გია ნოდია – „ვადამდელი არჩევნები კრიზისის აღიარება იქნება, რასაც ივანიშვილი არ დათანხმდება“

გია ნოდია - „ვადამდელი არჩევნები კრიზისის აღიარება იქნება, რასაც ივანიშვილი არ დათანხმდება“ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ალაპარაკდა. მან თქვა, რომ მინისტრის პოსტი საკუთარი ნებით არ დაუტოვებია და ის გადააყენეს. მიზეზად კი ქართულ ოცნებასთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. მანვე თქვა, რომ მას გარკვეული ობიექტების გადაცემას სთხოვდნენ, რაზეც უარით უპასუხა და ამან მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა გაამძაფრა. აღნიშნულის შესახებ ექს-მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ჯერ „შაბათის კურიერთან“, ხოლო შემდეგ „ფორბსის კვირასთან“ ისაუბრა.

რით შეიძლება აიხსნას ეს, არის თუ არა მმართველი გუნდის კრიზისის ერთ-ერთი ნიშანი, გაგრძელდება თუ არა კრიზისი და რამდენად აწყობს ბიძინა ივანიშვილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა? – აღნიშნულ საკითხებზე პოლიტოლოგი გია ნოდია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

_ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ალაპარაკდა. კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ გარკვეული ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. რა მოხდა გუნდში?

_ პირველ რიგში შეუთავსებლობა მოხდა. არ ვიცით, საიდან „მონახეს“ ქობულია, რადგან ის საქართველოში არ ცხოვრობდა. ძალიან მოკლე კომუნიკაცია ჰქონდათ მასთან, ვიდრე მას მინისტრად დანიშნავდნენ. როცა დანიშნეს, როგორც თვითონ ამბობს, აღმოჩნდა, რომ სხვა შეხედულებები ჰქონია და შეუთავსებადი ყოფილა ბიძინა ივანიშვილის გუნდთან. ეს ცხადია, რომ ასე მოხდა.

ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ პრობლემაა მათი ის, რომ არ არსებობს პოლიტიკური გუნდი. არსებობს მარტო ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებზე ან მის გარშემო რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებებზე აგებული საკადრო პოლიტიკა და მას უკან არ უდგას რაიმე კონცეფცია. ასეთ შემთხვევაში რაღაცები შეიძლება ადვილად მოხდეს.

_ ეს დაპირისპირება მხოლოდ განსხვავებულმა ხედვებმა გამოიწვია თუ კიდევ უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე?

_ ხედვები თავისთავად ღრმა საფუძველია, მაგრამ ამის გარდა თუ რაიმე პირადი უკმაყოფილებაც შეიქმნა, ანუ რაღაცნაირად ქობულიამ თქვა ან რაღაც ნაბიჯები გადადგა, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილს არ ესიამოვნა, ეს სავსებით შესაძლებელია მომხდარიყო. მაგრამ ამის შესახებ შეიძლება ჩვენ ვერ გავიგოთ.

_ ამის შესახებაც გაკეთდა გარკვეული მინიშნება და თქვა, რომ ვიღაცებისთვის ითხოვდნენ რაღაც კონკრეტული ობიექტების გადაცემას. ეს არ გიქმნით ამ განცდას?

_ რა თქმა უნდა. ალბათ რაღაც კონკრეტულ საკითხებში არ აღმოჩნდა საკმარისად კომფორტული მინისტრი ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს არის ძალიან ბუნებრივი ახსნა ამ კონფლიქტისა. შემდეგ არის ის საჯარო გამონათქვამები, რომელიც ჰქონდა ყოფილ მინისტრს.

_ ის ხედვა რამდენად სწორია, როდესაც ნიშნავენ მინისტრს და სექტემბრამდე აძლევენ დროს, მოაგვაროს წინა სამსახურში საქმეები და შემდეგ შეუდგეს სრული დატვირთვით მინისტრის საქმიანობას?

_ ეს პირად შეთანხმებაზეა დამოკიდებული. თუ ძალიან გიღირს ადამიანი. გასაგებია, რომ მას წინა სამსახურში რაღაც ვალდებულებები აქვს. აქედან გამომდინარე შესაძლოა, რომ რაღაც დრო მისცე. ეს დრო ვერ იქნება ბევრი. სჯობს, რომ თვითონ დანიშვნა გადადო ცოტა ხნით და როდესაც დანიშნავ, მერე სრულფასოვნად მუშაობდეს ის მინისტრი. თორემ, თავისთავად კომიკური გახდა ვითარებები, როდესაც მინისტრი დანიშნეს, ის პარლამენტმა დაამტკიცა და მერე ის მაშინვე სადღაც შვებულებაში წავიდა. ეს კომიკურია.

_ მთლიანად ”ქართული ოცნების” მარცხისა და კრიზისის ერთ-ერთ ნიშანზე მიანიშნებს ეს ფაქტიც?

_ უკვე იმხელა კრიზისია ”ქართულ ოცნებაში”, რომ კრიზისი გახდა ნორმა. აქ არ არის ის, რომ რაღაც დაუშავდა ”ქართულ ოცნებას”, როგორც სახელისუფლებო გუნდს. უბრალოდ, ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ეს მმართველობა საკმაოდ დისფუქნქციურია.

_გასაგებია, რომ ქობულიამ საკმარისი არ თქვა, მაგრამ ეს არის რაღაც დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი თუ კიდევ უფრო მეტი უნდა იცოდეს საზოგადოებამ?

_ საზოგადოებას და ჟურნალისტებს უფრო მეტი უნდათ, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ჯერ ასე ცოტა ხნით დანიშნეს მინისტრი, მერე გაუშვეს, მერე ამ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თავისით კი არ წავიდა, არამედ პრაქტიკულად სამსახურიდან მოხსნეს. ეს მიანიშნებს იმ უკმაყოფილებაზე, რაც მმართველი გუნდის შიგნით არის. თავისთავად ეს შეიძლება ყველგან მოხდეს ზოგადად, მაგრამ ისეთ გუნდში, სადაც პოლიტიკურ თანამდებობებზე ისეთ ადამიანებს ნიშნავენ, სადაც ელემენტარულად არ იცნობენ, ასეთი რამე არ უნდა მოხდეს. ელემენტარულად საკადრო პოლიტიკის პრინციპები აბსოლუტური ნაკლია.

მანამდეც ვიცოდით ეს, მაგრამ ეს კიდევ ერთი ინდიკატორი აღმოჩნდა ამის. მხედველობაში, რა თქმა უნდა, ქობულიას შემთხვევა მაქვს.

_ ისე თუ გახსენდებათ, რომ ბოლო პერიოდში რომელიმე თანამდებობის პირი წასულიყო პოსტიდან და თუნდაც ამ დოზით ეთქვა რამე?

_ უცბად ასეთი რამე ნამდვილად არ მახსენდება. თუმცა შეიძლება იყო.

_ გაგრძელდება თუ არა ეს კრიზისი ”ქართული ოცნების” ირგვლივ, რაც დღეს გვაქვს სახეზე?

_ არა მგონია, რომ ამ მხრივ რამე შეიცვალოს. იმიტომ, რომ არც უნარი ჩანს და არც მაინცდამაინც იმის სურვილს ვხედავ, რომ პრინციპულად რამე შეცვალონ მმართველობის სტილში. თუკი აქამდე კრიზისები და სკანდალები ახლდა ”ქართული ოცნების” მმართველობის სტილს და ეს გახშირდა, ბუნებრივია, მოლოდინია, რომ კიდევ რაღაც სიურპრიზები გველოდება.

_ ხმები გამოვიდა კულუარებიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. ეს თუ უშველის?

_ არა მგონია. მე არ მესმის, რატომ უნდა იყოს მის ინტერესებში ვადამდელი არჩევნები. გასაგებია, რომ მის საპარლამენტო გუნდში არის დეპუტატების რაღაც ოდენობა, რომელიც არ ემორჩილება ივანიშვილს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც უკავია მართვის სადავეები და მაინც გააქვს თავისი კანონმდებლობა. ანუ, ის, რაც მას სურს.

ვადამდელი არჩევნები ნიშნავს კრიზისის აღიარებას. არა მგონია, რომ ივანიშვილს ეს უნდოდეს.

_ ასე გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში არ შედის კრიზისის აღიარება და ის ამას არ გააკეთებს?

_ არა. მას არასდროს უთქვამს, რომ კრიზისია. მის ინტერესებში არ არის, რომ ეს თქვას. ვადამდელი არჩევნები ავტომატურად ამის აღიარებაა და ამიტომ ის ამას არ გააკეთებს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა