ლევან ხაბეიშვილი – „სპეცრაზმელები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ მოვეკალი… რასაც ხედავთ ჩემს ტანზე ეს რუსეთია”

ლევან ხაბეიშვილი - „სპეცრაზმელები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ მოვეკალი... რასაც ხედავთ ჩემს ტანზე ეს რუსეთია"სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი ლევან ხაბეიშვილი ამ წუთებში პარლამენტში კომენტარს აკეთებს – პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ენმ-ის თავმჯდომარემ გუშინდელი მოვლენათა ქრონოლოგია გაიხსენა.

“ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი მედიას” – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და იქვე დასძენს, რომ ძალადობის შემყურე, თავდაპირველად, ახალგაზრდის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც სპეცრაზმმა კორდონში შეიტყუა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველები მას 10-15 წუთის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ. მეტიც, დეპუტატი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში სპეცრაზმი მას ვიდეოს უღებდა და ეუბნებოდა, რომ ის ხელისუფლების გამკრიტიკებელი იყო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სამართალდამცველების მხრიდან დაშინების მცდელობაზეც საუბრობს და ღიად აცხადებს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ხაბეიშვილი სპეცრაზმელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაშიც ამხელს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავს “ჩმორს” უწოდებდა, ძალოვანი უწყების თანამშრომლები მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას აღარ განახორციელებდნენ.

საქმის კურსში მინდა ჩაგაყენოთ, არ გაინტერესებთ რა მოხდა? ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი მედიას. ცხადია, ეს ბავშვი რომ შეჰყავდათ მისკენ გავემართე. ამის შემდეგ, როდესაც უკვე ხარებას დაჯგუფების ალყაში მოვხვდი, დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ. როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე. იძახდნენ, რომ მოკალით და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი. ეს ყველაფერი ტელეფონით აქვთ გადაღებული. თუ ვეტყოდი, რომ ჩმორი ვარ, აღარ დამარტყამდნენ. ამაზე პასუხი რომ მიიღეს, კიდევ უფრო მაგრად მომხვდა. რასაც ხედავთ ჩემს ტანზე ეს რუსეთია და ჩემდა სამწუხაროდ, ასე გაიღვიძა ბევრმა ბავშვმა. თქვენ შეიძლება, გაგიხარდათ, რომ ხაბეიშვილი ასეა, მაგრამ ჩვენს შვილებს დასდევდნენ იქ. მე მახსოვს, აქ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ ერთი ახალგაზრდის თმის ღერიც არ გვიღირს არანაირ კანონადო. მიუხედავად ყველაფრისა, აღდგომის კვირაა და ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინც ასე მოიქცა”, – ამბობს ხაბეიშვილი.