მალხაზ მაჩალიკაშვილი – ”აქედან ფეხს არ მოვიცვლით – ჩვენი ბიჭები ვეღარასდროს შეხვდებიან ახალ წელს და სხვისი ბავშვების სიხარულით გავიხარებთ”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - ”აქედან ფეხს არ მოვიცვლით - ჩვენი ბიჭები ვეღარასდროს შეხვდებიან ახალ წელს და სხვისი ბავშვების სიხარულით გავიხარებთ”რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამები – ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქციას მართავენ და სამართლის აღსრულებას ითხოვენ.
ეს აქცია ხელისუფლებას უკვე სერიოზულად აღიზიანებს. შვილმოკლულ მამებს კარვების დადგმის უფლებას არ აძლევენ. მათ არაერთხელ მოუწყვეს პროვოკაციაც.
9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ მათ ოფიციალურად მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება. ამის მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ამ ტერიტორიაზე საახალწლო ნაძვის ხე უნდა აღმართონ.
ხელისუფლებას შვილმოკლული მამების რუსთაველიდან გაძევება რომ უნდოდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 6 ნოემბერს გავრცელდა. 7 ნოემბერს “ოცნებაში” პორტირებულმა ნაცებმა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა მსვლელობით გააპროტესტეს, გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი იყო მათ მიერ სარალიძის და მაჩალიკაშვილის გაძევება, მაგრამ შვილმოკლულ მამებს ეს ვერავინ გაუბედა.
რაც პორტირებულმა ნაცებმა ვერ გაბედეს, თბილისის მერიამ გააკეთა.
რას ითხოვს თბილისის მერია, რას ნიშნავს ხელისუფლების ასეთი რეაქცია, რას აპირებენ შვილმოკლული მამები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მალხაზ მაჩალიკაშვილი ესაუბრება.
მალხაზ მაჩალიკაშვილი:
– მე და ზაზა სარალიძემ თბილისის მერიას მივმართეთ, რომ ჩვენთვის აქციის გაგრძელების უფლება ამა წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ. ამის საპასუხოდ, მერიისგან მივიღეთ გაფრთხილება, შეცვალოთ აქციის ადგილი, რადგან მერია პარლამენტთან საახალწლოდ ნაძვის ხის აღმართვას აპირებს.
საახალწლო ნაძვის ხის აღმართვას ჩვენ არავის არ ვუშლით. ეს თავადად კარგად იციან, მაგრამ მათი მოთხოვნა სულ სხვა რამეზე მიუთითებს და ამას არც ახალ წელთან და არც ბავშვების ზეიმთან არანაირი კავშირი არა აქვს.
– რაზე მიუთითებს?
– ხელისუფლებამ ამ წერილით პირდაპირ გვითხრა, სადაც გინდათ, იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენს მოთხოვნაზეო. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ. ეს წერია პირდაპირ ამ წერილში.
ამის პასუხად მე და ზაზა ვაცხადებთ, რომ აქედან ფეხს არ მოვიცვლით. ჩვენი შვილების საქმე სანამ გამოძიებული არ იქნება, არსადაც არ წავალთ.
რაც შეეხება ახალ წელს და ნაძვის ხეს, ჩვენ დიდი სიხარულით შევხვდებით ამას. აქ მოვლენ ბავშვები და მათი სიხარული ჩვენ გაგვახარებს. ჩვენი ბიჭები ვეღარასდროს შეხვდებიან ახალ წელს, სხვისი ბავშვების სიხარულით გავიხარებთ.
სამი თვეა, აქ ვართ და იცით, რამდენი ბავშვი დაგვიმეგობრდა მე და ზაზას?! მოდიან, გვამხნევებენ. ნაძვის ხე როცა იქნება, უფრო მეტი ბავშვი მოვა და ჩვენმა გულებმაც იქნება ცოტა გაიხაროს – ჩვენი შვილები ხომ ვეღარასდროს ნახავენ ნაძვის ხეს. სწორედ ახალი წლის წინა დღეებში მომიკლეს ჩემი თემირლანი. მძინარე ბავშვი მომიკლეს და ნაძვის ხის ნაცვლად სახლში შვილის სისხლის გუბე დამიყენეს.
ჩვენ სამართალს ვითხოვთ, ხელს არავის არ ვუშლით და მერიამ კარგად დაიმახსოვროს, რომ აქედან ფეხს არ მოვიცვლით.
– ძალისმიერი მეთოდებით რომ გაგიყვანონთ?
– ამას ძალიან დიდი ამბები მოჰყვება. მთელი საქართველო ჩვენ გვერდით დადგება. ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ძალიან ბევრი ბავშვი დაგვიჭერს მხარს. ყველაზე კარგად ბავშვები ხვდებიან, რომ ჩვენ ახლა მათ სიცოცხლესაც ვიცავთ, ჩვენი ჩვენი ბიჭები უკვე დავკარგეთ და ახლა იმისთვის ვიბრძვით, რომ სხვისი შვილების სიცოცხლის ხელყოფა ვეღარავინ გაბედოს.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა