ბათუმში 10 მაღაზია დაიწვა

ბათუმში 10 მაღაზია დაიწვაბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათამდე სავაჭრო ობიექტი დაიწვა. ხანძარი 30 აგვისტოს, დილის ორი საათისთვის გაჩნდა. მის ჩაქრობას ათი სახანძრო მანქანა და 65 მეხანძრე მაშველი ორ საათზე მეტი ხნის მანძილზე ცდილობდა.

წინასწარი ინფორმაციით ხანძარი ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე გაჩნდა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მის გვერდით მდებარე სხვა მაღაზიებს მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბათუმში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ბათუმის პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია. ასევე, სავაჭრო ცენტრის სახურავი – ჯამში 560 კვ.მ ფართობი. ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.