ოთარ ანგურიძე – “მხოლოდ დიზელის შემოტანის აკრძალვა საკმარისი არ იქნება”

ოთარ ანგურიძე - "მხოლოდ დიზელის შემოტანის აკრძალვა საკმარისი არ იქნება"ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბიზნესმონოპოლიებზე და დიზელის საწვავის აკრძალვის იდეაზე საუბრობს.
– ბატონო ოთარ, ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე პრემიერ კვირიკაშვილს ბიზნესმენებმა თავიანთ პრობლემებზე შესჩივლეს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მათ ლარის კურსის რყევები და სასამართლოს მიმართულებით არსებული ვითარება დაასახელეს. მონოპოლიებზე არაფერი თქმულა. რამდენად არის დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევა მონოპოლია?
– დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველა მიმართულებით არის მონოპოლია და ეს არის პრობლემა. ეს პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დგას დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა კონკურენციის სააგენტო, ამოქმედდა შესაბამისი კანონი, დღეს მაინც დგას ეს პრობლემა.
კანონმდებლობა ძალიან სუსტია, რომელიც კონკურენციის შესახებ გვაქვს. როდესაც კანონპროექტის მიღება ხდებოდა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ეს იყო ერთ-ერთი ვალდებულება ევროკავშირის წინაშე აღებული, ჩვენ მაშინ დროში ვიყავით შეზღუდულები, მაგრამ ახლა შეგვიძლია მისი დახვეწა.
მაშინ ვალდებულება გვქონდა, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო მსხვილი ბიზნესინტერესების დაცვა. დღეს გვაქვს დროც და შესაძლებლობაც, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მოხდეს ამ კანონის დახვეწა, ევროპული გამოცდილების რაც შეიძლება უფრო გათვალისწინება.
შესაბამისად, ჩვენ, როგორც მომხმარებლები, უფრო დაცულები ვიქნებით, რომ ქვეყანაში არ იყოს კარტელური გარიგებები, რაც იწვევს სხვადასხვა პროდუქციის მაღალ ფასებს. ასევე, ყველაფერთან ერთად, ჩვენ მივიღებთ კარგ პროდუქციას და კარგ მომსახურებას.
– რაც დღეს პრობლემაა.
– დიახ.
– მომხმარებელთა უფლებების დამცველი სამსახური ცალკე არ არსებობს, ვინ არის ამ მიმართულებით კონკრეტულად პასუხისმგებელი ქვეყანაში? მოქალაქეს აქვს უფლება, სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ეს ძალიან შორი გზაა.
– საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დამცველი ცალკე სამსახური არ არსებობს, მაგრამ გადანაწილებულია შესაბამისი სფეროს სხვადასხვა სამსახურებზე.
მაგალითად, საფინანსო მიმართულებით თუ დაირღვევა მომხმარებელთა უფლებები, პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება. თუ, კვების პროდუქტების მიმართულებით დაირღვევა მომხმარებლის უფლებები, პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება.
ამ პროცესში მთავარი ფიგურანტი მაინც სახელმწიფოა. მთავარი არ არის, რომ მომხმარებელთა უფლებები მაინცდამაინც ერთი ქოლგის ქვეშ იყოს მოქცეული, მთავარია, იყოს გამართული კანონმდებლობა და მის აღსრულებაზე ზედამხედველობა იმ დონეზე, რომ მომხმარებელთა უფლებები მართლაც იყოს ქვეყანაში დაცული.
დიდი წინააღმდეგობა არის მსხვილი ბიზნესიდანაც, რომ ეს საკითხი იყოს რეალურად მაღალ დონეზე აყვანილი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს გადამჭრელი როლო ჰქონდეს ამ პროცესში. რა თქმა უნდა, აუცილებელია მსხვილი ბიზნესის როლიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ არა – მომხმარებელთა უფლებების ხარჯზე.
– მონოპოლიები რამდენად უქმნის საფრთხეს თავისუფალ ბაზარს?
– ზოგადად მონოპოლია თავისი შინაარსით ცუდი არ არის. ცუდია მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეჭვი არსებობს, რომ სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებელია კარტელური გარიგებები. კარტელური გარიგებები სისხლის სამართლის დანაშაულია და მკაცრად ისჯება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. სახელმწიფოს ამ პროცესში გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონდეს, რომ კონკრეტულმა სეგმენტებმა არ გამოიყენონ ბოროტად მათი გავლენები და მონოპოლიური მდგომარეობა.
– დღეს ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ ბიზნესი დაცული იყოს კარტელური გარიგებებისგან? წინა კვირაში წამლის ბიზნესის მონოპოლიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში დიდი ხმაური იყო, რომ შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული წამლის მონოპოლიას არ ეშველა.
– დიახ, ბევრია საუბარი ფარმაცევტულ ბაზარზე, რომ ამ მიმართულებით კარტელური გარიგებები არსებობს. შეუძლებელია, მათი გავლენები მოკლებული იყოს გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა პოლიტიკისგან. აქიდან გამომდინარეა, რომ მუდმივად არიან ამ სფეროს წარმომადგებლები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
– მაგალითად ოქრიაშვილი, რომელიც პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატია და რომელიც საკმაოდ გავლენიანი პირია.
– თუ ის საკმაოდ გავლენიანი დეპუტატი არის, მაშინ შეუძლებელია, რომ მას არ ჰქონდეს იმის მცდელობა, რომ ჩაერიოს და ლობირება გაუწიოს თავის ბიზნესს.
– ოქრიაშვილი რომ გავლენიანი დეპუტატია, ამას მოწმობს თუნდაც ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა ძალამ მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით მიიღო.
– სწორედ ეს ყველაფერი აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს, შეუძლებელია, რომ მან თავის ბიზნესს ასეთ მაღალ დონეზე არ გაუწიოს ლობირება. ამიტომ ვამბობ, რომ მკაცრი პოლიტიკა არის ამ მიმართულებით გასატარებელი.
ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ფარმაცევტულ ბაზარზე ვსაუბრობ, არამედ ყველა მიმართულებით. მაგალითად, იგივე შეიძლება ითქვას ნავთობკომპანიების მიმართულებით, საბანკო სექტორთან დაკავშირებით. ასეთი ჩარევები და ლობირება იწვევს მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევებს. ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი და სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი მედიის მხრიდანაც, საზოგადოების მხრიდანაც და მთავრობის მხრიდანაც, რომ ეს პრობლემა ერთობლივად დავძლიოთ.
მამუკა ხაზარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყანაში დიზელის საწვავის შემოტანა აიკრძალოს. კეთილშობილური მიზნებით – ეკოლოგიის დაცვით – ითხოვს ის ამ აკრძალვას, მაგრამ ეს საწვავს ხომ გააძვირებს?
– ზოგადად მსგავსი ტიპის აკრძალვები ეკონომიკას არ უყვარს. ეკონომიკას კონკურენცია უყვარს. ცივილიზებული მსოფლიო საწვავის მომხმარებელ ავტომობილებზე სულ უფრო და უფრო ამბობს უარს. უკვე აქცენტი ჰიბრიდებზე, ელექტრომობილებზე კეთდება. მხოლოდ დიზელის საწვავი აბინძურებს გარემოს?! რატომ მაინცდამინც დიზელი?!
– სწორედ ამ კუთხით დავსვი ეს კითხვა, რატომ არა მთლიანად უვარგისი საწვავი?
– რა თქმა უნდა. მხოლოდ ერთი მიმართულებით აკრძალვა, მაგალითად, დიზელის აკრძალვა, ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს ამ ბაზარზე. უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ზოგადად საწვავის მოხმარების შემცირება და ამის საპირისპიროდ ხელშეწყობა ელექტრომობილების, ჰიბრიდების შემოყვანის მიმართულებით. ეს უფრო იქნება შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე მხოლოდ დიზელის საწვავის აკრძალვა ქვეყნაში.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა