პაპუნა უგრეხელიძე – ”ეკა მესხიძე სექსუალურ შევიწროებას იმიტომ მაბრალებს, რომ მისი ქმარი ზურაბ ყიფიანი სამსახურიდან გავუშვი”

პაპუნა უგრეხელიძე - ”ეკა მესხიძე სექსუალურ შევიწროებას იმიტომ მაბრალებს, რომ მისი ქმარი ზურაბ ყიფიანი სამსახურიდან გავუშვი”საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და განაცხადა, რომ მისი ყოფილი თანამშრომლის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გაკეთებული ბრალდებები შურისძიებაა.

– ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ე. მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი (ნაციონალური მოძრაობის წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან. ზურაბ ყიფიანი, როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს, და სხვ. ზურაბ ყიფიანის შესახებ დასკვნა იხილეთ აქ, – აცხადებს პაპუნა უგრეხელიძე.

უგრეხელიძე დასძენს, რომ ეკა მესხიძემ სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროების შესახებ მას შემდეგ მიმართა, რაც მისი მეუღლე სამსახურიდან გათავისუფლდა.

– მეუღლის გათავისუფლების გამო ეკა მესხიძე მაშანტაჟებდა და არსებობს მოწმე, რომლის საშუალებითაც მან შემატყობინა, რომ მისი მეუღლე – ზურაბ ყიფიანი არ გამეთავისუფლებინა სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო დამცველთან მიჩივლებდა, – წერს პაპუნა უგრეხელიძე სოციალურ ქსელში.

აქვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეკა მესხიძე სამსახურიდან არა სექსუალური შევიწროების, არამედ უფრო მაღალანზღაურებადი სამსახურის შეთავაზების გამო წავიდა: “მას ახალი სამსახური – GIZ – სთავაზობდა და სადაც დასაქმებისთვის საჭირო რეკომენდაციაც კი გავუწიე”, – ამბობს უგრეხელიძე.

პაპუნა უგრეხელიძე ეკა მესხიძის მხრიდან მის მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო, სასამართლოს მიმართავს.

– ერთადერთი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, არის ის, რომ ვმეგობრობდი ეკა მესხიძესთან, რომელიც რეესტრში 2004 წელს დაინიშნა, რომ ვენდობოდი მას და რომ ფამილარული გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ გვქონია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის მიერვე სამსახურში ჩემს დაბადების დღეზე მოტანილ ციყვებიან ტორტს ის მოგვიანებით სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო და უხერხულია, – წერს უგრეხელიძე.

იმედინიუსი