სერგო ჩიხლაძე: “თამბაქოს შეზღუდვას ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს”

სერგო ჩიხლაძე: "თამბაქოს შეზღუდვას ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს"თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონპროექტმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება წარმოშვა საზოგადოებაში და დაპირისპირების საგანიც კი გახდა მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. რამდენად ეფექტურია აღნიშნული კანონი, გამართლებული და დროული, ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობას” ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე.

სერგო ჩიხლაძე:

– მივესალმები კანონპროექტის ინიცირებას და ვფიქრობ, რომ ნამდვილად დროული და სასარგებლო ინიციატივაა. მეტსაც ვიტყვი, ჯერ კიდევ წლების წინ უნდა მიგვეღო მსგავსი კანონი.

მე, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი, ყურადღებას გავამახვილებ ამ კანონის ეფექტურობაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა მიაღწევს 8 მილიონს წელიწადში. აქედან 4/5 მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, რომლებშიც საქართველოც შედის.

თამბაქო არის ძირითადი რისკფაქტორი ისეთი არაგადამდები დაავადებების განვითარებისა, როგორებიცაა სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები.

აღნიშნული კანონი დაიცავს და შეამცირებს მოწევისგან გამოწვეულ რისკებს როგორც მწეველებში, ასევე მათ გარშემომყოფებში.

– თუ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს თამბაქოზე მსგავსი შეზღუდვები, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა?

– კვლევები ადასტურებს, რომ თამბაქოს საწინააღმდეგო კანონების შემოღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზოგადად მოსახლეობაში და განსაკუთრებით, იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ დაწესებულებებში, რომელთაც შეზღუდვა ეხებათ: ბარები, რესტორნები, სასტუმროები და მომსახურების სფეროს სხვა დახურული სივრცის მქონე დაწესებულებები.

დადებითი შედეგები დგება საკმაოდ მოკლე პერიოდში, მას შემდეგ, რაც მოწევაზე აკრძალვის რეგულაციები წესდება.

ასე, მაგალითად, შოტლანდია იყო პირველი რეგიონი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში, სადაც 2006-ში მოხდა საზოგადოებრივ ადგილებში, ბარებში, რესტორნებში, სამუშაო ადგილებზე და ა.შ. თამბაქოს მოხმარებაზე აკრძალვის დაწესება. კვლევამ, რომელიც ტარდებოდა ამ ადგილებში მომუშავე არამწეველ პერსონალში, აჩვენა, რომ კვლევის მონაწილეებში მოხდა ისეთი სიმპტომების როგორიცაა ხველა, თვალების სიწითლე და წვა, გაძნელებული სუნთქვა მნიშვნელოვანი შემცირება.

იგივე შოტლანდიაში უკვე წლების შემდეგ, 2010 წელს, ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 15 წლამდე ასაკის ბავშვებში 18%-ით შემცირება ასთმის შემთხვევები. ანუ, უკვე შედეგი დადგა ზოგადი მოსახლეობისთვის.

ნიუ იორკში მსგავს ადგილებში თამბაქოს აკრძალვა მოქმედებს 2004 წლიდან და უკვე 2007 წლის კვლევები აჩვენებს, რომ შემცირდა მიოკარდიუმის ინფარქტით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 8%-ით. მოხდა კონკრეტულად ამ დაავადებაზე ჰოსპიტალური ხარჯების დაზოგვა და მაშინდელი ფასებით ყოველწლიურად 56 მილიონი დოლარის ეკონომია ერთ კონკრეტულ შტატში.

აშშ-ში უკვე 2012 წლის კვლევა, რომელიც მოიცავდა იმ 387 საგრაფოს, სადაც მოწევაზე აკრძალვები იყო დაწესებული, აჩვენებს, რომ 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (მედიქეარის ბენეფიციარები) 20%-მდე შემცირებულია მიოკარდიუმის ინფარქტით ჰოსპიტალში მიმართვიანობა და 11%-ით შემცირდა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით მიმართვა.

– კანონპროექტის ოპონენტებს ხშირად არგუმენტად მოჰყავთ, რომ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ამ ინდუსტრიას და მასში დასაქმებულ ადამიანებს.

– როცა ვიღაცის მოგებასა და ინდუსტრიის ბედზე საუბრობენ, არ დაივიწყონ ის დანახარჯები და ზარალი, რასაც თამბაქოს მოხმარებას და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე იხარჯება.

მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 25 მილიარდი ევრო იხარჯება მხოლოდ მოწევით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე, რაც ჯანდაცვის დანახარჯების 3%-ს შეადგენდა ევროპაში 2010 წლისთვის. სულ, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანი შეადგენს 544 მილიარდ ევროს ყოველწლიურად. იგივე ითქმის აშშ-ზეც. თამბაქოს მოხმარებისგან მიყენებული ზიანი შეადგენს დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს ყოველწლიურად, საიდანაც 170 მილიარდი მოდის თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე და 150 მილიარდზე მეტი – შრომითი პროდუქტიულობის დაქვეითებაზე და ნაადრევი სიკვდილიანობით გამოწვეულ მიზეზებზე.

– საუბარია ასევე ფასის მომატებაზე, რეკლამირებისა და გაყიდვის შეზღუდვაზე. ეს რამდენად საჭირო ზომებია?

– არსებობს მრავალი მასალა, კვლევა, ძირითადად მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელიც ადასტურებს, რომ თამბაქოს მოხმარების ადგილების შეზღუდვასთან ერთად ეფექტურია სკოლებში პრევენციული ინტერვენცია, ფასის გაზრდა თამბაქოზე, თამბაქოს პროდუქტების რეკლამაზე შეზღუდვების დაწესება, მედიაკამპანია თამბაქოს მოხმარების მავნებლობასა და არასრულწლოვნებზე თამბაქოს მიყიდვის მკაცრი რეგულაციები.

იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი კომპლექსური მიდგომა არსებობს, მწეველთა რიცხვი შემცირებულია საშუალოდ 7%-ით, რაც გრანდიოზული შედეგია. ამ მხრივ შთამბეჭდავი შედეგებია წარმოდგენილი ბოლოდროინდელ კვლევებში ავსტრალიიდან და კალიფორნიიდან.

– რამდენად არის მზად სახელმწიფო, რომ აღასრულოს კანონპროექტით გათვალისწინებული ზომები და რამდენად არის მზად მოსახლეობა, რომ დაემორჩილოს?

– სახელმწიფომ უნდა აიღოს გონივრული ვადა, რომელშიც მოხდება კანონის ძალაში შესვლა. მანამდე უნდა ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაო, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მომზადებას და მეორე მხრივ, მოსახლეობაში საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარებას. არა მგონია, რომ მოსახლეობის მხრიდან ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვეს.

მთავარია, სახელმწიფომ გამოიჩინოს ნება და მოახლოებული არჩევნების ან სხვა პოპულისტური მოსაზრების გამო არ გადადოს ამის აღსრულება, როგორც ეს მოხდა თავის დროზე ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა მოძრაობის წესების გამკაცრება, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვა, მშენებლობების დარეგულირება და სხვა საჭირბოროტო საკითხები.