რუსეთის პატრიარქმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი “ადგილობრივ ხელისუფლებად” მოიხსენია

რუსეთის პატრიარქმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი “ადგილობრივ ხელისუფლებად” მოიხსენიასაქართველოს საპატრიარქომ , საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პასუხი მიიღო.

პატრიარქი კირილი წერილში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს “ადგილობრივ ხელისუფლებად” მოიხსენიებს.

“უწმინდეს და უნეტარეს ილია ΙΙ–ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.

პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა.ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე

დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ, სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს”- ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.

გარდა ამისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა წერილში ილია მეორე ისევ არ მოიხსენია სრული სტატუსით.

ილია მეორის ტიტული ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

“უწმინდეს და უნეტარეს ილია ΙΙ–ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს” – ასე იწყება რუსეთის პატრიარქის წერილი.

ნიუპოსტი