გიორგი მშვენიერაძე – „ზურაბ ჯაფარიძეს კანაფის ფესტივალი თავისუფლების ფასად თუ უღირს, ეს მისი გადასაწყვეტია“

ზურაბ ჯაფარიძის მიერ კანაფის ფესტივალის ჩატარების და შსს-ს მიერ ამ თემაზე გამოძიების დაწყების შესახებ  „ახალი თაობა“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.

_ ბატონო გიორგი, იმ ვითარებაში, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის ლეგალიზაციაზე არსებული კანონი არაკონსტიტუციურად ცნო, რამდენად სწორი რეაქცია ჰქონდა შსს-ს და უფლებამოსილება ამ საკითხზე?

_ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას თემაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პირველი არის ის, რომ მარიხუანას გარკვეული რაოდენობის ფლობისთვის ადამიანები არ ისჯებიან. თუ არ ხდება მისი რეალიზაცია და პირი ფლობს მას პირადი მოხმარების მიზნით, მას არ დაიჭერენ. ეს არის 70 გრამამდე. როცა ამას ვამბობ, ვგულისხმობ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ იწვევს და დასჯადი არ არის

სასამართლომ ასევე თქვა, რომ პირადი მოხმარებისთვის სანქცირება ასევე არაკონსტიტუციურია, თუმცა ასევე თქვა, რომ არსებობს გარკვეული პროფესიები, საქმიანობა, სადაც შესაძლოა შეზღუდვა არსებობდეს, მაგრამ ასეთი რამე ჯერ არ არის კანონით გათვალისწინებული. თუმცა, თუ საჯარო სამსახურში პირი გამოცხადდება თრობის ქვეშ, აქ იგივე სტანდარტი მოქმედებს, რაც აქამდე მოქმედებდა.

რაც შეეხება აქციას, რომელიც დაანონსდა, ამ აქციის მიზანი აბსოლუტურად გასაგებია. როგორც მე ვხვდები, ეს აქცია სწორედ იმას ემსახურება, რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ არის იმდაგვარი, რომელიც შეიძლება პასუხობდეს იმას, რომ თუკი მისი მოხმარება ლეგალურია, უნდა იყოს თუ არა ლეგალური მისი შეძენაც.

მე ასე წარმომიდგენია, რომ ეს აქცია საკანონმდებლო პრობლემებისა და საკანონმდებლო სირთულეების წინააღმდეგ არის მიმართული. თუკი აქციის ორგანიზატორების შეფასებით კანონი არის უაზრო, არაგონივრული და ის შესაცვლელია, მაშინ აქციის შინაარსი აბსოლუტურად გასაგები ხდება.

_ ეს გასაგებია, მაგრამ შსს-მ როგორ უნდა იმოქმედოს ამ ვითარებაში?

_ შსს-ს რა რეაგირება ექნება, როგორ იმოქმედებს და როგორი იქნება მისი პოლიტიკა, ეს თავად შსს-ზეა დამოკიდებული.

_ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს აქცია ისევ გახდეს პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი?

_ ზოგადად ნარკოპოლიტიკა ცხარე დისკუსიის საგანია და არა მხოლოდ საქართველოში. არიან ადამიანები, რომლებიც უვარგისი, მაგრამ ტრადიციული შეხედულებით უყურებენ ნარკოპოლიტიკის განხორციელების საკითხებს. თვლიან, რომ მკაცრი ხელი იხსნის ნარკოტიკების მავნე შედეგებისგან საზოგადოებას. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნების მაგალითებმა პრაქტიკაში აჩვენა, ვითარება სხვაგვარადაა. ამას ცხადყოფს გაეროს რეკომენდაციებიც.

ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არის უკეთესი შედეგის მომტანი. ეს გულისხმობს, რომ საზოგადოება ნარკოდამოკიდებულ პირს უყურებს არა როგორც საზოგადოებისგან გასაგდებ წევრს, არამედ პირს, რომლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. უყურებს არა როგორც კრიმინალს, არამედ პირს, რომელსაც შესაძლოა აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ცდილობს მის დახმარებას. ეს არის განსხვავება მოდელებს შორის.

ჰუმანური მიდგომა ბევრად კეთილშობილია და უკეთესი შედეგის მომტანიც არის. ჰუმანურ მიდგომას ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ამიტომ, ამ თემასთან კავშირში მყოფი თემაა მარიხუანას საკითხი. მარიხუანა ისეთი ნარკოტიკული საშუალებაა, რომელიც არ იწვევს დამოკიდებულებას, ამიტომ მასთან მიმართებაში ევროპის, აშშ-სა და კანადის დამოკიდებულება ბევრად ლიბერალურია და დაახლოებით ისე უყურებენ, როგორც ალკოჰოლს.

_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ ჯაფარიძეც არ აპირებს უკან დახევას. ყველას მოუწოდა ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აღნიშნა, რომ არაა აუცილებელი, აქციის მონაწილეებმა მოიხმარონ მარიხუანა და ამას თავად გააკეთებს.

_ თუ ზურა ჯაფარიძე თვლის, რომ ეს მისი მხრიდან სწორი ნაბიჯია და ეს უღირს რისკად და ამ ტიპის პერფორმანსად, თუნდაც ეს დაუჯდეს „თავისუფლების“ ფასად, იმიტომ, რომ არსებობს საფრთხე რომ ის დააკავონ, ბუნებრივია, ეს მისი გადასაწყვეტია.

_ ჯაფარიძე საპრეზიდენტო კანდიდატია. თუ შსს მას დააკავებს, ეს საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლად ხომ არ აღიქმება?

_ წინასწარ ძნელია იმის თქმა, რა მოხდება, ამიტომ მკითხაობასავით გამოგვივა. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შეფასების გაკეთება მერე გაცილებით უფრო ადეკვატური იქნება.

_ ამ ფესტივალს არჩევნების და საარჩევნო კამპანიის ნაწილად არ განიხილავთ?

_ რა თქმა უნდა, კამპანიის ნაწილია. ჯაფარიძე პოლიტიკოსია, საპრეზიდენტო კანდიდატია და ის კამპანიის ნაწილად ყოველთვის ღიად ასახელებდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ხელშეწყობას. ეს მისი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ბუნებრივია, რომ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულია ეს თემაც.

მგონია, რომ ეს ორი თემა არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული და ეს „გირჩის“ პოლიტიკის ნაწილია.

_ პოპულიზმის ნიშნები ხომ არ ჩანს შსს-ს განცხადებაში და ზოგადად ხელისუფლების პოზიციაში? ერთი მხრივ ხელისუფლება კულტივაციაზე საბოლოოდ არ ამბობს უარს და მეორე მხრივ შესაძლოა ეს ქმედება მოხმარების წინააღმდეგ გალაშქრებადაც იყოს გაგებული.

_ შსს-ს ფუნქცია კანონის აღსრულებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შსს და ზოგადად ხელისუფლებაც არ იზიარებდეს ზოგიერთი დებულების ლოგიკურობას. თუ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით მისასალმებელია. არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ მარიხუანას კულტივაცია მოხდეს და ექსპორტზე გავიდეს, მაგრამ ნარკოპოლიტიკაში დღეს გამოწვევები სხვაგან არის.

კულტივაციის თემა უფრო ეკონომიკის სფეროა, ვიდრე ნარკოპოლიტიკის. ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ ნარკოტიკების მოხმარების გამო. წინა კვირასაც პროცესი გვქონდა. ერთ-ერთ პირს, რომელსაც ვიცავთ, უპოვეს ნახმარი შპრიცი და 6 წელი აქვს მისჯილი. ასეთი ადამიანები ბევრია. პირდაპირი გაგებით ნახმარი შპრიცის გამო ციხეში სხედან. ამაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო, რომ ასეთი ადამიანები ციხეში არ გვყავდეს. ნარკოპოლიტიკაში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი, ვიდრე ეს კულტივაციის თემაა. ვიმეორებ, ეს თემა ეკონომიკის სფეროდ მიმაჩნია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018