გია ნოდია – „ვერ ვიტყვი, რომ ”ოცნება” იძირება”

გია ნოდია - „ვერ ვიტყვი, რომ ”ოცნება” იძირება”„ქართულ ოცნებაში“ კრიზისის ნიშნები შეინიშნება. პარტია უკვე დატოვა ოთხმა დეპუტატმა – ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა. პარალელურად პრაქტიკულად ყოველდღე ვრცელდება ამა თუ იმ დეპუტატზე ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებას“ დატოვებს ან როგორც მინიმუმ ამაზე ფიქრობს. პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა ასეთი თეორიაც, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი კონტროლირებად ოპოზიციური ძალების შექმნას ცდილობს, რადგან მოვლენების განვითარების შესაბამისად შესაძლოა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც კი აწყობდეს.

რა ხდება „ქართულ ოცნებაში“, დაიწყო თუ არა „ოცნების“ ჩამოშლის პროცესი და რამდენად საფუძვლიანი ეს თეორია? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ნოდია საუბრობს.

_ ყოველდღე გვესმის საპარლამენტო უმრავლესობის ამა თუ იმ დეპუტატის წასვლის შესახებ ინფორმაცია თუ ცნობა იმაზე, რომ წასვლაზე ფიქრობს. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, იძირება?

_ ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით, რომ იძირება, იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი უმრავლესობა აქვს. კიდევ რომ წავიდეს 5-6 დეპუტატი, ვისზეც საუბრობენ, ის მაინც შეინარჩუნებს არა მხოლოდ უბრალო უმრავლესობას, არამედ დამაჯერებელ უმრავლესობას.

მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად ვერ უვლის საკუთარ პოლიტიკურ გუნდს. ეს საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორc ამ პარტიის სისუსტე. ეს ნიშნავს, რომ პარტიაში სერიოზული პრობლემებია, რადგან ამ პოლიტიკური ძალიდან ამდენი ხალხი მიდის.

_ ანუ ეს ვითარება პარტიის ლიდერის პრობლემაზეც მიანიშნებს? გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ ივანიშვილს შეუძლია გუნდის შერიგება და ა. შ.

_ რა თქმა უნდა. ეგ ვთქვი თავიდანვე, რომ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი ვერ უვლის გუნდს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. მისი პრინციპი იყო ის, რომ სწორედ განსხვავებული მიმართულებების და განსხვავებული ტიპის ადამიანები ყოფილიყვნენ ამ გუნდში. მან ყოველდღიური მმართველობა გადააბარა კონკრეტულ ადამიანებს.

ვთქვათ, პრემიერ-მინისტრს მინისტრთა კაბინეტის მოვლა, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობის მოვლა, მაგრამ მისი არჩევანი არ აღმოჩნდა ეფექტური. მოგვიანებით თავადაც ჩაერთო, ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში შარშან მაისში პარტიის თავმჯდომარედ და თვითონ აიღო პასუხისმგებლობა პარტიის შიგნით სიტუაციის დალაგებაზე და ისე ჩანს, რომ ჯერ-ჯერობით ვერ ალაგებს.

_ რამდენად რეალურია ის თეორია, რომ ივანიშვილი თავად ქმნის თავის კონტროლირებად ოპოზიციას ბესელიას გუნდის სახით? ეჭვებს ამძაფრებს ის, რომ დეპუტატები არ აკრიტიკებენ ივანიშვილს.

_ არა მგონია, რომ ინიციატივა მოდიოდეს ივანიშვილისგან. მას არ აწყობს ეს ვითარება, მაგრამ მეორე მხრივ თვითონ ეს ხალხი ხაზს უსვამს იმას, რომ ირაკლი კობახიძესთან არიან ოპოზიციაში, მაგრამ არ უნდათ ხიდები დაწვან ივანიშვილთან. ისინი ფიქრობენ, ვარაუდობენ და იმედი აქვთ, რომ მომავალში ბიძინა ივანიშვილს ისინი შეიძლება დასჭირდეს.

თუ ივანიშვილს არ აქვს ჩაფიქრებული, რომ ალტერნატიული დასაყრდენი ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში ისინი სთავაზობენ თავს, როგორც დასაყრდენს პერსპექტივაში.

_ ხომ არ აწყობს ივანიშვილს, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ამ სისტემით ჩატარდება?

_ არა მგონია. რატომ სჭირდება მას ვადამდელი არჩევნები, როცა მას შეუძლია ის   2020 წელს ჩაატაროს ისევ იმ სისტემით, როგორც აპირებდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით არ ჩანს, რომ ასეთი კონფლიქტი და ასეთი მოცემულობა ჰქონდეს მას.

_ ვგულისხმობ იმას, რომ თუ ოპოზიციის პროტესტი გამწვავდება, ამ ვერსიასაც ხომ არ განიხილავს?

_ შეიძლება. მაგრამ არა მგონია, რომ იმდენად მწვავე ვითარება იყოს, რომ მას ეშინოდეს ასეთი პროტესტის.

_ უმრავლესობის შიგნით, ვიწრო ჯგუფებთან მისი შეხვედრები რაზე მიანიშნებს?

_ იმას მიანიშნებს, რომ ის ცდილობს, მოარიგოს სხვადასხვა ჯგუფები. ის ხვდება, რომ დიდ ფორმატში ამას ვერ მოახერხებს. იმ ფორმატში, სადაც ვთქვათ ირაკლი კობახიძე და სიტყვაზე ბიძინა გეგიძე არიან, მას შეიძლება გაუჭირდეს საერთო ენის ყველასთან გამონახვა, ამიტომ ცალ-ცალკე ჯდება სხვადახვა დაჯგუფებებთან.

ის ცდილობს დაარწმუნოს დეპუტატები იმაში, რომ რაღაცნაირად პარტიულ დისციპლინას უნდა დაემორჩილონ. ანუ ის ძირითადი წუხილი, რაც ჩანს, არის პარტიული დისციპლინა. რაც ხშირად თვითონაც გაუჟღერებია და ვთქვათ ირაკლი კობახიძესაც, რომ შიგნით კი ბატონო ვიკამათოთ, მაგრამ გარეთ ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდეთო.

ამას თუ ვერ ახერხებს, ამაში ჩანს ის, რომ ის ვერ უვლის საკუთარ გუნდს და ის ცდილობს, რომ ამას მიაღწიოს. რაკი ერთიან შეკრებებზე ამას ვერ მიაღწია, ახლა ფიქრობს, რომ პატარ-პატარა შეხვედრებზე ეს გამოუვიდეს.

_ თუმცა, ერთ-ერთი ვერსია შესაძლოა ესეც ჰქონდეს, რომ თუ ვითარება გამწვავდა, მაშინ ვადამდელი არჩევნებიც განიხილოს?

_ პრინციპში შესაძლებელია. ჰიპოთეტურად შესაძლებელია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამის ნიშნებს ვერ ვხედავ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა