად ასეთი ურთიერთპატივისცემა არის ყველაზე დიდი ევროპული ფასეულობა და ამ ფარისევლებს, რომლებიც სარწმუნოების ინსტრუმენტალიზაციას ცდილობენ სამშობლოს ღალატის პროცესში, გამოვაცალოთ ეს ხელიდან.
მოკლედ, ამ ერთხელ, მოდი ყველა დავრჩეთ აღდგომის სიხარულში, სიცოცხლეში და ქვეყნის სიყვარულში ერთად და ერთობით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრები ამით უფრო გაიხარებენ და ეს მათთვისაც უფრო მეტად იქნება აღდგომის სიხარული, ვიდრე წითელი კვერცხების მათ საფლავებზე გადაგორება, უფრო მეტად იამაყებენ ჩვენით ჩვენივე გულებში.
მოდით გავაკეთოთ ეს ერთად. წავიღოთ წითელი კვერცხები, ჩავუჭახუნოთ და ყველამ ერთად გავიზიაროთ ქრისტეს აღდგომის სიხარული, სიკვდილზე გამარჯვების სიხარული, როგორც სიმბოლო საქართველოს რუსეთზე გამარჯვებისა.
აღდგომის სიხარულით დავამარცხოთ რუსული ბოროტება. რადგან რუსეთი არ არის ქრისტიანული ქვეყანა, თუ ვინმემ ეს არ იცით, რუსული ეკლესია, უკვე დიდი ხანია მწვალებლობის წარმწყმედელ ცოდვაშია ჩავარდნილი და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაწყვეტილი ჰქონდა მასთან ევქარისტული კავშირი, სანამ სტალინის იძულებით არ მოხდა მისი აღდგენა. არანაირი ერთმორწმუნე ხალხი ეგ ჩვენთვის არ არის. რუსული ქრისტიანობა ეს არის მწვალებლობა და არ შეიძლება საქართველოს მასთან რამე კავშირი ჰქონდეს. ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ერთმორწმუნე ხალხები ევროკავშირში, თუნდაც საბერძნეთის და რუმინეთის სახით და კი საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, ევროკავშირში მართლმადიდებლობას უფრო მეტად გააძლიერებს და ჭეშმარიტ მართლმადიდებლად ვისაც მიაჩნია თავი, ამისკენ უნდა მიილტვოდეს და არა რუსულ მწვალებლობასთან თანაზიარებას, რაც მომაკვდინებელია ქრისტიანის სულისთვის. და თუ ჩვენთან ერთად უკრაინაც გახდება ევროკავშირის წევრი, წარმოიდგინეთ ეს რამხელა სიხარული შეიძლება იყოს სწორედ ჩვენი ჭეშმარიტი ერთმორწმუნეებისთვის.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამაზე სწორი გადაწყვეტილება გინდა ქრისტიანულად, გინდა პოლიტიკურად, გინდა კულტურულად, გინდა ფასეულობებით, გინდა სტრატეგიულად, არ მგონია არსებობდეს.
პირველად საქართველოს ისტორიაში საერთო სახალხო აღდგომის დღესასწაული ვიდღესასწაულოთ რუსთაველზე.“