„დამრჩა მათი დაწერილი – “აი ია”, “აი თითი”, “აი თასი” და ყველა შეხედვაზე მატირებს“ – აკა სინჯიკაშვილი

„დამრჩა მათი დაწერილი - "აი ია", "აი თითი", "აი თასი" და ყველა შეხედვაზე მატირებს“ - აკა სინჯიკაშვილიაკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„სათამაშოების ნაწილს, რომელიც ჩემთან მოგაქვთ, ქუჩის ბავშვებს ვურიგებთ ხოლმე. ზოგიერთს სახელი და გვარიც არ აქვთ, რასაც დაუძახებთ, იმაზე იხედებიან.
ასე სათამაშოებით მოვიტყუე და ქართულ წერა-კითხვას ვასწავლიდი, თორემ მიმატება-გამოკლება, ჩემზე კარგად იციან. ექვსნი იყვნენ თავიდან და ყველამ იცოდა მაგიური პირობა – ვინც პირველი წაიკითხავდა ტექსტს შეუცდომლად, მიიღებდა ჯილდოს – ახალთახალ ველოსიპედს, რომელსაც დავპირდი, რომ მაღაზიაში ერთად წავიდოდით და ერთად ვიყიდდით.
ჯერ ლენა და გოშა აღარ მოვიდნენ, მერე ვოლა და ზემფირა. დამრჩნენ მარტო როზა და ლიცა. მე, ერთი ჩემი მასწავლებელივით ვიწიწკნებოდი შუაზე – რატომ აღარ დადიხართ, ველოსიპედს კიარა, ახალ წელსაც აღარ მოგცემთ საჩუქრებსთქო. ერთ დღესაც, როზაც აღარ მოვიდა და ლიცა ისე მოვიდა, ყველას ნაცვლად სცხვენოდა. ძალიან რომ შევაწუხე კითხვებით, მითხრა – ფული რომ აღარ მიგვქონდა, მიხვდნენ რომ აღარ ვმათხოვრობდით და სხვაგან დავდიოდით და მაგრად მოგვხვდაო. ისე გავცოფდი, მეთქი მანახე ვინ არიან, ვამათხოვრებ კიარა ფეხით ჩამოვკიდებ ხეზეთქო. ეგრევე ვნახე როგორ შეეშინდა და მიხვდა, რომ ეგეც არ უნდა ეთქვა ჩემთვის. მალე მოვალო მითხრა და წავიდა.
იმ დღის შემდეგ არცერთი აღარ მოსულა ჩემთან. დამრჩა მათი დაწერილი – “აი ია”, “აი თითი”, “აი თასი” და ყველა შეხედვაზე მატირებს.
წავიდნენ და გადაყლაპა ქუჩამ ისევ ბავშვები, როგორც სხვა ასეულობით ბავშვი, რომლებსაც ქუჩაში ამათხოვრებენ, თავპირში ურტყამენ და მიწაზე სძინავთ.
ისინი თქვენ ქუჩაში გხვდებიან, ზედ გეკიდებიან, კალთებს გაგლეჯენ და ყველაფრით ცდილობენ ფული გამოგართვან. ფული კი იმისთვის სჭირდებათ, რომ საღამოს ცხვირპირი არ დაუმტვრიონ იმისთვის, რომ ფული ვერ შეაგროვეს.
იცით რამდენი ბავშვი მათხოვრობს ქუჩაში? რამდენი იძინებს მშიერი და ნაცემი? ღამით მათ ბუნაგებში ყოფილხართ, სად სძინავთ?
ესენი როცა გაიზრდებიან, გგონიათ კაცთმოყვარე კანონმორჩილი მოქალაქეები დადგებიან? მათ ქურდობის და მათხოვრობის მეტი არაფერი არ ეცოდინებათ და რა უნდა გააკეთონ სხვა.
ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ ქვეყანაში? არაუშავს, იყოს ასე?
კაი.“