გია ნოდია – „პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარედ შეიძლება უმრავლესობისთვის მოულოდნელი კანდიდატი დაასახელოს“

გია ნოდია - „პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარედ შეიძლება უმრავლესობისთვის მოულოდნელი კანდიდატი დაასახელოს“საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხვალ ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურა უნდა დაასახელოს, ვინაიდან მოქმედ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას უფლებამოსილება ეწურება. ამის შემდეგ მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობის – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელება მოუწევს.

რა მოლოდინი არსებობს ამ მხრივ და როგორ აფასებს ზურაბიშვილის რამდენიმე დღიან მუშაობას პრეზიდენტის რანგში? – ამ თემაზე „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგი გია ნოდია საუბრობს:

_ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა, რომელიც პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს. რა მოლოდინი გაქვთ?

_ გამოკვეთილი მოლოდინი არ მაქვს. იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევანები მაინცდამაინც არ ექვემდებარება მკაფიო ლოგიკას, არ ვიცი, რა ნიშნით არჩევს ის ხალხს. როგორც ჩანს, ეს სუბიექტური ნიშანია, ვინ მოეწონება და ვინ არა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ მისი წარსულით, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობით, ახლა უკვე არჩევანი ვისზეც გააკეთა – იგულისხმება ლაშა ჟვანია და დიმიტრი გაბუნია.

არ ვიცი, შესაძლოა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდეს მისი არჩევანი ამ თვალსაზრისითაც.

_ მათ შორის უმრავლესობისთვისაც?

_ შეიძლება უმრავლესობისთვისაც მოულოდნელი იყოს. არ ვიცი, რამდენად ჩათვლის საჭიროდ უმრავლესობასთან რაიმე კონსულტაციას, ან მათთვის მისაღები კანდიდატურის შეთავაზებას.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იქნება პრეზიდენტის რანგში მისი პირველი სერიოზული გამოცდა?

_ რა თქმა უნდა. კი ბატონო, ეს იქნება პირველი სერიოზული გამოცდა.

_ უნდა ჰქონდეს თუ არა კონსულტაციები მესამე სექტორთან? ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

_ სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, ფორმალურად ევალება თუ არ ევალება კონსულტაციები. რომც არ იყოს ასეთი წესი მოქმედი, მე მგონი, აუცილებელია კონსულტაციების გავლა სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას. მით უმეტეს ეს ახლა აღარ ეხება მის შიდა შტაბს თუ შიდა აპარატს. სასურველია, რომ ეს კონსულტაციები მეტ-ნაკლებად ღიად ჩატარდეს, რათა საზოგადოებამ ნაწილობრივ მაინც იცოდეს, ვისთან გაიარა მან კონსულტაცია.

_ ამის შემდეგ მას მოუწევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება. ამაზე რა პოზიცია გაქვთ?

_ ზუსტად იგივე, რაც წინა საკითხზე. ასეთი ტიპის სერიოზული გადაწყვეტილებები მას არასდროს მიუღია. საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში კი ბატონო, მოადგილეების, ელჩების დონეზე ალბათ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებებს. აქაც იგივე მოლოდინებია, რომ შესაძლოა მოულოდნელობებიც იყოს.

_ ეს კიდევ უფრო მძიმე სისტემაა, თუნდაც იმიტომ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილიც საუბრობენ, რომ იქ მაფიოზურ-კლანური სისტემაა. ამიტომ კიდევ უფრო მეტი გამოწვევები ხომ არ აქვს?

_ ცხადია. ორივე შემთხვევაში სერიოზული გამოწვევები აქვს პრეზიდენტს და რთულია ისეთი ადამიანის მონახვა, რომელიც გინდა ცესკოს თავმჯდომარეობას, გინდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას კარგად წარუძღვება. ამიტომ სერიოზული დაფიქრება და კონსულტაციები იქნება საჭირო. ვნახოთ, რას იზამს.

_ მისი პრეზიდენტობის რამდენიმედღიანი პერიოდი როგორ შეიძლება შეფასდეს თქვენი მხრიდან?

_ არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი ახალს. უცნაური იყო პირველივე დღე და მისი არგადადგმული ნაბიჯი, როცა ამბასადორიალზე არ მივიდა. მოლოდინი იყო, რომ უნდა მისულიყო და როგორც ჩანს ეს მოულოდნელობა აღმოჩნდა, მისი დაკავებულობით ამის ახსნა მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის. ის, რასაც აკეთებდა, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამბასადორიალის ღონისძიებაზე მისვლა და იქ გამოსვლა?!

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის რატომღაც მზად არ იყო ასეთი გამოსვლისთვის. უცნაურია ეს. თუ რამე იცის და რამე სფეროში ერკვევა, ეს საგარეო პოლიტიკაა, რადგან ის სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამიტომ, ეს მაინცდამაინც კარგი სტარტი არ არის. დანარჩენი თვითონ ინაუგურაციაზე გამოსვლა იყო მხოლოდ, რომელიც დამაკმაყოფილებლად უნდა შევაფასოთ.

სხვა არ ვიცი. თავისი აპარატის დაკომპლექტებაშიც ისეთი ფიგურები ჩართო, რომლებმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. აქედანაც ჩანს, რომ ის იქნება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც წინააღმდეგობრივ ნაბიჯებს გადადგამს.

_ ალბათ დიმიტრი გაბუნიას გულისხმობთ, რომლის დანიშვნასაც გენდერული თანასწორობის უფლებადამცველები ეწინააღმდეგებოდნენ.

_ განსაკუთრებით დიმიტრი გაბუნიას ვგულისხმობ, თუმცა უცნაურია ლაშა ჟვანიას სესხება თუ წამოყვანა საპატრიარქოდან, რაც გინდათ დავარქვათ. ესეც საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯი იყო.

_ ელჩების კონფერენცია ახსენეთ და პრეზიდენტის იქ არმისვლა იმითაც ხომ არ შეიძლება აიხსნას, რომ რადგანაც უცხოეთის უბნებზე მან წააგო არჩევნები, ამის გამო სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია ელჩებზე?

_ თუ ეგ იყო მოტივი, მაშინ მთლად ცუდად ყოფილა საქმე. თუ ეს მიზეზი იყო, მაშინ გამართლებაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. თუ ეგრეა, მაშინ პირველ რიგში და დამატებითი ფაქტორია იმისთვის, რომ შეხვდე ელჩებს და არა ის, რომ მათ არ შეხვდე.

_ ათონელის რეზიდენცია ჯერ არ არის მზად. მარგველაშვილიც ამბობდა, რომ შევიდოდა ამ რეზიდენციაში, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. ზურაბიშვილმაც ხომ არ შეიძლება გადაიფიქროს?

_ მე არ ველი, რომ ასე მოიქცევა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ის ადამიანია, ვისგანაც მოულოდნელი ნაბიჯები მოსალოდნელი უნდა იყოს. მას შემდეგ, რაც მან ასე მკაფიოდ თქვა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში არ შევა, განსაკუთრებით გასაკვირი იქნება, მაგრამ გამორიცხვა, ცხადია, არაფრის არ შეიძლება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა