თამარ ჩხეიძე – “სამღვდელოება კი არ დაესხა თავს სალომე ზურაბიშვილს, პირიქით, ზურაბიშვილმა შეუტია ეკლესიას”

თამარ ჩხეიძე - "სამღვდელოება კი არ დაესხა თავს სალომე ზურაბიშვილს, პირიქით, ზურაბიშვილმა შეუტია ეკლესიას"საქართველოში მიმდინარე ცხელ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და ყოფილ დეპუტატს თამარ ჩხეიძეს.
– საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მოუწოდა სამღვდელოების აქტიურ ნაწილს, ნუ მიაყენებს ჩრდილს ეკლესიას. ის სასულიერო პირები, რომლებიც “თავს დაესხნენ” სალომე ზურაბიშვილს, ზღვარს გადავიდნენ?
– სამღვდელოება კი არ დაესხა თავს სალომე ზურაბიშვილს, პირიქით, ზურაბიშვილმა შეუტია ეკლესიას და სასულიერო პირებს დაემუქრა კიდეც. ეკლესია ბოლო დროს არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. პირადად მე ვაპროტესტებ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიას.
– ამ დღეებში სამღვდელოებამ აქტიურობა გამოიჩინა, რაც ყველას არ მოეწონა.
– თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, რატომ ჰგონიათ, რომ ამის უფლება არ გააჩნიათ სასულიერო პირებს? ისინი იმაში არიან შეზღუდული, რომ ვერ დარაზმავენ ხალხს რომელიმე პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ, თორემ, მოსაზრების გამოთქმა არავის ეკრძალება.
ზურაბიშვილის მუქარა საეკლესიო პირების მიმართ იმ ტრაგიკომედიის გაგრძელებაა, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. ტრაგედიაა ამ პიროვნების არჩევნებში მონაწილეობა, მისი განცხადებები ხშირად ისეთი აბსურდულია, რომ კომიკური ხდება. ამ კომედიის ნაწილია პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლის სოფო კილაძის განცხადება. კილაძე ირწმუნება, რომ ზურაბიშვილს იმიტომ დევნიან, რომ ის ქალია. რა შუაშია ქალი? კაცი რომ იყოს, ტაშისკვრით შევხვდებოდით განცხადებებს იმაზე, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და ცხინვალი დაბომბა?!
– საზოგადოება როგორ შეხვდება პატრიარქის ამ მოწოდებას სამღვდელოებისადმი? ხომ არ იფიქრებენ ადამიანები, რომ ესაა ფარული მხარდაჭერა ზურაბიშვილის, როგორც კანდიდატის, მიმართ?
– არა. ეს ზოგადი განცხადებაა. კათალიკოს-პატრიარქი ცდილობს, მოზომილი იყოს. მასზე ყოველთვის დიდი ზეწოლა იყო. ხანდაზმულობის გამო ის ახლა განსაკუთრებული პრესის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად დიდი პრესისა, უწმინდესი მაქსიმალურად ცდილობს, ყოველთვის დაიკავოს სწორი და ქვეყნისთვის მისაღები პოზიცია. მისი განცხადებები სწორია. შეიძლება რომელიმე განცხადება ვინმემ ზედმეტად რბილად აღიქვას. საგანგაშო ისაა, რომ არიან ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი კანდიდატები. არის მათი გაპრეზიდენტების საფრთხე.
– არჩევნების ბედი გადაწყვეტილი არ არის?
– გამარჯვების შანსი, როგორც წესი, აქვს იმას, ვისზედაც მუშაობს სახელმწიფო რესურსი. სხვა შედეგი დადგება მაშინ, თუ საზოგადოება გაერთიანდება და დაირაზმება. ჩემი პოლიტიკური გამოცდილებიდან ვიცი, როგორი ძნელია არჩევნების დროს პროცესის გაკონტროლება. ახლანდელ ოპოზიციასაც გაუჭირდება პროცესის სრულად გაკონტროლება. მით უმეტეს, რომ ადრე არჩევნებში ამხელა ფული არ ტრიალებდა, ახლა კი ასტრონომიული თანხები ბრუნავს.
ყველაზე კონკურენტუნარიანი ძალებისა და კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია პოლიტტექნოლოგიები და შავი პიარი. იმათ მიმართ, ვინც ბრძოლისუნარიანია (ვგულისხმობ დღევანდელ პროდასავლურ ოპოზიციას), წლების განმავლობაში გამოიყენება კარგად დამუშავებული მეთოდები. წინა ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ტექნოლოგიების წყალობით ბევრი რამ იქნა გაზვიადებული და დამახინჯებული. ამაში მონაწილეობდა და ახლაც მონაწილეობს რუსეთი.
– რუსეთს არჩევნებში ჩარევას არაერთი სახელმწიფო სდებს ბრალად.
– რუსეთი უკვე აშშ-ის არჩევნებშიც ერევა. საქართველოს საარჩევნო პროცესებში კრემლი ყოველთვის მონაწილეობდა.
– წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა კანაფის პლანტაციების თემა.
– კანაფის პლანტაციების მოშენების და შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორები ამ საკითხს მიუბრუნდებიან. ამაში ორი დიდი ინტერესია ჩადებული. პირველი – ფინანსური და მეორე – ქვეყნის შემდგომი დაუძლურება და მოსახლეობის დეგრადაცია.
ფინანასურ სარგებელს აქედან ერთი ჯგუფი, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილი მოელის. ეს საკითხი ადრევე მზადდებოდა.
– რას გულისხმობთ?
– რამდენიმე თვის წინ განვითარებულ მოვლენებს. მაშინ რუსთაველზე გამოვიდნენ ისინი, ვინც აღშფოთებული იყო ღამის კლუბებში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციით. მათ გვერდით დაუდგნენ ვითომ ლიბერალები.
ნამდვილი ლიბერალი ილია ჭავჭავაძე იყო. ლიბერალიზმი შემწყნარებლობაა. ახლანდელ ქართველ ლიბერალებს ლიბერალიზმი ნარკოტიკებით გაბრუება, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ჰგონიათ. ამას ეძახიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. სხვისი აზრის მიმართ ისინი შეუწყნარებლები არიან. ამას თავისუფლებისთვის ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს. პირიქით.
– კანაფის გაშენებისთვის მაშინ ნიადაგი მზადდებოდა?
– ღამის კლუბებში სპეცოპერაცია სპეციალურად მოაწყვეს, რომ შემდგომში რუსთაველზე აქციები გამართულიყო. არადა, მანამდე ღამის კლუბებში ნარკოტიკების გამო ახალგაზრდები იხოცებოდნენ.
ყველა ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ეწყობა რეიდები და ოპერაციები ნარკოტიკების წინააღმდეგ. ამის გამო აქციებს არ მართავენ. ქუჩის პროტესტს მოჰყვა ის, რომ ფაქტობრივად დაიწყო ნარკოპროპაგანდა.
ნარკომანის ციხეში გაშვების წინააღმდეგი ვარ. ნარკომანს ციხე ვერ გადააარჩენს, მაგრამ მას არც ნარკოტიკების ლეგალიზაცია უშველის. თურმე, ჩაფიქრებული ყოფილა კანაფის წარმოება. მაშინდელ კლიპში ბერა ივანიშვილი ახსენებს სიტყვა “ლეგალიზაციას”.
კანაფის კულტივაციის მოტივი მარტო ფინანსური არ არის. გარდა იმისა, რომ ეს დიდ ფულს აშოვნინებს ერთ ჯგუფს, დაგეგმილია ერის დაჩაჩანაკება და გაბრუება. თუ საზოგადოება ამას არ შეეწინააღმდეგა, ეს განზრახვა შესრულდება.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა