ლია მუხაშავრია – “არ მესმის, რატომ ეშინიათ ნაციონალების დაბრუნების”

ლია მუხაშავრია - "არ მესმის, რატომ ეშინიათ ნაციონალების დაბრუნების"ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს.
– ქალბატონო ლია, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია პროცესების ესკალაციასთან დაკავშირებით. კანონმდებლობით აქვს ზაზა სარალიძეს პარლამენტის წინ კარვების გაშლის უფლება?
– რა თქმა უნდა, აქვს. მას და საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უკრძალავს საქართველოს კანონმდებლობა, რომ თავისი პროტესტი დააფიქსიროს. საქართველოში გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით არის დაცული და გარანტირებული. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, უკან ვერავინ დაგვაბრუნებს.
– რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძე რევოლუციის ლიდერობას აპირებს და არა – პრეზიდენტობას. რამდენად გრძნობთ ამ განწყობას, რომ შეიძლება მოვლენები მართლაც ასე განვითარდეს?
– გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანს, რომლისადმიც კეთილგანწყობა მაქვს, ასეთი წარმოდგენები აქვს. ეტყობა მისთვის დეპუტატის ამპლუა ძალიან მძიმე ტვირთია და ამან წონასწორობა დააკარგვინა. დიდი ბოდიში, მაგრამ მე რიგით მოქალაქეს, ქალს, მარტოხელა დედას არანაირი შიში არ მაქვს და ეს ვაჟკაცი მამკაცები რამ შეაშინათ, საპარლამენტო იმუნიტეტით აღჭურვილები.
ერთიორად გამკვირვებია. მათგან განსხვავებით, მე არც იმუნიტეტი მიცავს, არც მაღალი ხელფასი და არც ის პრივილეგიები, რაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს აქვთ.
მე მათ შიშს სხვა რაღაცას ვუკავშირებ. ჩემი აზრით “ქართული ოცნების” წევრებს წარმოეშვათ პანიკა იმის შიშით, რომ აშკარად იკვეთება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი დამარცხება. ყოველგვარი რევოლუცია და არეულობა მე გამორიცხული მგონია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს მეორე ტურში, მაშინ მის ინტერესებში იქნება, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, რომ სტაბილურობა და წონასწორობა შეინარჩუნოს, რომ ქვეყანა მშვიდობიანად მივიდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
ჩვენ უკვე ვართ დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც სწორედ არჩევნების გზით ირჩევს თავის ხელისუფლებას და სწორედ ამ გზით აპირებს ძველის ახლით ჩანაცვლებას. არავინ ჭკუათმყოფელი არავის მისცემს იმის უფლებას, რომ ამბოხებები და რევოლუციები დააბრუნოს ამ ქვეყანაში.
– 7 ნოემბრის ავტორები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში? რა იქნება დამზღვევი მსგავსი სცენარებისგან? თუ ძალთა ბალანსისთვის ამ ეტაპზე ასე ჯობია?
– ძალიან ბევრი ავითარებს ამ აზრს და ძალიან მიკვირს. თავად “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არ მოიყვანა ნაციონალური მოძრაობის ის სახეები ხელახლა ხელისუფლებაში?! განა “ქართულმა ოცნებამ” არ მოიყვანა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა მეორე ძალად?! ანგარიშგასაწევ ოპოზიციად?! ამიტომ არ მესმის, რატომ ეშინით ასე ძალიან, თუ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში.
მათ ხომ შეიფარეს პორტირებული “ნაცები” და საკუთარ რიგებში მისცეს საკმაოდ გავლენიანი თანამდებობები. აქ საუბარია მაღალი კომპეტენციის თანამდებობებზე და არა – უმნიშვნელო თანამდებობებზე. თუნდაც სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში და ა.შ. მაშინ თუ არ ეშინოდათ, ახლა მით უფრო გაუგებარია, რატომ ეშინიათ?!
“ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნები თუ წააგო, რატომ იქნება ეს კატასტროფა, მით უფრო ქვეყნისთვის კატასტროფა?! მე ვფიქრობ, რომ ეს კატასტროფა იქნება არა ქვეყნისთვის, არამედ მათთვის.
– როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” სტრატეგიული არჩევანია სალომე ზურაბიშვილის გადამალვა, მაგრამ კანდიდატის გარეშე წინასაარჩევნო კამპანია რამდენად სრულფასოვანი იქნება?
– ეტყობა, მიხვდნენ, რაც უფრო მეტად ჩანს და ლაპარაკობს ეს ქალბატონი, მით უფრო უარყოფითად განაწყობს მის მიმართ ამომრჩეველს. თავიდანვე ჯობდა, რომ ნაკლებად გამოჩენილიყო, ნაკლები შეხვედრები ჰქონოდა და ნაკლები ელაპარაკა.
დღეს ყველაზე კარგად “ქართული ოცნების” მესვეურებს ესმით, რომ მათთვის ეს საპრეზიდენტო არჩევნები წაგებულია. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ ვაბანკზე წავიდნენ. ანუ მზად არიან, წავიდნენ ყველა ზომაზე, რომ მოსახლეობა შეაშინონ – თუ არა ჩვენ, მაშინ ვინ?!
არადა, ჩვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობამ, რომელმაც გამოვიარეთ 9 აპრილი და იქიდან მოყოლებული ყველა უბედურება, არ გვეშინია. ადამიანებს არ ეშინიათ არც ხელისუფლების ცვლილების, მით უფრო თუ ეს ცვლილება ხალხის ნებით ხდება, მაგრამ ძალიან შეგვეშინდება თუ ვინმე გაბედავს და მოინდომებს ხელისუფლების უკანონოდ დამხობას, გადატრიალებებს, ძალაუფლების უკანონო გზებით მოპოვებას.
თუმცა, ასეთ ვითარებაში სათანადო წინააღმდეგობას გავუწევთ ასეთ არაკანონიერ მეთოდებს. ეს მერამდენედ დაამტკიცა ქართველმა ხალხმა, ამ ქვეყნის მოსახლეობამ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა