შოთა მალაშხია: “ხალხში ბოღმა და დარდი მატულობს – უკმაყოფილო ადამიანები ყველაფერს წალეკავენ”

შოთა მალაშხია: "ხალხში ბოღმა და დარდი მატულობს - უკმაყოფილო ადამიანები ყველაფერს წალეკავენ"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ, ყოფილ დეპუტატ შოთა მალაშხიას.
– საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ მოითხოვს არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას და აპროტესტებს პოლიციის რეიდებს. ამას ყველაფერს ერთად უწოდებენ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. რეალურად ექმნება საფრთხე დემოკრატიას საქართველოში?
– დემოკრატია დიდი ხანია საფრთხეშია. საზოგადოების მღელვარება გასაგებია. ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე დიდი ხანია, მიდის საუბარი. ერთმნიშვნელოვანია, რომ მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, გასამიჯნია მოხმარება და გასაღება. მთავარი მგონია არა ახალი ახალი კანონის მიღება, არამედ-მისი აღსრულება.
– ნარკოპოლიტიკის ახალი კანონმდებლობის შესრულება გართულდება?
– სახელმწიფომ უნდა განაცხადოს, აქვს თუ არა ახალი ნარკოპოლიტიკის უზრუნველყოფის მექნიზმები. ესაა სპეციალისტები, რომლებმაც უნდა უმკურნალონ ნარკომანებს და ფინანსები რეაბილიტაციისთვის. ჩვენ არ ვიცით, აქვს თუ არა სახელმწიფოს ამ პირობების შექმნის შესაძლებლობა. ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ისეთივე სიტუაციაა, როგორც ნებისმიერ სფეროში.
– კერძოდ?
– სახელმწიფო სტრუქტურები მოშლილია, არ არსებობს კონცეპტუალური ხედვები და პროგრამები არცერთ დარგში. პოლიცია ატარებს რეიდებს, რომლებიც საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს. ამით უნდათ პოლიციის როლის ამაღლება.
– პოლიციის როლი ამით არ მაღლდება?
– პოლიციის როლი და ავტორიტეტი იზრდება საზოგადოებასთან კონტაქტით. სამართალდამცავმა ორგანოებმა კარგად უნდა იცოდნენ საზოგადოების განწყობები. ისინი ამ განწყობებს წინ უნდა უსწრებდნენ. ჩვენთან რომ კრიმინოგენური თვალსაზრისით საშინელი მდგომარეობაა, ამაზე ფაქტები მოწმობს. საგანგაშო ისაა, რომ კრიმინალმა ჩააღწია ბავშვებში და მათ დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა. მოშლილმა სტრუქტურებმა, უსამართლობამ, მძიმე ფონმა ეს შედეგი გამოიღო.
– ბავშვებზე, ალბათ, ისიც მოქმედებს, რომ ბევრი მათგანის დედა ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთშია წასული.
– ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ბევრ მოსწავლეს ადრეც წასული ჰყავდა დედა, მაგრამ კრიმინალის ასეთმა საგანგაშო შემთხვევებმა ახლა იჩინა თავი. საზოგადოებაში აგრესია მატულობს, სახელმწიფო ინსტიტუტები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ, ჩვენთან დაბრუნდა 90-იანი წლების მენტალიტეტი და მდგომარეობა.
– ანუ?
– ბრუნდება მდგომარეობა, როცა ყველგან წამყვანი როლი ეკავათ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს. ახლაც ეს სიტუაციაა. სამსახურებში დანიშვნა ან ტენდერის მოგება არ ხდება კონკურსების საფუძველზე. გაბატონდა კორუფცია და ნეპოტიზმი. საზოგადოების უდიდესი ნაწილი გაღარიბებულია და პოზიტიურს ვერაფერს ხედავს.
– პოზიტივზე მთავრობა საუბრობს. სიამაყის საგანია საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა და ბიზნესის დაწყების სიმარტივე.
– როცა ტელევიზორიდან ადამიანს ესმის ის, რაც რეალობას ეწინააღმდეგება, ეს უფრო ძაბავს სიტუაციას. როცა შენი მდგომარეობა უარესდება და სხვას გიმტკიცებენ, ბრაზდები. ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლებას და მასთან დაახლოებულ პიროვნებებს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა და ოჯახური ინტერესი აღელვებთ.
გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, რამდენჯერმე ღიად ისაუბრა დარღვევებზე, უსამართლობაზე, კარტელურ გარიგებებზე ტენდერების სფეროში. მისი განცხადებების შინაარსი სწორია. დარღვევა უამრავია. საოცარია მანერა, რომლითაც ის მთავრობის ხელმძღვანელისაგან სამართალს მოითხოვს. ესაა ძმაკაცურ-ქუჩური დიალოგი – ძმაო, ჩავიკუზოთ და საქმე გავარჩიოთ.
“ქართული ოცნება” ხალხს სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა. ეტყობა, სამართალმა უკვე ჭამა პური და აღდგა 90-იანი წლები. მალე წილების განაწილება გააქტიურდება. შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრი თარგამაძე ამბობდა, ჩვენ ხელფასები არ გვინდა, თავს ჩვენვე შევინახავთო. განსხვავება ბიუჯეტშია. მაშინდელი ბიუჯეტი 600 მილიონიანი იყო, ახლა 12 მილიარდიანია. ახლანდელები ხრავენ ამ გაზრდილ ბიუჯეტს.
– რას ნიშნავს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ 10-ლარიანი წამალი კი არაა ძვირი, მოსახლეობაა დაბალშემოსავლიანი? ეს სოციალური შუღლის გაღვივებას ჰგავს.
– ამ ხალხს არასდროს მიაჩნდა თავი საზოგადოების ნაწილად. ოქრიაშვილი და მისნაირები ფიქრობენ, რომ ისინი წარმოადგენენ წარმატებულ ზედაფენას, უმრავლესობა კი ჭაობია.
– ადრე ხომ იკავებდნენ თავს ასეთი გამომწვევი განცხადებებისგან?
– იკავებდნენ, იმიტომ რომ სხვა სიტუაცია იყო. მაშინ ძლიერდებოდა სახელმწიფო სტრუქტურები. ეკონომიკის აყვავება ერთბაშად ძნელია. მანამდე, ვისაც სჭირდება, სახელმწიფომ იმაზე უნდა იზრუნოს. სამედიცინო დაზღვევა და მედიკამენტები იქნება ეს, ფულადი შემწეობა თუ უმაღლესი განათლება.
– აქ მარტო სოციალური სოლიდარობის პრობლემა არ დგას. საქართველოში წამლები ყველაზე ძვირია რეგიონში.
– ეს მანკიერი წრის ნაწილია. როცა სახელმწიფო ორგანოები ვერ მუშაობენ, როცა მოხელეები ურიცხვ პრემია-დანამატს იწერენ, როცა თანამშრომლები ინიშნებიან ნეპოტიზმის საფუძველზე, ფარმაცევტული ბიზნესიც თავისას შვრება. თან, აღარ ერიდებათ გამაღიზიანებელი განცხადებების გაკეთება. არაფორმალური მმართველი აკეთებს იმას, რაც თვითონ უნდა. მისი ერთ-ერთი მთავარი საქმე ხეების გადატანა-გადმოტანაა. ამ სიტუაციაში სხვებსაც შეეცვალათ ქცევა.
– საზოგადოება ისევ მარტო ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებს?
– ხალხში დარდი, ბოღმა და აგრესია მატულობს. ადამიანები ღარიბდებიან. მათ სულ უფრო მეტად აღიზიანებთ გაზრდილი კრიმინალი, პრემია-დანამატებზე დახარბებული მაღალჩინოსნები, მათ თვალწინ უსაშველოდ გამდიდრებული დეპუტატები, მინისტრები და მათი მოადგილეები.
როგორ აფეთქდება ეს მუხტი, ამის წარმოდგენაც არ მინდა. ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოკვდინებას “ოცნება” ვერ მოახერხებს, მაგრამ ეს ძალა ცუდად დაამთავრებს. ერთხელ ყველაფერი ისე იფეთქებს, რომ ყველაფერს წალეკავს. მაშინ დანგრეული ქვეყნის აღდგენაზე ისინი იზრუნებენ, ვინც ამისთვის მოწადინებულია.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა