ემზარ კვიციანი – “არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ვაშაძე 7%-ზე მეტს ვერ აიღებდა”

ემზარ კვიციანი - "არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ვაშაძე 7%-ზე მეტს ვერ აიღებდა"ვინ მოაგებინა არჩევნები სალომე ზურაბიშვილს, რა მოხდება თუ ნაციონალები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ, რა პრობლემებს ქმნის უსაფრთხოების სამსახური, წერს თუ არა პოლიტიკურ ფსალმუნებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
– “ოცნების” ზოგიერთი ლიდერის განცხადებამ, რომ მათ მოიგეს არჩევნები, თქვენი თანაპარტიელების გაღიზიანება გამოიწვია. კოტე ინაშვილი აღშფოთებულია იმის გამო, რომ პატრიოტთა ალიანსს არავინ ახსენებს. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, “ოცნების” კანდიდატის გამარჯვებაში დიდი წვლილი ალიანსმა შეიტანა. რატომ ხდება თქვენი იგნორირება?
– “ოცნების” ზოგიერთი ლიდერი თუ დაგვაიგნორებს, ამის გამო სულ არ ვინერვიულებთ. ის, რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდებოდა ასე. როდესაც შენს დაძახილზე 100.000 ადამიანი გამოვა ქუჩაში, ეს არის დიდი დაფასება. ეს იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე დეპუტატის განცხადება.
იგნორი არ მადარდებს, მაგრამ რაღაცას მაინც ვიტყვი. ხომ ნახეთ, როგორი აქტივობა იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ეს აქტივობა პატრიოტთა ალიანსის და ჩვენი პატივისმცემელი ხალხის დამსახურებაა.
ასე რომ, არ ვართ ჩვენ იგნორირებული, მთავარია, ქართველმა ხალხმა არ დაგვაიგნოროს, დანარჩენს მოევლება.
– 25 ნოემბერს გამართულ აქციაზე თქვენ რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთეთ.
– დიახ, მართლა რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთე.
– გამოსვლაში ასეთი ფრაზე წარმოსთქვით – დიდება უფალს! არა ნაცებს! ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, პოლიტიკური ფსალმუნების წერა დაიწყეთ. წინასწარ მოიფიქრეთ ეს ფრაზა?
– წინასწარ როგორ მოვიფიქრე? შენ ხომ მაინც იცი, რომ ჩემს გამოსვლას ყოველთვის ასე ვასრულებ – დიდება უფალს. მაშინაც ასე მოვიქეცი და არა ნაცებს დავამატე. ეს იყო ემოციური განცხადება. ირაკლი ოქრუაშვილმა კი, როგორც ვატყობ, წმინდანად შემრაცხა.
– წმინდანად არ შეურაცხიხართ, თქვა, პოლიტიკური ფსალმუნების წერა დაიწყოო.
– მერე ეგაა წმინდანად შერაცხვა. ფსალმუნების დაწერის უფლება ყველას კი არ აქვს.
– ამაზე ვერ შეგეკამათებით, თქვენ და ოქრუაშვილი ბევრად რელიგიურები ხართ და ერთმანეთში გაერკვევით.
– ისე, რა მითხარი? როგორ თქვა, პოლიტიკური ფსალმუნიო? პოლიტიკურ წმინდანად შევურაცხივარ. ჰა-ჰა-ჰა!
– ისე გემრიელად გაიცინეთ, შეურიგდებით კიდევაც.
– შერიგებისა რა გითხრა, მაგრამ ვურჩევ, რომ ჩემს პოლიტიკურ ფსალმუნებზე ილოცოს, იქნება სწორ გზას დაადგეს.
– 25 ნოემბრის აქციაზე თქვენ წინასწარი შედეგებიც გამოაცხადეთ და თქვით, რომ ვაშაძის ხმები 7%-ს არ უნდა ასცდესო. “ოცნება” კი იძახდა, კვიციანის პირს შაქარიო, მაგრამ 7%-ზე ბევრად მეტი აიღო ვაშაძემ.
– ეს არჩევნები მართლა დემოკრატიულად რომ ჩატარებულიყო და დიდ გაყალბებას არ ჰქონოდა ადგილი, დამიჯერეთ, ნაციონალების კანდიდატი 7%-ზე მეტს ვერ აიღებს.
– იმის თქმა გინდათ, რომ ნაციონალებმა გააყალბეს არჩევნები?
– დიახ. პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის ერთთვიანი შუალედი იყო. ამ ერთი თვის მანძილზე “ოცნებამ” ვერ მოასწრო გაწმენდა. ისინი ვერ გათავისუფლდნენ იმ ხალხისგან, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების სასარგებლოდ გააყალბებდნენ არჩევნებს.
მე ვამბობდი, “ოცნებამ” თუ მოახერხა ცესკოს და სუსის გაწმენდა, ვაშაძის ხმები 7%-ს არ ასცდება-მეთქი. გაყალბება რომ არ ყოფილიყო, ნაცები 7%-ს ვერ ასცდებოდნენ.
საჩხერეში არჩევნები არ გააყალბებინეს და აბა ნახეთ, რამდენი ხმა აიღო ვაშაძემ? 7%-საც კი ვერ მიაღწია.
– საჩხერეში ასეთი შედეგი ივანიშვილის დამსახურებაა.
– რა თქმა უნდა, მაგრამ მანდ კომისიებიც გაწმენდილი იყო. შედეგების გამოქვეყნება დასრულდა და ვნახეთ, რომ ვაშაძემ რუსთავი მოიგო. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ ვიტყვი, რომ არჩევნები გაყალბდა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პატრიოტთა ალიანსიდან ქვემო ქართლში ვიყავი მივლენილი. 6 თვე რუსთავში გავატარე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იქ მამუკა ჩიქოვანის სერიოზული ნამუშევარია. მე არ ვიცი მაგ კაცის ცოდვები, მაგრამ ამ ქალაქს როცა ხელმძღვანელობდა, ბევრი რამე გააკეთა რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის. ხალხმა მისი ხათრით მისცა ვაშაძეს ხმა.
– ვაშაძემ თელავიც მოიგო და იქ რა ხდება?
– თელავზე ვერაფერს ვერ გეტყვით, გურჯაანელი რესპოდენტი გეყოლება ვინმე და იმას ჰკითხე.
– გურჯაანელი რესპოდენტი თელავის შეფასებაში ობიექტური ვერ იქნება. შედეგით გამწარებულმა მირიან ყარაულაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, მგონი, ერეკლი მეფე მართლა გურჯაანელი იყო და თელავში ოფისი ჰქონდაო.
– არ არის გამორიცხული, რომ ეგ მართლაც ეგრე იყოს, მაგრამ ჯობია მაინც გურჯაანელს კითხოთ. იტყვიან რომ აგე, თელაველებს რომ ვეჩხუბებოდით, რა მართლები ვყოფილვართო.
– თქვენს განცხადებებში ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ ნაციონალებს სუსი მფარველობს. რამე კონკრეტული ფაქტები გაქვთ, ასე ხშირად რომ იმეორებთ ამას?
– მეტი ფაქტი რა გინდა – გეუბნები, სუსი არის ამ ქვეყანაში ყველა უბედურების სათავე. რამდენი ხანია ვეხვეწები ხელისუფლებას, რომ გაწმინდოს ეს ორგანო. უამრავი ნაციონალია შიგ ჩარჩენილი. ისინი, ბუნებრივია, ყოფილ ხელისუფლებაზე იმუშავებენ.
ამ ორგანოს წარმომადგენლები ხშირად ასრულებენ სხვადასხვა დაკვეთებს. თუ არეულობა მოხდა რამე, მათი მოწყობილია. თუ ტერიტორიები დაიკარგა, სუსის ბრალია.
– ტერიტორიების დაკარგვა რანაირად არის სუსის ბრალი, როცა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება მოხდა, სუსის სუსიც კი არ იყო.
– სუსის სუსი როგორ არ იყო. გინდა მითხრა, რომ საქართველოს უშიშროების სამსახური არ ჰყავდა? მე როცა სუსს ვამბობ, კონკრეტულად მარტო სუსს კი არ ვგულისსხმობ. არამედ უშიშროების სამსახურს.
უშიშროების და უსაფრთხოების სამსახურები აგებენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხს. როგორ შეიძლება მოღალატეები ასე თავისუფლად დადიოდნენ ქუჩაში. ვერაფრით ამიხსნია, რატომ თავხედობს ასე სააკაშვილი. მისი ბოლო გამოსვლები საერთოდ თავხედობის მწვერვალი იყო.
– რომელ განცხადებაზე საუბრობთ, დაუმორჩილებლობა რომ გამოაცხადა?
– მთელი ყურადღება დაუმორჩილობლობისკენ უნდა იყოს მიმართული. 2006 წელს მეც ტელეფონით ჩავერთე ტელევიზიას და ტელევიზორში გამოვაცხადე დაუმორჩილებლობა.
დაუმორჩილებლობა მე იმიტომ გამოვაცხადე, რომ ვიცოდი, სააკაშვილის ხელისუფლება კოდორის ხეობის ჩაბარებას აპირებდა. ფაქტიურად ღალატს აღვუდექი წინ. ამის გამო კი იცით, რა გვიქნეს მე და ჩემს ოჯახს. მთელი სანათესაო ამიწიოკეს. სააკაშვილმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და სუსი ამას მშვიდად უყურებს.
– იქნება არ უყურებს მშვიდად?
– მშვიდად რომ არ უყურებდეს, მისი მომხრეების რაღაც ნაწილი დაკავებული ეყოლებოდა უკვე. ამათ კი დაკითხვაზეც არავინ წაუყვანია.
– სააკაშვილის განცხადების გამო სხვები რატომ უნდა დააკავონ?
– ირაკლი ბათიაშვილი რის გამო გააქანეს ციხეში? კაცმა დამირეკა და ამის გამო დაიჭირეს.
– მაშინ ხუმრობდნენ, ბათიაშვილი იმიტომ დაიჭირეს, კვიციანს კანტზე ელაპარაკებოდაო.
– ირაკლი ამბობდა, სისხლი არ დაიღვაროსო და რა მითხარით, ვისზე გელაპარაკებოდაო? სამარცხვინო იყო მისი დაჭერა.
– მაშინ თქვენ ბევრი გგმობდათ. ერთ-ერთ მათგანზე თქვა ბათიაშვილმა, რომელი ემანუელ კანტი ეგააო.
– ეგაც თქვა, მაგრამ მაგის გამო კაცის ციხეში გაქანება ვინ თქვა. ახლა სააკაშვილი დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ვითომ არაფერი. დაიჭირონ სააკაშვილის თანამოაზრეებიც. იგივე მოსამართლეები და პროკურორები არ არიან, რომლებმაც ჩემი დაიკო ნორა და ირაკლი ბათიაშვილი ციხეში გაუშვეს?
ისიც მითხრან, ნიკა გვარამიას რატომ არ სვამენ ციხეში. მაგან რაც გააკეთა, ის რომ სხვას გაებედა, არ აპატიებდნენ.
– გვარამია რატომ უნდა იყოს ციხეში?
– ბევრი რამის გამო, მაგრამ მე მის მიერ მთვარისა ნავერიანის ცემის ფაქტი მაქვს მხედველობაში. ქალს სცემა და ვითომ არაფერი. აი, ეს არის თქვენი სპეცსამსახურები.
– თუ ასეთ კატასტროფებს სჩადიან ეს სპეცსამსახურები, რატომ არაფერი იღონა ივანიშვილმა?
– ბიძინამ რა უნდა გააკეთოს. მაგას არანაირად არ შეუძლია ამ სამსახურებთან დაპირისპირება.
– რატომ არ შეუძლია? ქვეყნის მთავარი მმართველი ეგ არის.
– მმართველი ჰქვია, მაგრამ გასაქანი არა აქვს. ამ ქვეყანაში ხომ ცხოვრობ და გეცოდინება, რომ ყველა სამსახურში სუსის ფილტრი დგას.
– სუსის ფილტრი რას ნიშნავს?
– მათი ნებართვის გარეშე ადამიანს არავინ დაასაქმებს. ყველა სამსახურში ასეა.
– ჩვენს სამსახურში არ არის ასე.
– მე უფრო სახელმწიფო სტრუქტურები მაქვს მხედველობაში. ცესკოში მაგათ ნებართვის გარეშე ადამიანი ვერ მოხვდება.
ავღანეთში სამშვიდობო მისიაში რომ მიდიან ჩვენი სამხედროები, იქ, თქვენი აზრით, სუსს არ უყენია ფილტრი? როგორი ფილტრი ჰქონიათ? როგორი და ცუდი.
– რატომ აქვთ ცუდი ფილტრი?
– რატომ? ავღანეთში ვაშაძემ მოიგო არჩევნები.
– სუსი თუ ერევა ამ პროცესში, სალომეს მოაგებინებდნენ.
– არა. ნაციონალებიდან დარჩენილი ხალხით არის ეგ სტრუქტურა სავსე. მაგათ ფილტრში მხოლოდ ის ხალხი გადის, ვინც ნაციონალებს თანაუგრძნობს.
იცით, რამდენ ადამიანს უნდა ავღანეთში წასვლა. ვინც სამხედრო სამსახურშია, ქალი იქნება თუ კაცი, ყველა იქ წასვლაზე ოცნებობს. მაგრამ იქ მხოლოდ ნაციონალებს უშვებენ. ამას აკეთებენ სუსის ნაციონალი თანამშრომლები.
– ნამეტანი კარგ ადგილზე უშვებენ თურმე ნაციონალები ნაციონალებს, ავღანეთში გაგზავნა კარგია?
– სახარბიელო არ არის, მაგრამ იცი, რამდენი ადამიანი ოცნებობს იქ წასვლაზე? იქ შედარებით მაღალ ხელფასს იღებენ და ამიტომ მიდიან ამ მისიაში. ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს, რომ დავეხმარო იქ წასვლაში. უამრავი ადამიანი მაკითხავს, ყველას უნდა, რომ ავღანეთში იმსახუროს.
– თქვენ რატომ გაკითხავენ?
– მე ყოფილი სამხედრო ვარ და შუამდგომლობას მთხოვონ. კაი ცხოვრება რომ არ არის საქართველოში, ამიტომ მიდიან იქ. საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, რომ დამატებით ერთი-ორი კაპიკი აიღოს.
– სააკაშვილი დაუმორჩილებლობით იმუქრება. ქვეყანაში მოვლენები როგორ განვითარდება?
– მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მისაცემად თბილისიდან წალკაში წავიდოდი. წავედი წალკაში, მაგრამ სალომესთვის არ მიმიცია ხმა.
– აბა ვის მიეცით?
– მე ხმა მივეცი იდეას – არა ნაცებს. ახლა შეხედეთ, რისი დაფიქსირება მინდა. მინდა, ისეთი პრეზიდენტი იყოს სალომე, რომ მეორე ვადით თუ იყარა კენჭი, დიდი სიხარულით წავიდე წალკაში მისთვის ხმის მისაცემად.
– მომდევნო პრეზიდენტს ხალხი აღარ აირჩევს.
– მაშინ მინდა, რომ დიდი სიხარულით ვიყო მისი მხარდამჭერი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა