ნიკოლოზ მჟავანაძე – “აზერბაიჯანი დავით გარეჯის და ერისიმედის გადაცემას ითხოვს”

ნიკოლოზ მჟავანაძე - "აზერბაიჯანი დავით გარეჯის და ერისიმედის გადაცემას ითხოვს"რა პასუხი უნდა მოითხოვოს საქართველოს საგარეო უწყებამ აზერბაიჯანელი კოლეგებისგან, რა ხდება საინგილოსა და ქევემო ქართლში, რის სანაცვლოდ ითხოვენ აზერბაიჯანელები ქართული მიწების გადაცემას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.
ნიკოლოზ მჟავანაძე:
– საქართველო-აზერბაიჯანს შორის ბევრი პრობლემური საკითხები დაგროვდა. ეს არის დაუდგენელი საზღვრები, საინგილო და დავით გარეჯი… ოფიციალური თბილისი და ბაქო ცდილობენ, ამ თემებზე ცდილობენ მაქსიმალურად დელიკატური განცხადებები გააკეთონ.
ოფიციალური ბაქო არასდროს არ საუბრობს სახელმწიფო საზღვრის სადავო მონაკვეთებზე, მაგრამ მათ სათქმელს სხვები ამბობენ. 25 იანვარს, გამოცემაში “ეხო” გამოქვეყნდა ბაქოს უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვის ინტერვიუ.
ამ ინტერვიუში სადიხოვი საზღვრების თემაზე საუბრობს. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი უკვე შეთანხმებულია. საქართველოს და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი შეჩერებულია. არადა საზღვრის 180 კილომეტრია შეუთანხმებელი.
გადაულახავ პრობლემად იქცა თბილისთან ახლოს მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. აზერბაიჯანელები თვლიან, რომ დავით გარეჯი ალბანური ძეგლია. პოლიტოლოგი სადიხოვი მიიჩნევს რომ ეს კომპლექსი მთლიანად აზერბაიჯანს უნდა დარჩეს.
2012 წლის 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ამ სამონასტრო კომპლექსის ნაწილი დაიკავეს. აქ მთავარი ისაა, რომ მათ კონტროლქვეშ მოექცა ამ ტერიტორიაზე მდებარე სიმაღლე. რომელიც სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია – მთელ პერიმეტრს აკონტროლებს.
– რაში დასჭირდათ ამ სიმაღლის დაკავება?
– ვერ გეტყვით, იმედია, ომის დაწყებას არ აპირებენ. ფაქტია, რომ ისინი სტრატეგიულ სიმაღლეებს აკონტროლებენ. დაიკავეს თუ არა ეს ტერიტორია, სამონასტრო კომპლექსში ქართველი მომლოცველების დაშვება აკრძალეს.
საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოღალატური განცხადება გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ სადავო ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განლაგდნენ, საქართველოს არ მიეკუთვნებაო. მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დროს ეს ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იყო. ეს მესაზღვრეები ისევ იქ არიან და მათი იქედან გაყვანა ვერ ხერხდება.
აზერბაიჯანულ მხარეს ასევე პრეტენზიები აქვს სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედზე. ამ სოფელზე სადიხოვიც საუბრობს. ამ ტერიტორიაზე საქართველოს და აზერბაიჯანს მდინარე ალაზანი ჰყოფს. რამდენიმე ათეული წლის წინ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი იქეთ დარჩა.
არსებობს მოსაზრება, რომ მდინარეს კალაპოტი სპეციალურად შეიცვალა. ამაზე დასკვნა გარემოს დამცველებს აქვთ დადებული. მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა ახლაც გრძელდება. ჩვენი მეზობლები ამ ტერიტორიის მითვისებას ცდილობენ.
მათ ასევე აქვთ პრეტენზიები ქვემო ქართლთან დაკავშირებით. ქვემო ქართლთან დაკავშირებით ადრე პრეტენზიები არ იყო, ეს ახლა დაიწყეს. აი, რას ამბობს სადიხოვი:
“საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დამატებით გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს ქვემო ქართლის, ანუ ბორჩალოს რეგიონი, რომელიც აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივ აზერბაიჯანულ დასახლებულ პუნქტებს სახელებს ქართული მანერით უცვლის, სასკოლო განათლებას ქართულ ენაზე ახორციელებს, არის მიწისა და საკადრო პრობლემებიც. ეს ყველაფერი ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს”
“ეხო”-სთან საუბარში სადიხოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისი და ბაქო აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკულ საკითხვბში. ვციტირებ მის ნათქვამს: „ქართულმა მხარემ ამ სიტუაციაში, თუ მას აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელება სურს (ქართველი ხალხის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით), საზღვრის დელიმიტაციის საკითხს უფრო ფართოდ უნდა შეხედოს. ვთვლი, რომ დელიმიტაციის დროს რომელიმე უბანზე ჩაციკვლა არ შეიძლება, საქართველო აზერბაიჯანთან კომპრომისზე უნდა წავიდეს, თბილისს შეუძლია რაღაც დათმოს. ჩვენს ქვეყნებს ხომ ერთმანეთთან ნაყოფიერი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ… შესაბამისად, არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე საკითხის მოუგვარებლობამ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. განა უკეთესი არაა ერთად გავუმკლავდეთ იმ საერთო საფრთხეებსა და მუქარებს, იმ რისკებს, რომლებიც რეგიონის წინაშე დგანან? სწორედ ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუგოთ, ერთად უნდა გადავლახოთ სირთულეები და მოვაგვაროთ პრობლემები”.
სადიხოვი ტერიტორიების დათმობისკენ მოგვიწოდებს. ჩათვალეთ, რომ ეს არის აზერბაიჯანული ოფიციოზის პოზიცია.
– რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს? ოფიციალური ბაქო ამას ოფიციალურად ვერ გააჟღერებდა?
– როგორ ვერ გააჟღერებდა. მე თავში გითხარით, რომ ბაქო და თბილისი პრობლემებზე დელიკატურად საუბრობენ. ახლა იმასაც მოგახსენებთ, თუ რატომ ვთვლი სადოხოვის განცხადებას ოფიციალური ბაქოს პოზიციად. აზერბაიჯანში მედიას ხელისუფლება სრულად აკონტროლებს, იქ თავისუფალი პრესა არ არსებობს. იქაური მედია მხოლოდ იმაზე საუბრობს, რაც მათ ხელისუფლებას აწყობს. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადიხოვმა ოფიციალური ბაქოს პოზიცია გააჟღერა.
არც იქაური პოლიტოლოგები თუ პროფესორები აკეთებენ განცხადებებს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. ოფიციალური ბაქო მათი ენით გვესაუბრება. ხელისუფლების წარმომადგენლები მეგობრობაზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობენ.
ახლა მათ სადიხოვის პირით სადავო ტერიტორიების დათმობისკენ მოგვიწოდეს. როდემდე უნდა დავუთმოთ ამ აზერბაიჯანს? ისედაც ბევრი რამე დავთმეთ მათ სასარგებლოდ.
წლების წინ ალიევს წინ დაუდეს საქართველოს რუკა და აჩვენეს, რამდენი მეჩეთი აშენდა ბოლო წლებში ქვემო ქართლში. პრეზიდენტი ალიევი გადაირია – ამდენი მეჩეთი მთელ აზერბაიჯანში არ არისო.
მართლა ასეა, ქვემო ქართლში მეჩეთი მეჩეთზე შენდება, სამაგიეროდ, ქართველების უფლებები ირღვევა. არაერთხელ ჰქონდა ადგილი მართლმადიდებლური ეკლესიების შეურცხყოფას. ამ ფაქტებს საქართველოს ხელისუფლება რატომღაც გვერდს უვლის. ხმას არც არასამთავრობოები იღებენ.
მე ვიცნობ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აზერბაიჯანულ სექტორზე სწავლობენ. მათ მითხრეს, ლექტორები გვეუბნებიან, ქვემო ქართლი აზერბაიჯანისააო. ამაზე დიდი ღალატი რა გინდათ. ახალგაზრდებს შთააგონებენ, რომ ეს რეგიონი საქართველოს არ ეკუთვნის.
– სტუდენტებმა ამ ლექტორების ვინაობა დაგისახელეს?
– დამისახელეს, მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით მათ გვარებს. მე ხელთ არ მაქვს იმის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი, რომ ისინი ქვემო ქართლს აზერბაიჯანის ნაწილად თვლიან.
ამ დროს საინგილოში, ჩვენს მიწაზე, ჩვენი ქართველები არათუ ქართულ განათლებას ვერ იღებენ, მათ ქართულად ლაპარაკსაც კი უშლიან. ქართული ენის სწავლება ოფიციალურად შეჩერებულია, დახურულია ქართული სკოლები.
საქართველოში მცხოვრებ ქართველებს ქართული გვარების ტარების უფლებაც არა აქვთ. ეკლესიები მხოლოდ გიორგობაზე იხსნება და მაშინაც ვერ ახერხებენ ინგილოები იქ სალოცავად წასვლას.
როგორც მე იქაურები მეუბნებიან, აზერბაიჯანის ხელისუფლება მათ დიდ ფულს სთავაზობს, რომ საინგილოდან წავიდნენ. ამ რეგიონში აქტიურად მიდის აზერბაიჯანელების ჩასახლება. ცდილობენ, ყოველგვარი ქართული კვალი წაშალონ.
ყველამ იცის ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ, ის არის ქართული ეკლესია. ახლა ამ ტაძრისკენ მიმავალ გზაზე დგას ტრაფარეტი, რომელზეც წერია, რომ ეს ტაძარი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
საინგილოში მცხოვრებ ქართველებს ჯანდაცვის კუთხითაც სერიოზული პრობლემები აქვთ. აზერბაჯანში სამედიცინო მომსახურება საკმაოდ ძვირია. ინგილოევს უნდათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდნენ სამკურნალოდ, მაგრამ ამის უფლებას არ აძლევენ.
– რა უფლებით უშლიან მკურნალობას?
– ეუბნებიან, რომ თუ სამკურნალოდ თბილისში წავლენ, მათ პრობლემები შეექმნებათ.
– ამას ვინ ეუბნება?
– აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები.
– საქართველოს ხელისუფლებამ იცის ამის შესახებ?
– ალბათ იცის, მაგრამ ხმას არ იღებენ. არ უნდათ ბაქოსთან ურთიერთობის გაფუჭება. ბაირამობას საქართველოს პრემიერი ქვემო ქართლში ჩავიდა და აზერბაიჯანელებს ეს დღესასწაული აზერბაიჯანულად მიულოცა. ეს ძალიან კარგი საქციელი იყო, მაგრამ გსმენიათ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების რომელიმე პირი ჩასულიყო საინგილოში და ქართველებისთვის რომელიმე რელიგიური დღესასწაული მიელოცა? ასეთი რამე არასდროს მომხდარა.
მილოცვა კი არა, ქართველებს ქართულ ტაძრებს წელიწადში ორჯერ უღებენ მხოლოდ. სამაგიეროდ, ამ ტაძრებში გასართობ გადაცემებს წერენ. ამაზე ხმას არავინ არ იღებს. მათ შორის არც ეს მოღალატე არასამთავრობოები. აბა წარმოიდგინეთ რა ამბავი ატყდებოდა რომელიმე ტელევიზიას საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში გასართობი გადაცემა რომ ჩაეწერა. მთელ მსოფლიოს მოსდებდნენ, საქართველოში მუსლიმების უფლებები ირღვევაო.
საინგილოში რა ხდება, არავის აინტერესებს. არ აინტერესებთ, რომ ჰერეთში ქართველების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ანალოგიური ვითარებაა ქვემო ქართლშიც.
სადიხოვის განცხადებებიდან გამომდინარე, ახლა ოფიციალური ბაქო უკვე სადავო ტერიტორიების დათმობას გვთხოვს. დამიჯერეთ, დავით გარეჯის და ერისიმედის დათმობა აზერბაიჯანული გაზის მიღების სანაცვლოდ არ უნდა მოხდეს.
– ტერიტორიების დათმობა არ უნდა მოხდეს, მაგრამ გაზიც საჭიროა.
– მერე მივიღოთ რუსული გაზი. იმ მოღალატე ქართველებს მინდა მივმართო, რომლებიც გაზპრომის გაზზე მხოლოდ იმიტომ ამბობენ უარს, რომ რუსეთი ოკუპანტია.
– არის ეს რუსეთი ოკუპანტი და რატომ არ უნდა თქვან?
– მაშინ აზერბაიჯანსაც აქვს ქართული მიწები ოკუპირებული, თუ საინგილო საქართველო არ არის? მაშინ აზერბაიჯანულ გაზზეც უარი ვთქვათ. საქართველოს ხელისუფლებას რომ მოენდომებინა, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვარი უკვე დადგენილი იქნებოდა.
რამდენიმე წლის წინ სასაზღვრო ჯარების ყოფილ სარდალს ვალერი ჩხეიძეს ვესაუბრე. ის შევარდნაძის დროს ხელმძღვანელობდა ამ უწყებას და საზღვრების დადგენის მიმართულებით ბევრი შრომა გასწია.
მისი თქმით, შევარდნაძეს ჰეიდარ ალიევთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჩხეიძეს შევარდნაძისთვის არაერთხელ უთხოვია, აზერბაიჯანის პრეზიდენტს სადავო ტერიტორიებზე დალაპარაკებოდა. ჩხეიძე ამბობდა, რომ ალიევი წავიდოდა დათმობაზე, მაფრამ შევარდნაძემ არ მოისურვა.
ეს არც სააკაშვილმა გააკეთა და ამ მიმართულებით მოქმედი ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს. სამაგიეროდ, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები ახმოვანებენ ოფიციალური ბაქოს პოზიციას – დავით გარეჯს და ერისიმედს ითხოვენ.
მინდა მივმართო საქართველოს საგარეო უწყებას, რომ სასწრაფოდ გამოეხმაურონ სადიხოვის განცხადებას. თავისი პოზიცია დააფიქსიროს კულტურის სამინისტრომაც. არც ის იქნება ცუდი, თუ ჩვენი ისტორიკოსებიც გამოიღვიძებენ. ხმა თუ არ ამოვიღეთ, შეიძლება თბილისიც დავკარგოთ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა