სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ისტორიას იხსენებს.
“9 აპრილის დილით მახსოვს მამაჩემის გინებამ გაგვაღვიძა მე და ჩემი და – რუსმა უჯიშოებმა ქალები დახოცეს რუსთაველზეო. მახსოვს დაძაბული სიჩუმე მთელ ჩვენ უზარმაზარ ეზოში. მერე პავლოვზე რუსი სამხედროების კოლონამ ჩამოიარა და ბავშვებმა ქვები დავუშინეთ. რუსები გადმოხტნენ და გამოგვეკიდნენ. რამდენიმე საათი ნახევარი ეზო სახურავზე ვიმალებოდით მაგარი შეშინებულები და თან ამაყები რომ რამდენიმე მანქანას ფარები ჩავუმტვრიეთ. საღამოს პავლოვზევე უზარმაზარი საპროტესტო კოლონა მოდიოდა, სიგნალებით, სამფეროვანი დროშებით. ბავშვები ხეებზე ვიყავით ამძვრალები და ჩვენ მიერ სახელდახელოდ დამზადებულ დროშებს ვიქნევდით. მეორე დღეს სიონთან მივედით. მახსოვს წარმოუდგენლად ბევრი ყვავილი და საოცარი, გამაოგნებელი ერთიანობა იყო. ყველა ერთმანეთს უსამძიმრებდა, ყველა ერთმანეთს ამხნევებდა. ამაყი გლოვა იყო რაღაცნაირი. უბრალოდ დღემდე ვერ ვხვდები 9 აპრილის გამაოგნებელი სოლიდარობის შემდეგ ასევე გამაოგნებელი სიშმაგით როგორ დავერიეთ სულ რაღაც 2 წელიწადში ერთმანეთს ჯერ რუსთაველზე, მერე სამეგრელოში? თუმცა დღეს 9 აპრილია და ყველას დიდება ვინც დაიღუპა და ვინც წინააღმდეგობას უწევდა რუს გარეწრებს იმ ღამეს ! ” – წერს ალექსანდრე ელისაშვილი.

