გედევან ფოფხაძე – “ოცნებას” კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს”

გედევან ფოფხაძე - "ოცნებას" კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს"“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გედევან, თქვენ, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნით. ეს სამეული ახალი პლატფორმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს ბრძოლას?
– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თუ რა კონფიგურაციით გავალთ, ამაზე დღეს საუბარი ნაადრევია. ცხადია, ჩვენი პოლიტიკური განაცხადი სწორედ არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლაა, ამ მიზანს ისახავს ჩვენი მოძრაობა. თუმცა, მანამდე შევეცდებით ამ პოლიტიკური პლატფორმით მაქსიმალურად მოვიზიდოთ ის ადამიანები, რომლებიც ხედავენ ქვეყანაში უსამართლობას. იმას, რომ შესრულებული არ არის ის დაპირებები, რომლებიც 2012 წელს გაიცა სწორედ სამართლიანობასთან დაკავშირებით.
საჭიროა სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების მობილიზება. მობილიზებულ, ორგანიზებულ ძალად რომ ჩამოვყალიბდეთ და წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე, ამისთვის დღის წესრიგში დადგა პოლიტიკური პარტიის ფორმირება.
– ვინ იქნებიან თქვენი მოკავშირეები? ვისთან ითანამშრომლებთ და ვისთან – არა?
– ჯერ მკვეთრ პოლიტიკურ ხაზებს არ ვავლებთ. ჯერ ჩვენ ხალხთან უნდა ვისაუბროთ. ჯერ უნდა ვიქცეთ იმ ძალად, რომელიც სჭირდება იმ ამომრჩეველს, რომელიც არჩევნებზე არ დადის. ეს ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობაა. ისინი არჩევნებში გამარჯვებას თავის გამარჯვებად არ თვლიან. მეტიც, უარს ამბობენ. არსებულ პოლიტიკურ სივრცეში ეს ადამიანები მოკავშირეებს ვერ ხედავენ. ჩვენ ვაპირებთ ვიქცეთ ამ ადამიანების მოკავშირეებად.
– ძალიან ბევრი ნადირობს ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩეველზე, რომლის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თქვენ რა შეთავაზება გექნებათ?
– თქვენ სწორად შენიშნეთ, მართლაც რომ ნადირობენ. ვინც ნადირობს ადამიანებზე, მათ არანაირი შანსი არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ამ ადამიანებს დავანახებთ, რომ ჩვენ გვინდა მათ ვემსახუროთ. მე და ეკა ძველი ადვოკატები ვართ. ადამიანი როგორ აკეთებს არჩევანს, მაგალითად, როდესაც ადვოკატს ირჩევს? ის ცდილობს, მონახოს ერთგული, მისი ინტერესების რეალური დამცველი, კვალიფიციური, პროფესიონალი, რომელსაც ენდობა.
თუ ამომრჩეველი და ხელისუფლება ერთმანეთს დაშორდება, ეს აჩენს ნიჰილიზმს, ეს აჩენს იმედგაცრუებას. ჩემი გამარჯვება მისი პირადი გამარჯვება თუ არ იქნება, ასეთი აღქმა თუ არ ექნება ამომრჩეველს, მაშინ არაფერს აზრი არ აქვს. ადამიანები მხოლოდ იმას დაინახავენ, რომ ვიღაცეები მილიონებს შოულობენ და მისთვის არაფერი არ იცვლება, რა თქმა უნდა, ეს ნიჰილიზმს გამოიწვევს. სწორედ ეს იწვევს ხელისუფლებისადმი, პოლიტიკოსებისადმი უნდობლობას.
– პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ მონახაზი ჯერ არ გაქვთ?
– უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთჯერადი აქტი არ არის, ამისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს. ვისაც აქვთ ასეთი მსოფლმხედველობა და რწმენა, ყველასთან უნდა შევძლოთ დალაპარაკება, საერთო ძალების გამონახვა, რადგან თუ გათითოკაცებულები ვიქნებით, უსამართლობა დაგვამარცხებს.
– ნაციონალური მოძრაობაც ამბობს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის. ნაციონალურ მოძრობასთანაც ითანამშრომლებთ?
– არა, არა. ვინ რას ამბობს, ეს მისი პირადი რიტორიკის საკითხია. თუ უსამართლობას ებრძვი, უსამართლობის შემოქმედი არ უნდა იყო. სასამართლო სისტემას ჩვენ რომ ვუპირისპირდებით, ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავება ის არის, რომ ისინი არ დაუპირისპირდებოდნენ ამ მოსამართლეებს, თუ ისევ მათთან იქნებოდნენ. თუ მათი ერთგულები დარჩებოდნენ. ახლა უპირისპირდებიან იმიტომ, რომ მათთან არ არიან. ეს განგვასხვავებს ჩვენ.
მე ვამბობ, რომ 2012 1 ოქტომბერს რისთვისაც ვიბრძოდი, ის არ შესრულდა და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მე ამ ბრძოლას ვერ გავაგრძელებ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მაშინ ვებრძოდი. ღირებულებების თვალსაზრისით ყველაფერი თავდაყირა არ უნდა დადგეს. როგორც მურუსიძე იყო დამნაშავე სააკაშვილის რეჟიმში, ისე იყო ის პოლიტიკური ძალა დამნაშავე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია. ნაციონალურ მოძრაობასთან სამართლიანობის დროში ქვეშ დადგომა, ვფიქრობ, სამართლიანობის იდეას სერიოზულად დააზარალებს.
დღეს ნაციონალური მოძრაობა და “ქართული ოცნება” არის ის ორი ძლა, რომელიც ერთმანეთს აძლიერებს და ერთმანეთის ენერგიით არსებობს.
– ბატონო გედევან, რატომ ვერ შეძელით იმ ადამიანებმა ერთად დადგომა, რომლებმაც “ქართული ოცნება” ცნობილი მოვლენების დროს დატოვეთ? როგორც ცნობილია, ეს ადამიანები ცალკე ქმნიან პარტიებს.
– ჯერ ერთი არ მგონია, რომ გაერთიანების პროცესი დასრულებულია. ცალკე პარტიას დააფუძნებ და შემდეგ გაერთიანდები, ეს არსებითი არ არის.
“ქართულ ოცნებაში” ინდივიდუალურობის ხარისხი მინიმუმი იყო. მაგალითად, ბექა ნაცვლიშვილი არის მემარცხენე. ჩვენი პარტია დეკლარირებული გვაქვს, როგორც ცენტრისტი, ამის გამო შეიძლება ძალიან ღირსეული დეპუტატი და კარგი ადამიანი ბექა ნაცვლიშვილი ჩვენთან ვერ შემოვიდეს, მაგრამ გარკვეულ, მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენს თანამშრომლობას წინ არაფერი უდგას.
– “ქართულ ოცნებას” კიდევ დატოვებენ თუ ეს პროცესი დასრულდა?
– არა, პროცესი არ დასრულებულა. “ოცნება” ძალიან ბევრმა წევრმა უნდა დატოვოს ისე მიდის ქვეყანაში პროცესები. “ოცნება” და რეალობა უკვე ძალიან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
– ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისკენჭისყრა იქნება ერთგვარი ლუსტრაცია. ეთანხმებით?
– რა თქმა უნდა, ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი პრინციპული საკითხი. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ სხვა საკითხებიც იყოს კრიტიკული.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა