ცხინვალი მთავრობის გარეშე დარჩა

ცხინვალი მთავრობის გარეშე დარჩარუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი მთავრობის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი ახალად არჩეული პრეზიდენტია, რომელიც თავის გუნდს მაქსიმუმ 2 კვირაში წარადგენს.

ცხინვალის მთავრობა გუშინ, 24 აპრილს, გადადგა. აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა დომენტი კულუმბეგოვმა მთავრობის ბოლო სხდომა გამართა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

– მინდა ყველა თქვენგანს მადლობა ვუთხრა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ რესპუბლიკა განვითარებულიყო, – განაცხადა დომენტი კულუმბეგოვმა.

რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა გაცილებით ადრე დატოვა. ისინი მანამდე წავიდნენ, სანამ ახლად არჩეული ანატოლი ბიბილოვი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგებოდა.

ძველ პრეზიდენტს თან მიეწივნენ უშიშროების და დაზვერვის სამსახურების უფროსები – ანატოლი პლიევი და სოსლან გატიკოევი. მათთან ერთად თანამდებობა დატოვა კულტურის მინისტრმა მადინა ოსტაევამაც.

24 აპრილს კი სხვა ჩინოსნებიც წავიდნენ. ოსური მედიის ცნობით, თანამდებობა სულ 14 მაღალჩინოსანმა დატოვა.

ნაპრემიერალი კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ 24 აპრილს გადამდგარი მთავრობის ავ-კარგიანობას მოგვიანებით შეაფასებს ხალხი და ისტორია.

გადადგომამდე მან აღიარა, რომ მთავრობამ ყველა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა.

– რაღაცა ალბათ ვერ დავინახეთ, რაღაცა ვერ გავაანალიზეთ, მაგრამ მთავარია, რომ ვეცადეთ, – დაიწუწუნა დომენტი კულუმბეგოვმა.

მან მომავალ მთავრობას წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი რესპუბლიკის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე ძველები მინისტრების მოვალეობას შეასრულებენ. ახალი მთავრობა კი რესპუბლიკას მაქსიმუმ 2 კვირაში ეყოლება.

მათ გუშინვე შეხვდა ანატოლი ბიბილოვი და წასულებთან ერთად რიგით პირველი მთავრობის სხდომა გამართა.

მან მთავრობის წევრების განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. ამასთან მან გადაყენებულებს სთხოვა, ახლების წამოყენებამდე ისევ ძველებური შემართებით იმუშავეთო.

ახალი მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად ბიბილოვმა 2-კვირიანი ვადა ითხოვა.

9 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, რესპუბლიკას ალანია დაარქვეს. დღემდე ისტორიულ სამაჩაბლოს ისევ სამხრეთ ოსეთად მოიხსენიებენ. ცხინვალში ვერ აკონკრეტებენ, როდის შეუცვლიან რესპუბლიკას სახელს. ეს გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ოსები სახელის შეცვლას ახალგორის რაიონსაც უპირებენ. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ამ რაიონს ლენინგორად მოიხსენიებენ. ეტყობა, ლენინისადმი ტრფიალი ოსებსაც მოსწყინდათ და სხვა სახელს ეძებენ ამ რაიონისთვის.

ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგორს შესაძლოა პუტინირი დაარქვან. რამდენიმე ადამიანი კი ითხოვს, რომ რაიონს ბიბილდონი ეწოდოს.