გელა დაიაური მუცოს ხეობაში ტრაგიკულად დაღუპულ ცოლ-შვილს ლექსებით ესაუბრება

გელა დაიაური მუცოს ხეობაში ტრაგიკულად დაღუპულ ცოლ-შვილს ლექსებით ესაუბრებაგელა დაიაური მუცოს ხეობაში ტრაგიკულად დაღუპულ ცოლ-შვილს ლექსებით ესაუბრება.
თეოს
თეო, აღარ მინდა წვიმდეს, აღარც ალუჩების მორთვა,
შენ რომ გამიფრინდი, იმ დღეს, თურმე გაზაფხული მოკვდა.
აღარ ვიწუწუნებ წვრილმანს, სული მკვდარია და მრუმე,
მარტიც, იებიც და წვიმაც, შენით მიხაროდა თურმე.
გაწყდა სიმღერაც და სიტყვაც, ჩაწყდა სიხარულის სიმი,
ჩემი გაზაფხული იყავ, შენი სიმღერით და ღიმით.
ნედლი ოცნებები მქონდა, ახლა ზეზეურად ვხმები,
ყველა გაზაფხული მოკვდა, ყველა მხიარული ხმები.
ღიმილს ნიღაბივით ვიცვლი, სული ბორიალობს კენტად,
ასე ვიმარტვილებ ვიცი, სანამ არ ამოვალ შენთან. 
გელა დაიაური მუცოს ხეობაში ტრაგიკულად დაღუპულ ცოლ-შვილს ლექსებით ესაუბრებადემეტრეს
მომენატრე, ჩემო შვილო, შენს ცრემლიან თვალებს ვფიცავ,
დარდი უნდა შემოგჩივლო, ვისაც არ გეღირსა მიწა.
ყურს არღუნის ჩარჩა ხველა, გული გამეხლიჩა სამად,
ვერაფრით რომ ვერ გიშველა, რატომ არ მოგიკვდა მამა.
მოდი, მამას უდარბაზე, გეფიცები, შენს სულს, შენს თავს,
ყოველ ავლა-ჩამოვლაზე, შლეგ არღუნის ტალღებს შანთავს.
მოდი, გამოტეხე კარი, მოდი, გამინათე ცანი,
ანგელოზის სიანკარით, მომანათე ორბის თვალნი.
მოდი, შენ შემიშრობ ცრემლებს, მონატრების პერანგს ვიცვამ,
ხომ წესია, ჩემო დემე, უნდა დამაყარო მიწა.
მოდი, დამანატრე თავი, თუ მანდედან ვინმე მოდის,
თან ცივია ეს გულშავი, როგორ გამეყინებოდი.