ნანა ბერიაშვილის სიცოცხლის ბოლო წუთების ამსახველი ვიდეო იაგო ნებიერიძის მობილურში იპოვეს – ”ეგ კაცი უნდა გადმოგვცენ… ლინჩის წესით კი არა, უნდა გატყავდეს იმიტომ, რომ შვილი მომიკლეს”

ნანა ბერიაშვილის სიცოცხლის ბოლო წუთების ამსახველი ვიდეო იაგო ნებიერიძის მობილურში იპოვეს - ”ეგ კაცი უნდა გადმოგვცენ... ლინჩის წესით კი არა, უნდა გატყავდეს იმიტომ, რომ შვილი მომიკლეს”გორში სასტიკად მოკლული 8 წლის ბავშვის, ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრები დღეს პოლიციაში იმყოფებოდნენ.

ნანა ბერიაშვილის მამას და ბაბუას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ტელეფონიდან ამოღებული ფოტო და ვიდეომტკიცებულებები აჩვენეს.

მასალა გოგონას მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. ოჯახის წევრები მკვლელობაში ბრალდებულის სამაგალითოდ დასჯას ითხოვენ.

„საჯაროდ უნდა დაიწვას. მე ვთხოვ კახას, ვინც ამ საქმის სათავეში ჩადგა, მომიყვანა ბოლომდე და ჰყავთ დაჭერილი ეს კაცი, მოვითხოვ ეგეთ პედოფილებს, რაც არ გვყავს პრეზიდენტი, საერთოდ არ ვეხები, რაც არ გვყავს ბესელია და თავის წარმომადგენლები სულ ყველა… მე ვიწყებ გორიდან, გორელებო, გვერდზე დამიდექით. ეგ კაცი უნდა გადმოგვცენ… ლინჩის წესით კი არა, უნდა გატყავდეს იმიტომ, რომ შვილი მომიკლეს. ზუსტად მაგ ჩანაწერებიდან გამომდინარე, უნდა დაიწვას, ვისაც შვილი ჰყავს მე ყველას ვეუბნები, ვისაც თავზე ხელი აქვს ბავშვისთვის გადასმული, ყველანი დამიდექით გვერდზე“- განაცხადა მოკლული გოგონას ბაბუამ ხვიჩა ბერიაშვილმა.

ჩანაწერები ნახა ადვოკატმაც, რომელიც ვიდეოფაილის შინაარსობრივ ნაწილზე საუბარს ერიდება. ცნობილია, რომ ჩანაწერში ფიგურირებენ მხოლოდ იაგო ნებიერიძე და 8 წლის ნანა ბერიაშვილი, რომელიც კადრების გადაღებისას ჯერ კიდევ ცოცხალია.

„გვაჩვენეს ეს ჩანაწერი, ვნახეთ, ვიდეოჩანაწერიც არის და ფოტოც. როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქმე ეხება 9 წლის ბავშვს და აქეთ ბრალდებული გვყავს გარყვნილ ქმედებაში შერაცხული პირი, შესაბამისად დეტალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით, თუმცა ამ ფოტოების და ვიდეოს საფუძველზე შერაცხული გარყვნილი ქმედება ეს არის და ჩანს. ჩვენ გვქონდა კითხვები, როგორ მოხვდა ბავშვი იქ, სადაც ნაპოვნი იქნა, როგორ და რა საშუალებით,“- განაცხადა ადვოკატმა დავით გელხაურმა.

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი 30 ოქტომბერს დაუმძიმდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის თქმით, ნებიერიძის ბრალდებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც. ეს მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

თავდაპირველად გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. 8 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

ნიუპოსტი