რომან გოცირიძე – “ახალი ბილბორდები “ოცნების” უკანასკნელი გაფართხალებაა”

რომან გოცირიძე - "ახალი ბილბორდები "ოცნების" უკანასკნელი გაფართხალებაა"“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე გამოსახული ადამიანები თავის წილ პასუხისმგებლობას იღებენ პოლიტიკურ პროცესებზე და ეს არის ამის მთავარი მესიჯი. რას იტყვით თქვენ?
– ეს არის უკანასკნელი გაფართხალება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს აჩვენებს, რომ აბსოლუტურად მოწყდა “ოცნების” ხელმძღვანელობა რეალობას. მათ ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ან “ოცნების” რომელიმე პოლიტიკოსი არის ხალხისთვის მიმზიდველი და გამოჭიმეს ბილბორდებზე. ეს არის ივანიშვილის ნარცისიზმის გამოვლინება, რომელსაც უღვივებენ ის ადამიანები, რომლებიც არიან შემოტმასნული და სძალავენ ფულს.
– გარემოცვის გავლენის ქვეშ არის ივანიშვილი?
– მოუგონეს მას ასეთი სიტყვა, რომელსაც ჰქვია ჭარბი ნდობა და ატყუებენ, მოსახლეობაში მაღალი ნდობა კი არა, მაღალ ნდობაზე კიდევ უფრო მაღალი ნდობა გაქვსო. მასაც ჰგონია, რომ ამ თავისი ჭარბი ნდობით ჩამოკიდებს თავის პლაკატებს და ამით სალომე ზურაბიშვილს რაიმე ეშველება.
ისიც კი ვერ გათვალეს, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა.
– სალომე ზურაბიშვილის?
– დიახ. ვინაიდან საკუთარი სურათები გადააკრეს სალომე ზურაბიშვილის ბილბორდს. კაცი რომ დილით გამოივლიდა, სალომე ხვდებოდა, ახლა უცბად ივანიშვილი დახვდა და კიდევ ვიღაც სასაცილო ფიგურები. ამას დამატებული ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილს აუკრძალეს საზოგადოებაში გამოჩენა და საერთოდ კონტაქტი ადამიანებთან და ჟურნალისტებთან. მან უნდა ილაპარაკოს მხოლოდ დაწერილი ტექსტით და სადაც კი მივა, მას უნდა ჰქონდეს სტანდარტული პასუხი, რომ ის ამ საკითხებზე არ საუბრობს.
მის პასუხებში ჩანს სასოწარკვეთილი ადამიანის სახე, რომელიც ალბათ მიხვდა, რომ არ უნდა განეცხადებინა პრეტენზია პრეზიდენტობაზე და არ უნდა დათანხმებულიყო ივანიშვილს.
– იმდენად წამგებიანია, რომ “ოცნებამ” ბილბორდებიდანაც გადამალა სალომე ზურაბიშვილიო. ასეა?
– დიახ, ასეა. ადამიანები ადეკვატურად და სწორად რეაგირებენ ასეთ რაღაცეებზე. დღეს “ქართული ოცნება” თავისი ლიდერებით და ბიძინა ივანიშვილი თავის სალომესთან ერთად ძალიან სასაცილოდ გადაიქცა და ამაზე სწორი რეაქცია გამოხატა საზოგადოებამ და ყველა ხედავს, რა რეაქციები მოჰყვა ამ ბილბორდებს სოციალურ ქსელშიც.
იმდენად სწრაფად მოხდა რეაგირება სოციალურ ქსელში, რომ მეც კი წამძლია ცდუნებამ და ერთ-ერთ ბილბორდზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ჩემი ფოტომონტაჟიც კი გავაკეთე.
– რას იტყვით არჩევნების თარიღთან დაკავშირებით? რატომ ჰქონდა ოპოზიციას ასეთი დიდი პროტესტი? რას ცვლის ოთხშაბათი დღე თქვენთვის, როდესაც ის უქმედ გამოცხადდა?
– ჯერ ერთი, შავზე თეთრით წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს კვირას.
– მეორე ტურში კანონი არ კრძალავსო…
– პირველი ტური ითვლება საპრეზიდენტი არჩევნებად და მეორე არა? ასეთი ინტერპრეტაციები ძალიან სასაცილოა. რა გამოდის, რომ ეს მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა, რისთვისაც ვემზადებით?! აბა რა არის ეს? რითი განსხვავდება პირველი ტური მეორე ტურისგან?
ეს სასამართლოში გასარკვევი საკითხია, მაგრამ დრო ცოტაა და ვერ ესწრება. ამის გადაწყვეტა შეიძლებოდა გონივრული პოლიტიკური ნაბიჯით, არ უნდა დანიშნულიყო სამუშაო დღეს.
იყო ასეთი მცდელობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა სამუშაო დღეს და შემდეგ საზოგადოებაში და არასამთავრობოებში გამოწვეული პროტესტის გამო ეს თარიღი შეცვალა. იმ დროს განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მომაკვდინებელი არგუმენტები, თუ რატომ არ შეიძლება, რომ არჩევნები დაინიშნოს სამუშაო დღეს.
რასაც მაშინ ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, იყო სავსებით სწორი და მე დღეს ამას გავიმეორებ.
– მის არგუმენტებს?
– დიახ და დღეს თავად აკეთებს იგივეს, რის გამოც სააკაშვილს აკრიტიკებდა.
არგუმენტი პირველი: არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 40% არ ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილზე. დიდი ნაწილი არის უცხოეთში, დაახლოებით 700 ათასამდე და ასევე დიდი ნაწილი მუშაობს არა იქ, სადაც არის რეგისტრირებული. ამიტომ შეუძლებელია, რომ წახვიდე, მისცე ხმა და მერე უკან დაბრუნდე შენს სამუშაო ადგილზე.
მეორე ფაქტორი არის ის, რომ მობილიზება ადამიანებისა გაცილებით უკეთ შეუძლია ხელისუფლებას და ფულიან კანდიდატს. ფული ვისაც აქვს, ძალიან კარგად ვიცით.
ასევე ერთ-ერთი ფაქტორია უცხოეთში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მისცემს ხმას. ჯამში კი ეს ყველაფერი ემსახურება არჩევნების გაყალბებას.
– გაყალბებას როგორ, რა მექანიზმებით?
– შედარებით ნაკლები იქნება კონტროლი. თუნდაც უცხოეთში კომისიებშიც კი ვერ მოიყვანენ ადამიანებს, რადგან მათ არ შეუძლიათ დილიდან ღამის 12 საათამდე იქ ყოფნა. შესაძლოა, კომისიების დაკომპლექტების პრობლემაც კი შეიქმნას. ყველა ეს შედეგი რომ არ ჰქონდეს დათვლილი ხელისუფლებას, ისე არჩევნებს ამ დღეს არ დანიშნავდა.
ამ პროცესმა საბოლოოდ დაგვანახა, რომ ცესკო ივანიშვილის დაქვემდებარებაში იმყოფება. ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ეს დაადასტურეს. ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა, როდესაც კალაძეს და “ოცნების” სხვა ლიდერებს წამოსცდათ არჩევნების დღე. თამარ ჟვანიას, რომელიც გამოდის და ამაყად გვესაუბრება, უნდა ჰქონდეს სირცხვილის გრძნობა. ის არის მედროვე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ხელს უწყობს არჩევნების გაყალბებას!
– მოვისმინეთ საპირისპირო შეფასებებიც, რომ ოპოზიციას ეშინია მარცხის და იმიტომ აქვს ამ ყველაფერზე ასეთი მწვავე რეაქციები. ამაზე რას იტყვით?
– ოპოზიციას არ დაუნიშნავს არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, დანიშნა ხელისუფლებამ! ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ მათ ძალიან ეშინიათ. ხელისუფლება დამარცხდა პირველ ტურში და მეორეშიც მათ უნდა ეშინოდეთ. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, გარდა ასეთი ტოტალური მობილიზებისა, ძალადობისა, მოსყიდვისა.
რით უნდა მოიწონონ თავი? რაც დრო გადის, მით უფრო უარესდება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა. აგერ საარჩევნოდაც კი ლარი ვერ გაუმყარებიათ, როცა ბიძინა ივანიშვილს აქვს ამოდენა მილიარდები და შეეძლო, რაღაც ეღონა.
– რა უნდა ეღონა ივანიშვილს?
– თუნდაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მაინც როგორმე გაემყარებინათ ლარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ისე მძიმედ არის მდგომარეობა, რომ ესეც არ შველის.
ხალხმა დაინახა საფრთხე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას, რომელიც ვერ შეძლებს ამ მოვალების შესრულებას მრავალი მიზეზის გამო. ისინი ხედავენ დასასრულს და ამიტომ ხმარობენ ყველა რესურსს და ხარჯავენ ამდენ შავ ფულს.
ყველა მაჟორიტარი თავის რეგიონშია გამწესებული და ყველას ემუქრება დასჯა და სამუდამოდ მოკვეთა, თუ საკუთარ რაიონში არ მოიგებენ. ეს მათი ბოლო გაბრძოლებაა!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა