რატომ არ ინტერესდება ბიზნესი თავისუფალი ტურისტული ზონებით?

რატომ არ ინტერესდება ბიზნესი თავისუფალი ტურისტული ზონებით?კანონი თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ 2010 წლიდან მოქმედებს. წინა ხელისუფლების დროს მიღებული კანონი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს.
თავისუფალი ტურისტული ზონებით დაინტერესების შემთხვევაში ინვესტორი თავისუფლდება ქონებისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან 15 წლის ვადით. ასევე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. საქართველოს მთავრობა თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს ან/და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ახლის მშენებლობა.
კანონიდან მიღებულ შედეგებზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი საუბრობს.
– ბატონო ვატო, როგორ ფიქრობთ, თავისუფალმა ტურისტულმა ზონებმა რატომ ვერ გაამართლა?
– თავისუფალ ტურისტულ ზონას აზრი მაშინ აქვს, როდესაც ადგილზე რაღაცის განვითარება მიმდინარეობს. მაგალითისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ დიდი ხარჯი გაწია სათხილამურო კურორტების გასავითარებლად და ამ კურორტების პარალელურად თუნდაც თავისუფალი ტურისტული ზონაც რომ გაკეთებულიყო, ეს ამ ადგილებში ინვესტიციების მოზიდვას წაადგებოდა. თუმცა, რეალურად პირიქით მოხდა და ჩემი აზრით, ეს დაუგეგმავი პოლიტიკის ნაწილია. ტურიზმის გეგმარება არ არის გათვლადი პროცესი, არამედ უფრო თვითდინებით მიმავალი პროცესია. ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და ასე გაგრძელება შეუძლებელია, რადგან კონკრეტული გეგმა და კონცეფცია უნდა არსებობდეს. არ შეიძლება, ყველა ტურისტული ზონა საერთო გეგმით მართო. ყველას თავისი კონკრეტული მიდგომა სჭირდება.
მაგალითად, როგორც ანაკლიას სჭირდება კონკრეტული მიდგომა, ზუსტად ანალოგიურად სჭირდება სამთო-სათხილამურო კურორტებს და ასევე სჭირდება საზღვაოსა და ოთხსეზონიან კურორტებს. აქედან გამომდინარე შეუძლებელია, რომ ერთიანი გეგმით, რომელიც დავინახეთ, რომ არ მუშაობს ადგე და მიწის მონაკვეთები მოზომო.
– შეიძლება, თუ არა ახალი ტურისტული ზონების დამატების შემთხვევაში ბიზნესი ჩაერთოს, ეკონომიკის სამინისტრო თუ ამზადებს ცვლილებებს?
– რეალურად ცვლილებები ან ნებისმიერი სახის ინიციატივა თუ არსებობს ტურისტულ ზონებთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა, ეს ბიზნესიდან და მისი მოთხოვნებიდან უნდა მოდიოდეს. თუ ბიზნესს ამა თუ იმ რეგიონში რაღაცის გაკეთება არ აინტერესებს, რაც არ უნდა დავარქვათ იმას, იქ ხელოვნურად ვერაფერს შევქმნით, ანუ ხელოვნური ტურისტული ცენტრების შექმნა შეუძლებელია.
საქართველო დღესდღეობით განვითარებადი ქვეყანაა, პოტენციალი აქვს და ვიცით, რომ ბევრი მიმართულება განუვითარებელია და სწორედ აღნიშნული მიმართულებების განვითარება ჭირდება და ფოკუსირებაც სწორედ იმაზე უნდა გავაკეთოთ, რომელსაც პოტენციალი აქვს და მოთხოვნადია. ამ ეტაპზე ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, ბიზნესთან კომუნიკაცია აღნიშნულ თემაზე არ გამართულა. ეს უბრალოდ ჩაკეტილი წრეა და კაბინეტებში წყდება, ესა თუ ის კანონი შეიცვლება თუ არა.
– თავისუფალი ტურისტული ზონის იდეაც ხომ ის არის, რომ იქ არ არის შესაბამისი მოთხოვნა და მთავრობას სურს, რომ მოთხოვნა გააჩინოს ინვესტორებში და ამიტომაც სთავაზობს შეღავათებს?
– ისევ ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ ხელოვნურად შექმნილი ტურისტული ზონები არ გვჭირდება. ჩვენ ისედაც ვიცით, რომელ ზონაში ჩადის ყველაზე მეტი ტურისტი და ახლა ფოკუსირება გვჭირდება იმაზე, რომ სწორედ ის რეგიონები კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ, რომლებიც მუშაობენ და იქ მოხდეს უკეთესი სერვისის მიწოდება. უკეთესი სერვისის მიწოდება კი მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ნოუ ჰაუ ტრანსფერით არის შესაძლებელი, ანუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით და საქართველოში გამოცდილი ბიზნესჯგუფების ჩამოყვანით.
დღეს განვითარებული ადგილებიდან უნდა დაიწყონ, სადაც სერვისები კიდევ უფრო კარგად განვითარდება და გაფართოება, ვიდრე მინდვრებიდან და მიუვალი ტერიტორიებიდან.
ბიზნესმედია