დავით ჭიჭინაძე – “ირაკლი კობახიძეს ლოგიკა საერთოდ არ გააჩნია – “პატრიოტთა ალიანსთან” პოლიტიკური ვალდებულებები არ მაქვს”

დავით ჭიჭინაძე - "ირაკლი კობახიძეს ლოგიკა საერთოდ არ გააჩნია - "პატრიოტთა ალიანსთან" პოლიტიკური ვალდებულებები არ მაქვს"“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს.
– ბატონო დავით, თქვენი პოლიტიკური მომავალი “პატრიოტთა ალიანსს” უკავშირდება? თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მათ რიგებში გაწევრიანდეთ.
– არა, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი არის. “პატრიოტთა ალიანსში”, მას შემდეგ, რაც ნატო ჩხეიძემ დატოვა, გარკვეული ტექნიკური პრობლემა შეიქმნა. მათ რომ არ დაშლოდათ ფრაქცია, საჭირო იყო გარკვეულ ვადაში ეს ადგილი შევსებულიყო. ირმა ინაშვილმა მთხოვა და, რასაკვირველია, მე კოლეგებს მხარი დავუჭირე.
სანამ ეს საარჩევნო პერიოდი არ ამოიწურება, მე მათი წევრი ვიქნები, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს პოლიტიკური ვალდებულებები, რომ ერთმანეთს რამე შევუთანხმოთ. შესაბამისად, ჩვენ თავისუფლები ვართ ჩვენს ქმედებებში და განცხადებებში. ერთი კია, მე მხარს ვუჭერ მათ იმ ინიციატივაში, რომელიც ბოკერია-სააკაშვილს ეხება და ეს ინიციატივა რომ არ ჩავარდნილიყო, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.
– კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე მინდა გკითხოთ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ მოხდა ამ კანონპროექტის ორი თვით გადავადება?
– მე ამ ყველაფერს პარლამენტის თავმჯდომარის ლოგიკას ვუკავშირებ, რომელიც მას საერთოდ არ გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ძალიან ცუდად ეთამაშებიან. საზოგადოებაზე ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ, რადგან ფიქრობენ, რა სულელური ახირებაც არ უნდა ჰქონდეთ, მას საზოგადოებას თავს მოახვევენ. მეტს მე ვერაფერს ვერ უკავშირებ კვლავ ამ თემის წამოწევას.
ერთი და ორი მღვდელმთავრის აზრი, რომელიც შეიძლება ხელისუფლების მიმართ დარბილდეს, არ იქნება საზოგადოების აზრის შეცვლა ამ კონკრეტულ საკითხზე. საზოგადოება ყოველთვის საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე იდგება.
– თქვენ ინფორმაცია გაქვთ, რომ მღვდელმთავრების აზრი შეიცვალა?
– არა, შეიძლება მათაც აქვთ ილუზია, რადგან ისინი უფრო შეგნებული ადამიანები არიან. რადგან უკან დახევა მოხდა, მათაც რიტორიკა შერბილეს და სიტუაციას არ ძაბავენ.
მე ზოგადად ვხედავ პრობლემას თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა და ჩვენს ქვეყანაში კანაფის კულტივაცია დაკანონდება. გაოცებული ვარ, როდესაც პარლამენტში ადამიანები ამბობენ, რომ ეს არ არის ნარკოტიკი. მეორე, გვეუბნებიან დაცულ ტერიტორიაზე მოხდება მისი მოყვანა, ისე, რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება. მაშინ კითხვა მაქვს: თუ ნარკოტიკი არ არის, რატომ უნდა დავიცვათ კერძო საქმიანობა სახელმწიფოს ხარჯზე?! სად არის აქ ლოგიკა?! ლოგიკის არარსებობა იწვევს კითხვებს. ამიტომაც ვითარდება ჩვენი ქვეყანა ასე არალოგიკურად.
– კვირიკაშვილის პრემიერობის დროს თუ იყო ამ კანონპროექტზე საუბარი? თითქოს ამ კანონპროექტს შეეწირა მისი პრემიერობა.
– არა, მაშინ საერთოდ არ იყო საუბარი არც კულტივაციაზე და არც – ექსპორტზე. მაშინ საუბარი იყო მხოლოდ დეკრიმინალიზაციაზე, ციხე დარჩენილიყო თუ არა.
თუ ძალადობრივად მოხდება ამ კანონპროექტის პარლამენტში გატანა, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მაშინ საზოგადოება მათ საკადრის პასუხს გასცემს.
– რას გულისხმობთ?
– ეს პასუხი იქნება ამ პარლამენტის დასასრულის დასაწყისი. ალბათ, ჩემს კოლეგებს კარგად აქვთ ნანახი, უკრაინაში სანაგვე ყუთებში ხალხი დეპუტატებს როგორ ყრიდა.
– თქვენ უშვებთ, რომ ამ საკითხზე ორი თვის შემდეგ საპატრიარქოს პოზიცია შეიცვალოს?
– არ ვიცი, მათი პოზიცია ორი თვის თავზე როგორი იქნება, მაგრამ საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხზე უკვე ცნობილია და ეს პოზიცია არაერთგზის პატრიარქმა გააჟღერა. საპატრიარქოს პოზიცია პირადად პატრიარქი აჟღერებს ან მისი სახელით რომელიმე მღვდელმთავარი.
რატომ გადადეს მაინცდამაინც ორი თვით?! ორი თვის თავზე არის დეკემბრის ბოლო, წინასაახალწლო განწყობა, ხალხი უფრო მოდუნებულია, ამიტომ მე უფრო ამას ვუკავშირებ, ვიდრე იმას, რომ არჩევნები ჩავლილი იქნება და პრეზიდენტს ფიციც დადებული ექნება.
წინასაახალწლო პერიოდში ფიქრობენ, რომ ამ კანონპროექტს გააპარებენ და მიიღებენ, ფიქრობენ, რომ ახალი წელი გადაფარავს. საპრეზიდენტო არჩევნებს რომ უკავშირდებოდეს მისი გადადება, მაშინ არც თავის დროზე, გაგანია წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიტანდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებით გვეუბნება, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს, მაგრამ მე ასეთ განწყობას ხალხში ვერ ვხედავ.
– თქვენ ეჭვი გეპარებათ?
– მე ხალხში დავდივარ და ვიცი ხალხის განწყობები.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა